ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, პარლამენტი ორი მიმართულებით მუშაობს – ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შს სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს.
გიორგი გახარიას უწყების მიერი მომზადებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა–წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა–წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.
გიორგი გახარიას განცხადებით, ისეთი რეგულაციები წესდება, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება, მარიხუანას მოხმარება მაგალითად, რა პირობებში არის დასჯადი.
„აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით – ნომერი პირველი ამოცანა გახლდათ იმ ქაოსისა და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა. რომ შეხედოთ ბოლო თვეების განმავლობაში, ნარკოდანაშაულისა და ნარკომოხმარებისთვის საერთოდ არავინ არის დაკავებული. ამას ახლა ვცვლით“, – აცხადებს გიორგი გახარია.
შს მინისტრის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციის მიმართულებით მკაცრი და ეფექტიანი რეგულაციებია საჭირო. მინისტრი იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია უკვე არის ლეგალური.
„დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი და კიდევ ბევრი. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მოახდინა მარიხუანას მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია არამხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული, მაგალითად, კანადა, რომლის ძირითადი მიზანიც იყო ეკონომიკური ფაქტორები.
მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავარეგულიროთ მკაცრად და მკაცრი რეგულირების ფარგლებში, სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ საშუალებას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
თავის მხრივ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ კანაფის მოყვანა–წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემისა და დარეგულირების პრობლემა არ შეიქმნება. თუ რა შემოსავალი შეიძლება მოუტანოს მარიხუანას ექსპორტმა, მინისტრის განცხადებით ახლა რთულია კონკრეტულ ციფრებზე საუბარი.
„ჯერ გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელშიც უნდა დავრწმუნდეთ, მაგრამ ამას აქვს ეკონომიკური შინაარსი. შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება, როგორიც არის კანადა, ისრაელი და ა.შ. მათაც მიიღეს ანალოგიური კანონები და არ ვართ პირველები, არ ვიგონებთ რაღაცას. ეს უკვე გამოცდილია და გადმოვიღეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გიორგი გახარიას მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა უმრავლესობა ორად გაყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები, რომელსაც უმრავლესობა გეგმავს, პირველ რიგში, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას ემსახურება.
„ცვლილებები, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ემსახურება სამ მიზანს. მე პირდაპირ გეუბნებით როგორც პოლიტიკოსი, როგორც მოქალაქე და როგორც მამა. ჩემი მიზანი პირადად არის, რომ მივიღოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ახალი თაობის დაცვას ნარკოტიკების ზიანისგან. ეს უნდა იყოს უპირველესი ამოცანა, რომ არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები. მთელი რესურსი უნდა ჩაიდოს პრევენციაში და არა დევნაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის მეორე ნაწილი თვლის, რომ ინიციატივა არის ნაჩქარევი და შეიცავს რისკებს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მარიხუანის კულტივაციაში ამ ეტაპზე გარკვეულ რისკებს ხედავს და ინიციატივას ნაჩქარევს უწოდებს. ჯაში შიდა და გარე საფრთხეებზე საუბრობს, რომელშიც ოკუპაციის რეჟიმში არსებული რისკები იგულისხმა.
„ინიციატივა არის ნაჩქარევი, შეიცავს რისკებს არა მხოლოდ ჩრდილოვან ეკონომიკაში რეგულირების პირობებშიც, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების და ნედლეულის მოხვედრის თვალსაზრისით, ეს არის შიდა რისკი, ასევე გარე რისკი. თქვენი შეკითხვა ოკუპაციის რეჟიმში არსებულ რისკებთან დაკავშირებით, არის საკმაოდ ლოგიკური და გარე რისკებს შორის ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ დაშვებული კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, მათ განსაკუთრებით დაცული საკანონმდებლო ბაზა სჭირდებათ და ოკუპაციის რეჟიმში აღსრულების მექანიზმებთან დაკვირვებით რისკები რჩება“, – აცხადებს მარიამ ჯაში.
მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო ხელისუფლებას წმინდა სინოდის წევრები უპირისპირდებიან. მეუფე შიოს განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. მისი თქმით, ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგაიამ შესაძლებელად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე–16 მუხლის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნული განვითრების თავისუფლებას უკავშირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანის მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება“, – განაცხადა მეუფე შიომ.
გაცილებით მკაცრია ბოდბელი ეპისკოპოსისა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, რომლის განცხადებით, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა იქნება. მისი თქმით, კარგია, როცა ფიქრობ, რომ ბიუჯეტი შეავსო, მაგრამ სხვა გზა უნდა მოინახოს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ეკონომიკა.
„არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ, საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ყოველთვის დავდგებით სახელმწიფოს ძლიერებას, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას. სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ადამიანებზე ფიქრობდნენ თუ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ვხედავთ, ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა, იმ სამკუთხედს, რა ხდება სირიაში, კოლუმბიაში.
ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ, არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. სანამ მონასტერში წავიდოდი, გარეჯში ვიყავი უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცათ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოს მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?“, – აცხადებს მეუფე იაკობი.
საპატრიარქოს პასუხობს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, რომლის განცხადებით, ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კანონმდებლებმა უნდა მივიღონ გადაწყვეტილება სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და არა მხოლოდ ეკლესიის აზრით.
„ნარკოტიკული კომპონენტისგან უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი თავისუფალი იქნება, გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ წამლების წარმოებისთვის, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიყენებთ. თუ ამაში დავარწმუნებთ საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ეკლესიას, არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, საჯარო სივრცეა, ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ასეთ თემაზე, როგორიც არის ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არა მხოლოდ ეკლესიის აზრით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.