ქართულ პოლიტიკურ, თუ მედია ველზე საინტერესო პროცესები ვითარდება - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთის ყოფილი მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში 4 მილიონიან ინვესტიციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია განახორციელებს, რომელიც საქართველოსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეა.
ნიკოლოზ ნაყოფიამ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-ანი წილი ძმებ ყარამანიშვილებისგან შეიძინა, რომლებიც „ტელეკომპანია საქართველოს“ 100%–იანი წილს ფლობდნენ. პირობა ასეთია – ნაყოფიამ „რუსთავი 2“–ის კაპიტალში დათქმულ ვადაში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყარამანიშილებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება. ყარამანიშვილებსა და ნაყოფიას შორის ეს ხელშეკრულება 9 აგვისტოს გაფორმდა, საჯარო რეესტრში კი 10 აგვისტოს დარეგისტრირდა.
ბიზნესმენი და მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია პარტიის ორად გაყოფის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა. საგულისხმოა, რომ კობა ნაყოფიას სახელი მიხეილ სააკაშვილის ხაზინადარის როლთან ასოცირდება. მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომზე შექმნილი ფილმის, ასევე, ცნობილი მსახიობის, შერონ სტოუნის საქართველოში სტუმრობის დაფინანსება.
როგორც ჩანს, ტრადიციას არც დეპუტატის შვილი ღალატობს. „2020NEWS“-ის ინფორმაციით, მან 500 000 დოლარი უკვე შეიტანა ტელევიზიის ანგარიშზე, დანარჩენ 3,5 მილიონ დოლარს კი წლის განმავლობაში შეიტანს.
კობა ნაყოფია მედიასთან საუბრისას ამბობს: „ნიკამ დამოუკიდბლად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ალბათ, თვითონ განმარტავს თავის დროზე, თუ რამე გეგმები ექნება“.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „საქართველო“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის 51% პროცენტიან წილს ფლობს. კერძოდ, „რუსთავი 2“ –ის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 22%; გიორგი ყარამანიშვილი – 18%; ნინო ნიჟარაძე – 9%; „ტელეკომპანია საქართველო“ – 51%.
ტელეკომპანია „საქართველოს“ მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 25%; გიორგი ყარამანიშვილი – 25%; ნიკოლოზ ნაყოფია – 50%.
ტელეკომპნია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“– ში 4 მილიონის ინვესტიციას რუსეთის მოქალე დებს. for.ge–სთან საუბრისას ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანია „საქართველოსთან“ არ აქვს შემხებლობა და შესაბამისად, არ იცის რა გარიგებები იდება.
„ნაყოფია რუსეთის მოქალაქეა? ეს მე არც ვიცი. მე ეს დისკომფორტს არ მიქმნის, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. „რუსთავი 2“ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორი ვარ მე. მე მაქვს კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე, რომლის მოშლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თავის დროზე, კონტრაქტი დავდე ამ ფორმით იმიტომ, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა შეუძლებელი ყოფილიყო ჩემი იგნორირებით. ორმაგი მოქალაქე კი არა, პუტინი რომ გახდეს „ტელეკომპანია საქართველოს“ დამფუძნებელი, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ნიკა გვარამია.
როგორც ცნობილია ქართულ სასამართლოებში „რუსთავი 2“– ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული დავა ქიბარ ხალვაშმა მოიგო და წილის 100%-ც მისი საკუთრება გახდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის ადამინის უფლებათა სასამართოლომ შეაჩერა და ახლა ამ საქმეზე თვითონ მსჯელობს.
გარდა ამისა, „რუსთავი 2“–ის წილებზე პრეტენზია აქვთ არხის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რომლებმაც, თავის დროზე, პროკურატურაშიც შეიტანეს საჩივარი.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას გაცხადებით, ნაყოფიას მიერ ტელეკომპანია „საქართველოს“ 50%–ის შეძენით, „რუსთავი 2“-ში წილთა თანაფარდობა არ შეცვლილა, ვინაიდან არსებობს სასამართლო განჩინება, დაყადაღებულია წილები და შეუძლებელია მათი გასხვისება.
„თავისთავად, „ტელეკომპანია საქართველოში“ ვინ იქნება მეპატრონე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლომ „ტელეკომპანია საქართველოს“ კუთვნილი წილი „რუსთვი 2“–ში მიაკუთვნა ხალვაშს და მის კომპანიას. ეს ბოლო შეთანხმება კი, უშუალოდ, ნაყოფიასა და ყარამანიშვილებს შორის შედგა და სამართლებრივი შედეგები ამ სუბიექტებს შორის დადგება. მე არ ვფიქრობ, რომ იმ ხელშეკრულებით, რაც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რაიმე საფრთხე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და მის ქონებას შეექმნება, რადგან მისი ქონებაც ასევე დაყადაღებულია და მის პარტნიორებს ქონების განკარგვის უფლება არ აქვთ. ამ კუთხითაც ჩვენს მხარეს სანერვიული არაფერი აქვს. მას შემდეგ, რაც პროცესები დასრულდება სტრასბურგის სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება ყველაფერი, ვერც ვერაფერი მოთხოვნა ვერ ექნება „ტელეკომპანია „საქართველოს“ და მის პარტნიორებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა სალიამ.
დაბოლოს, რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, არხის მფლობელების სკანდალური ცვლილება მისთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის უცვლელი რჩებოდა განცდა - სხვადასხვა გვარების მიუხედავად, „რუსთავი2“-ის მფლობელად ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი მოიაზრებოდა.