საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის ვადა ამოიწურა. მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. დიდი ალბათობით, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე რომელსაც 9 სექტემბერს გაიმართება და რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, იმსჯელებს რომელ კანდიდატს გამოუცხადებს მხარდაჭერას საპრეზიდენტო არჩევნებში.
არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ღიად არ დააფიქსირებს, რომ არჩევანს დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთებს. მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებს მათთვის სასურველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. გარდა ამისა, უმრავლესობაში არ გამორიცხავენ მეორე ტურის ჩატარების ალბათობას.
ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარტია მოქმედებს იმ გეგმის თანახმად, რაც დასახა. ჩუგოშვილი თავს იკავებს იმ კონკრეტული გვარის დასახელებისგან, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერს. ასევე არ აზუსტებს, გუნდის წევრების რა ნაწილი უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს. რაც შეეხება, დამოუკიდებელი კანდიდატისთვის კანონით გათვალისწინებულ მხარდაჭერას, მათ შორის, ფინანსურს, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება.
„პოლიტსაბჭოს სხდომაზე ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. როგორც იცით, პოზიციები იყო სხვადასხვაგვარი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ პოლტიკური საბჭოს შეხვედრაზე გადავწყვეტთ რა ფორმით ვერთვებით საარჩევო კამპანიაში. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც ამოიწურება კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და, როდესაც ვნახავთ ვინ არის დარეგისტრირებული, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც გვქონდა დაგეგმილი იმ გეგმას მივყვებით“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მმართველ პარტიას მიმართავს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი და მოუწოდებს მორჩნენ ამ საკმაოდ მდარე ხარისხით შესრულებულ სპექტაკლს, რაც, მისი თქმით, არ ეკადრება ქვეყანას და დაასახელონ თავისი კანდიდატი. როგორც უსუფაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მმართველ პარტიას 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არანაირი სტრატეგია არ გააჩნია.
„მმართველი პარტიის სტრატეგია როგორ შევაფასო, როცა სტრატეგია არ აქვთ, ხედავთ სტრატეგიის ნასახს ამ არჩევნებში? თუ უნდათ ვითომ სახელმწიფოს მშენებლობა გააგრძელონ, რომ კვლავ, ვითომ, დამოუკიდებელი, ვითომ პრეზიდენტი გვყავდეს, ეს არ არის სტრატეგია. ეს არის ცუდი საქმის კეთება. მივმართავ მმართველ პარტიას, ერთი დღე კიდევ დარჩათ, მორჩნენ ამ საკმაოდ მდარე ხარისხით შესრულებულ და ისეთ რამეს, რაც არ ეკადრება ქვეყანას – ეს სპექტაკლი. დაასახელონ თავისი კანდიდატი, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით. ერთი დღე კიდევ აქვთ დარჩენილი, გადადგან ნაბიჯი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მმართველ გუნდს საარჩევნო კამპანიაში ჩართვასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა, ან არ იზრუნვა სხვა კანდიდატზე და პროცესები დინებაზე მიუშვა, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საპრეზიდენტო სავარძელში „ნაციონალური მოძრაობა“ ვიხილოთ.
„ყველაფერი თვლით არის და გადავითვალოთ. ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ „ქართული ოცნება“ გახდება პასიური, ვერ მოიზიდა თავისი ამომრჩეველი, ასეთ შემთხვევაში ვინ აღმოჩნდება მოგებული? რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან იგი თავის ამომრჩეველს ნამდვილად მოიზიდავს, ჯარისკაცებივით კარგად ორგანიზებული არიან.
ის, რომ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების ალბათობა შენარჩუნდა, ეს არის ამ ხელისუფლების პასიურობის ერთ–ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულება. ანუ, შენარჩუნდა ის, რაც მათ არ აწყობს.
„ნაცმოძრაობის“ ავკარგი რომ შეფასებულიყო, ეს სიტუაცია არ იქნებოდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობა“ მორიდებული და ბუჩქებში ჩამჯდარი იყო, მაგრამ როცა ნახეს, რომ ყველაფერი გასდით, მერე ხმას აუწიეს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
შესაბამისად პოლიტოლოგი თვლის, რომ დროა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს და არა პარლამენტი, რომელიც მოსახლეობის ნდობით არ სარგებლობს. საყვარელიძის შეფასებით, თუნდაც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს მმართველი გუნდისთვის.
„ნდობის პრობლემა არის, მაგრამ არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია, ყველა რესურსით გამოჩნდეს, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია ამ არჩევნებით. ასეთ შემთხვევაში მისი გულშემატკივარი ხმას მისცემს იმ კანდიდატს, ვის უკანაც იგულებს, რომ არის „ქართული ოცნება“. საკუთარი გულშემატკივრების ასე ქუჩაში მიშვებით, „ქართული ოცნება“ შეიძლება ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდეს, აუცილებელია გამოჩნდნენ როგორც დაინტერესებული მხარე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ პასიურობამ შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების შანსი მისცეს. როგორც ძაბირაძე ამბობს, თუ გამოიკვეთა, რომ მეორე ტურში გასვლის შანსს ინარჩუნებს დავით ბაქრაძე და გრიგილ ვაშაძე, ასეთ შემთხვევაში მმართველი გუნდი მოქმედების რეჟიმზე გადავა.
„ასეთი ტენდენციის გამოკვეთის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ რაღაცა ნაბიჯებს გადადგამს. არ არის გამორცხული, რომ პირველივე ტურში მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარანტირებული აქვს მეორე ტური. იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ რეალურად გამოეთიშება ამ არჩევნებს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებს მათთვის სასურველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ხმები გადანაწილება ორ კანდიდატს დავით უსუფაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ბაქრაძესა და ვაშაძეს არასოდეს დაუჭერს მხარს, მხარს არ დაუჭერს არც ის ამომრჩეველი, რომელიც წავიდა პარტიიდან. შესაძლოა ის „ოცნების“ ოპოზიცია გახდა, მაგრამ ოპოზიციაშია „ნაცმოძრაობასთანაც“. აი, ასეთი ტიპის ამომრჩეველიც ამ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანს. ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით, ეს ამომრჩეველი მხარს დავით უსუფაშვილს დაუჭერს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.