„ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ“-ის საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ხელისუფლებას მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესზე ზეწოლას იყენებს. ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია.“ არხის მფლობელების თქმით, 51 – მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ტელევიზია უნდა დათმოს.
ამ იძულებითი ღონისძიებების გამო, ტელეკომპანია „იბერია“ რამდენიმე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თუმცა, არის კითხვა, რატომ და რა დამსახურებისთვის აგროვებს კონკრეტული კომპანია 51 მილ 717 ათას ლარს, ეს მაშინ, როდესაც სხვა მედიასაშუალებები ამ სახის პრივილეგიებით არ სარგებლობენ და 1 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ანგარიშებს მაშინვე ყადაღას ადებენ.
ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.
თუ როგორ და რა ფორმით ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანია იბერიაზე, ამის დასამტკიცებლად არხმა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერში საუბარი ტელეკომპანიას შეეხება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ლონდონში საადვოკატო კომპანიაშია დაბარებული.
„მთავრობა დაგიდგა გვერდში კეთილგანწყობით, წარმოებასთან, თქვენ კაცობასთან ყველაფერში, რა დავაშავეთ მითხარით... ყველა გამოდის „რუსთავი 2“ – ზე უარესიაო იბერიაო... ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია ასეთ ამბებშია.... მკიდია თქვენი „ომეგაც“და ყველაფერი... ეს პრობლემა მაქვს, გადამიწყვიტეთ“, – აცხადებს ლევან ყიფიანი და „იბერიას“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ახსენებს, რომ მას აქვს რამდენიმე ანგარიში, რომელიც მხოლოდ „ომეგა ჯგუფს“ არ ეკუთვნის.
ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით „იბერიას“ მიერ გაკეთებულ განცხადებას არ იზიარებს ფინანსთა მინისტრი და აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როდესაც მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად – სახელმწიფოს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება.
„საქართველოს ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და მე ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადებს თავი აირიდოს.
სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში. ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ გრაფიკი, თან ისეთი, როგორიც მათ მოითხოვეს, მაგრამ არც ერთხელ არ შეასრულეს. შესაბამისად, არანაირი კავშირი ამას მედიასთან არა აქვს, ეს არის სრული სპეკულაცია“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
თავის მხრივ იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ აუცილებელია ეს საკითხი საგადახადო სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს. თეა წულუკიანის განცხადებით, „ომეგა ჯგუფმა“ არსებული დავალიანება უნდა დაფაროს. როგორც მინისტრი ამბობს, შანტაჟის ენით საუბარი საგადასახადო დავალიანების დაფარვის ვალდებულებას ვერ მოხსნის.
„მე ვფიქრობ, რომ როდესაც რომელიმე კომპანიას აქვს 50 მილიონი და მეტი ლარის დავალიანება სახელმწიფოსადმი და აღმოჩნდება, რომ ეს კომპანია სხვა საქმიანობასთან ერთად მედია სფეროში საქმიანობს, ეს არ უნდა გახდეს ბერკეტი იმისი, რომ საგადასახადო დავალიანებას დააღწიოს თავი. ამიტომ, პირველ რიგში, დგას სამართლებრივი ურთიერთობები და ვერავითარ შანტაჟის ენაზე საუბარს და მანიპულირებას გამოხატვის უფლებით ვერ ექნებოდა გონივრული საფუძველი. შესაბამისად, აუცილებელია ეს საკითხი საგადახადო სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილე, ნატო ჩხეიძე უსაფუძვლოს უწოდებს ფინანსთა მინისტრის განცხადებას და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ახდენს და სწორედ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლით ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სცადა.
„სამარცხვინო ის არის, ბატონო ფინანსთა მინისტრო, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ გრაფიკებს დასტურს არ აძლევს ხელისუფლება და ამ დასტურისთვის ითხოვს ტელევიზიას და ქრთამს. თქვენი დღევანდელი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვა, - კონტრიბუციას და ეს ბატონო ფინანსთა მინისტრო, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალია“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
„ომეგა ჯგუფის“ ერთ–ერთი მფლობელის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ უმრავლესობაში. მმართველი გუნდი „იბერიას“ ხელმძღვანელობას შანტაჟში ადანაშაულებს. უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების, როგორც ღირებულებების ზურგს უკან.
„რაც არ მგონია სწორი იყოს, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად იცავს მედიის თავისუფლებას. რაც შეეხება დავალიანებას, ჩვენ ასევე საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც არ უნდა იყოს, ფლობს ის მედია საშუალებას თუ არ ფლობს, თუ მას აქვს დავალიანება მან ეს უნდა გადაიხადოს.
51 მილიონი ცოტა თანხა ნამდვილად არ არის, ის აუცილებლად უნდა მოხმარდეს ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის ეს იქნება პენსია, თავდაცვა, პოლიცია თუ ასე შემდეგ, ისე რომ ცალმხრივად დავტოვოთ საკითხი და 51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ, იმიტომ, რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება, ეს არასწორად მიმაჩნია“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.