„გამოდის, არ გესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, მაგრამ პრეტენზია გაქვს მის მეთაურობაზე“?

„გამოდის, არ გესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, მაგრამ პრეტენზია გაქვს მის მეთაურობაზე“?

სალომე ზურაბიშვილისთვის ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულმა მხარდაჭერამ მის მიმართ ოპოზიციის ყურადღება გაამძაფრა - ისმის განცხადებები როგორც მისი კანდიდატურის რუსეთისთვის ხელსაყრელობის შესახებ და ეს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების მიმართ არჩეული პიარსტრატეგიის გაგრძელებაა. ასევე ხდება მისი განცხადებების შეფასება და სახარბიელო ქულებს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატი ვერც ამ მიმართულებით აგროვებს.

მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ზურაბიშვილის განცხადებები არა მხოლოდ მმართველ გუნდთან ასოცირდება, არამედ ქვეყნისთვის კარგ შედეგსაც არ მოიტანს და „ქართული ოცნებაც“ და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი კარგად უნდა დაფიქრდნენ, როდესაც რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ.

„მე კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ აღარ დარჩა ხელმოსაჭიდი, მივმართავ ორივეს - მმართველ პარტიასაც და მათ ფავორიტ კანდიდატსაც, კარგად დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ. კარგად დაფიქრდნენ, რა შეიძლება დაუჯდეს ამ ქვეყანას ამ ტიპის ლაპარაკიც კი“,- აცხადებს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია“.

სწორედ ამგვარ განცხადებებს გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ამტკიცებს, რომ ივანიშვიოლმა სალომე ზურაბიშვილს მხარი პუტინის საამებლად დაუჭირა, თუმცა ამგვარი განცხადებები ნაკლებად მუშაობს ქვეყნის შიგნით აუდიტორიაზე და ძირითადად, საგარეო მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული.

როგორც ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს თავი წარმოაჩინოს პროდასავლურ პოლუსად საქართველოში, ხოლო „ქართული ოცნება“ პრორუსულ ძალად, ეს დაიწყო 2011 წლიდან და დღემდე გრძელდება.

„მათ სურთ წარმოაჩინონ, რომ საქართველოში დღემდე ბრძოლა მიდის პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის“,- აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, ჭეშმარიტებისგან შორსაა, რომ ზურაბიშვილი პრორუსულ ძალას წარმოადგენს, მაგრამ ექსპერტი თვლის, რომ მას სხვა პრობლემები აქვს და საკმაოდ დამაფიქრებელი.

ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატის სერიოზულ ხარვეზად მიიჩნევს მისივე განცხადებებს, მაგალითად, როდესაც ამბობს, რომ „ქაჯების დასათხოვნად მოდის“ - ხუხაშვილს აინტერესებს, ვის დათხოვნას აპირებს, „ქართული ოცნების“, დანიშნული ჩინოვნიკების თუ ვინმე სხვას გულისხმობს...

„როგორც ჩანს, თვლის, რომ სიტყვა „ქაჯები“ მის სავიზიტო ბარათად იქცა და შეუძლია ნებისმიერ დროსა და ადგილას გამოიყენოს. გაცილებით სერიოზულია მის მიერ გაკეთებული განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მგონია, რომ ლოგიკური აზროვნების პრობლემა აქვს და ეს კიდევ არაერთხელ გამოჩნდება“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბიშვილის განცხადებების სახით უხვ მოსავალს მოიმკის და შეეცდება საგარეო ფაქტორებზე ყურადღების გადატანით ხელისუფლების მიმართ დასავლეთის ეჭვების გაძლიერებას, თუმცა გია ხუხაშვილი თვლის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებებს ისმენს რუსეთიც და თუ დასჭირდა, აუცილებლად გაიხსენებს.

„შეუძლებელია, ზურაბიშვილს ბევრ რამეში არ დაეთანხმო, იგივე, აგვისტოს ომის დროს მიმდინარე მოვლენების შეფასებებშიც, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარი სახელმწიფოებრივად გვაზიანებს. სხვადასხვა სასამართლოებში ჯერ კიდევ იხილება საქმეები, ქვეყნებს შორის არის სერიოზული პრობლემები და სამწუხაროდ, მისი ეს გამონათქვამები ამ სასამართლოებზე შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. რა საჭიროა ამაზე ჯიუტად და დაჟინებით საუბარი, გაუგებარია. თუ ილუზია აქვს, რომ რუსები გულწრფელობას დაუფასებენ ზურაბიშვილს და ამას ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა მოჰყვება, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უარესად ყოფილა საქმე ინტელექტთან დაკავშირებით. თუ პრეზიდენტი გახდა, რუსული მხარე ამ ყველაფერს მაგიდაზე დადებს. პოლიტიკა არ არის გულწრფელობა - პოლიტიკა სახელმწიფო ინტერესების გატარებაა. თუ სახელმწიფოს ზიანს აყენებს ამგვარი განცხადებები, გაუგებარია, რაში სჭირდება? გამოდის, რომ არ გესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, თუმცა პრეტენზია გაქვს მის მეთაურობაზე“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მიცემულ კოზირებს“, ექსპერტი, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ეს ყველაფერი პირობითია და სერიოზულ შეფასებებს არ საჭიროებს, რადგან იგივე წარმატებით შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ამტკიცოს, რომ პუტინის საამებლად წამოაყენა სააკაშვილმა ვაშაძის კანდიდატურა.

„დასავლეთს რაც შეეხება, ისიც არ არის ერთიანი და ახლა საქართველოში მიმდინარეობს ფორუმი, რომლის რეფრენია თავდაყირა მსოფლიო. ამიტომ უნდა გამოვყოთ რომელ დასავლეთზეა საუბარი. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო სექტორი ამას, რა თქმა უნდა, აიტაცებს და შეეცდება თავისი მოკავშირეების მეშვეობით აშშ-სა და „ევროპის სახალხო პარტიაში“ თემის ტირაჟირებას მიაღწიონ. რეალურად, დასავლეთს ის კი არ აინტერესებს, რა პოზიციები აქვს სალომე ზურაბიშვილს, არამედ სააკაშვილის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსის ამოცანაა, ერთი მხრივ, დღევანდელი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მარგინალიზაცია მოახდინოს, მეორე მხრივ, საზოგადოების ნაწილი გამოიყვანოს არჩევნების შემდეგ ქუჩაში იმ საბაბით, რომ არჩევნების გაყალბება მოხდა. ეს ყველაფერი დესტაბილიზაციისთვის სჭირდებათ, თუმცა საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დესტაბილიზაცია ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია და უკეთეს მომავალს ვერ შეგვიქმნის“, -აცხადებს ვაჟა ბერიძე.

როგორც ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, ოპოზიციურ ძალებს დესტაბილიზაცია იმისთვის სჭირდებათ, რომ რეალურად სხვა შანსი არ აქვთ, ამ, ან მომავალ არჩევნებში ხელშესახებ წარმატებას მიაღწიონ და ცდილობენ გარკვეული გარანტიები შეიქმნან.