„წარმატებული დღე!!! წარმატებულად დასრულდა...“

„წარმატებული დღე!!! წარმატებულად დასრულდა...“

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ის იქნება, რომ „ქართული ოცნება“ მათ შემომწირველებს მოუწოდებს, თანხები სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი ფონდისკენ მიმართონ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რომ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს, ამას ადასტურებს „საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშგების“ შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 1-ელი აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, ზურაბიშვილს შემოსავლების სახით მხოლოდ 40 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება ხარჯებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილს გაწეული აქვს 1740 ლარის ხარჯი, საიდანაც 400 ლარს ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის ხარჯი შეადგენს, 1300 ლარი კი ღონისძიებებზე გაწეული ხარჯია. 40 ლარს წარმოადგენს საბანკო მომსახურებაზე დახარჯული თანხა.

გარდა ფინანსურისა, ზურაბიშვილი მმართველი გუნდისგან ორგანიზაციული სახის მხარდაჭერასაც მიიღებს. უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ გუნდი მაქსიმალურად გამოიყენებს მათ ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს.

„პოლიტსაბჭომ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მოხდება კანონმდებლობის ფარგლებში. მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ, თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს.

გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ უნდა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა თუ მხარი დაეჭირა რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატურისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და საერთო პოზიციებს დავიცავთ. ვფიქრობ, კითხვა რატომ ვუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილს, არასწორია, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი? – კითხვის ასე დასმა უფრო სწორი იქნება. ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

უმრავლესობა ზურაბიშვილის გასამარჯვებლად ყველა რესურსის გამოყენებას აპირებს. ამის საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შეწყვიტონ ერთმანეთზე შეტევა და ერთიან კანდიდატზე შეჩერდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩეველს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ქვეყანაში ომის დაწყებაში.

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და არჩევნებში მისი კონკურენტის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ჩრდილი მიადგება.

„სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს მე არ ვიცი, იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს ქალბატონი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის იმისთანა ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას კი არა, ჩვენს რეპუტაციას მოსპობს მაგის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კონკურენტების კრიტიკას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი კომენტარის გარეშე ტოვებს. პრეზიდენტობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს: „წარმატებული დღე!!! წარმატებულად დასრულდა: ფეხბურთში გამარჯვებით და... სიების გადამოწმება წარმატებით დასრულდა. ცესკო გამოსცემს რეგისტრაციაზე განკარგულებას, ასევე, ხვალ იქნება ცნობილი, რა ნომრით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ანალიტიკოსების შეფასებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვება, ეს დამოკიდებული იქნება „ქართულ ოცნებაზე“, როგორი აქტიურობით ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში.

მათივე შეფასებით, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, მნიშვნელოვანია ორგანიზაციული მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის გადამწყვეტია.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი გავლენიანი პოლიტიკოსი შეიძლება იყოს, არ გააჩნია სტრუქტურა, რაც კანდიდატისთვის გადამწყვეტია გამარჯვების მოსაპოვებლად.

„ცხადია, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა ნიშნავს დიდი რესურსს, რაც ზრდის მის შანსებს. ამ მონაცემებით ზურაბიშვილი არის ყველაზე უფრო დიდი შანსების მქონე კანდიდატი. იმედი მაქვს, რომ პირველივე ტურში მოიგებს. მოიგებს იმიტომ, რომ მმართველი გუნდი უჭერს მხარს; მოიგებს იმიტომ, რომ მას აქვს რეიტინგი – ორივე ფაქტორი არის. ამ ფაქტორების ცალ–ცალკე არსებობის შემთხვევაში ვერ იქნებოდა წარმატებული კანდიდატი. მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე რასაკვირველია გაუჭირდებოდა გამარჯვება“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე შეფასებით, უკვე დასახელებული კანდიდატებიდან ყველაზე მეტად ზურაბიშვილი იმსახურებს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.

„იცით, ეს შესანიშნავად ახსნა ირაკლი კობახიძემ, როცა ისაუბრა მის წარმომავლობაზე, პოლიტიკურ გამოცდილებაზე, განათლებაზე და იმაზე, რომ მეტ–ნაკლებად დისტანცირებულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, რაც საქართველოში არსებობს, დამოუკიდებელია და პრინციპულია. შესაბამისად, იმსახურებს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იქნება ზეპარტიული. იქნება ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის. ახალი კონსტიტუციის პირობებში ეს იქნება საუკეთესო არჩევანი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე, ვიდრე არ გამოქვეყნებულა კანდიდატების რეიტინგი, ნაადრევია საუბარი იმაზე რამდენად შეძლებს ზურაბიშვილი პირველივე ტურში გამარჯვებას.

„მგონია, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ელოდა მმართველი გუნდის მხარდაჭერას და ეს არც დაუმალავს. სავსებით გასაგებია, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშე მას წარმატების შანსი ნაკლებად აქვს, იმიტომ, რომ მას პირადად არავითარი რესურსი არ გააჩნია.

ვიდრე არ გამოქვეყნებულა კანდიდატების რეიტინგები, არ გამართულა მათ შორის ტელედებატები და არ დავინახავთ რეალურ წინასაარჩევნო კამპანიას, მანამდე რთულია საუბარი იმაზე შეძლებს თუ არა პირველ ტურში გამარჯვებას.

ვნახოთ, ამ კამპანიის დროს ვინ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. მანამდე, ალბათ, გამოკითხვის შედეგებიც გამოჩნდება, ვნახავთ და გავაანალიზებთ საზოგადოების დამოკიდებულებასაც და ამისთვის არსებობს სოციალური ქსელები, ინტერნეტ გამოკითხვები და ყველაფერ ამის საფუძველზე შეიძლება ვარაუდის გაკეთება – იქნება თუ არა მეორე ტური“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს განცხადებით, საკმარისი იქნება თუ არა მმართველი გუნდის მხარდაჭერა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და მათ შორის თვითონ ზურაბიშვილზეც.

„მაგრამ ის, რომ გამარჯვების ასეთი წინაპირობა არც ერთ სხვა კანდიდატს არ აქვს, ეს ფაქტია. არც ერთ სხვა კანდიდატს არ ჰყავს ასეთი მძლავრი მხარდამჭერი, როგორც ზურაბიშვილს, მძლავრი როგორც ორგანიზაციული სტრუქტურებით, ასევე ფინანსური და, რაც მთავარია, იმ რეიტინგით რასაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ჰქვია“, – ამბობს საყვარელიძე.

მისი თქმით, რამდენად გაიზიარებს ამომრჩეველი ზურაბიშვილის მხარდაჭერას, სწორედ აქ ჩნდება სირთულეები.

„ზურაბიშვილს სჩვევია არადიპლომატიური განცხადებები, პირდაპირობა. არადიპლომატიურში ვგულისხმობ შიდა პოლიტიკას, თორემ დილომატიურ მაგიდასთან, როგორც ჩანს, შესანიშნავად მუშაობს, არ არის პოპულისტი.

მოგეხსენებათ, ხალხი უფრო პოპულისტს უჭერს მხარს, ვიდრე პირდაპირობას და გულწრფელობას. ასე რომ, მხარდაჭერის პროცესში რაღაც სირთულეებს ველოდები, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამას ეჭვქვეშ არ ვაყენებ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.