საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, ძალიან ძნელია იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, გიორგი მარგველაშვილიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მაშინ გაახმოვანებს, როცა თავად საჭიროდ ჩათვლის.
მოქმედ პრეზიდენტს არ მოსწონს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, როდესაც უარს ამბობს პარტიულ კანდიდატზე და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს. ამბობს, რომ თავადაც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მაგრამ „ოცნებამ“ მას შემდეგ გარიყა, რაც პარტიული დავალების შესრულებაზე უარი თქვა.
მარგველაშვილის განცხადებით, დღეს არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვისაც კი ძნელია გადაწყვეტილების მიღება, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რაც პრეზიდენტს ემორჩილებოდა, ხელისუფლებამ შეარყია. პრეზიდენტის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უნდა განმარტონ, თუ რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი.
„მეც დამოუკიებელი კანდიდატი ვიყავი და ეს ახალი ფორმატი არ არის. როცა საუბარია, რომ იქნება არა პარტიული კანდიდატი, რომელსაც თურმე მმართველი პარტია დაუჭერს მხარს, რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის? როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი, ზუსტად ასე არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად, იმ კანდიდატმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს ერთ კითხვას - 5 წლის განმავლობაში მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ თურმე ჩემს გვერდით იდგა არჩევნებში და აქედან გამომდინარე, ყველაფერზე ხელი უნდა მომეწერა, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი?! თითქოს ახალი ფორმატია უპარტიო კანდიდატთან დაკავშირებით, მაგრამ, აბა, მე ვინ ვიყავი? ასე რომ, ეს ჩავთვალოთ წინასაარჩევნო კურიოზად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
იმას, რასაც საქართველოს პრეზიდენტი წინასაარჩევნო კურიოზს უწოდებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის დეპუტატს აკაკი ზოიძეს ძალიან მოსწონს ქალი პრეზიდენტის იდეა, თუმცა ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში გაფართოებულ ფორმატში დისკუსია არ ყოფილა.
„მე, პირადად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის არგუმენტაციას, ძალიან მომწონს ქალი პრეზიდენტის იდეა, ოღონდ საუბარია ზოგადად ამ თემაზე. ბიძინა ივანიშვილის არგუმენტაცია ჩემთვის დამოუკიდებელ კანდიდატთან დაკავშირებით მისაღებია, რომ იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტზე ჩვენ საკმაოდ დიდი ზეგავლენა გვაქვს, ჯანსაღი კონკურენციის, სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ განვითარებისთვის შეიძლება სწორედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საპრეზიდენტო კანდიდატი და ამ ინსტიტუტში ისეთი გადაწყვეტილების მიღება იყოს კარგი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული არ იქნება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
არსებული ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება და არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, პარლამენტის წევრს, სალომე ზურაბიშვილის დაუჭერს. პარტია გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გაახმაურებს. უმრავლესობა ზურაბიშვილის წარმატებაში დარწმუნებულია, თუმცა განსხვავებულია ანალიტიკოსების პროგნოზი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა დიდი ხანია უნდა. ექსპერტი იხსენებს, რომ ამ პოსტის დაკავებაში დახმარების თხოვნით მას ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, ის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ იქნება და საპრეზიდენტო მარათონში ოპოზიციას გამარჯვების შანსი მიეცემა.
„სრული ფარსია „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია „ქართული ოცნების“ აქტივისტად იქცა. საინტერესოა, რა ფინანსური სქემით მიიღებს ის ამ ყველაფერში მონაწილეობას. ასე რომ, მხიარული ცხოვრებით ცხოვრება გველის წინ, თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ძალიან სასაცილო ფენომენი იქნება თვითონ „ქართული ოცნებისთვის“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე იზიარებს ხუხაშვილის პოზიციას და აცხადებს, რომ თუ პარტია მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, ამომრჩეველს მოუწოდებს ამ კანდიდატის მხარდაჭერას, ეს ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ხელისუფლების კანდიდატია.
„აუცილებლად პარტიის წევრი უნდა იყოს? ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პარტიის წევრიც რომც იყოს, პრეზიდენტი რომ გახდება, უარი უნდა თქვას პარტიის წევრობაზე. რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტობამდე იქნება პარტიის წევრი თუ არა. ამიტომ, ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი ვერაფრით ვერ იქნება.
რაც შეეხება მარგველაშვილს, ვერავინ ვერ იტყვის, რომ მარგველაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. იყო საკითხები, რომელსაც ვეტო დაადო, რომელზეც სხვა შეხედულება მქონდა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ მე ვიყავი მართალი და მარგველაშვილი მტყუანი. მარგველაშვილი მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას კანონმდებლობით ჰქონდა განსაზღვრული. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ შემთხვევაში იყო უფრო რბილი, ვიდრე კონსტიტუცია ამის საშუალებას აძლევდა. მარგველაშვილი იყო დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა ვერ აპატია „ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
სალომე ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრობის მძიმე პერიოდს სოციალური ქსელით ახსენებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე:
„მე უნდა ვაღიარო, რომ სალომე ზურაბიშვილმა თითქმის შეძლო შეუძლებელი – ლამის დაანგრია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო 2003 და 2012 წლებშიც კი გადაურჩა წმენდასა და რეპრესიებს, მაგრამ სალომემ... მის რეპრესიებს შეეწირა ერთ–ერთი საუკეთესო ქართველი დიპლომატი გიგა ბურდული.
ბოლოს, ბატონ გიგას სულ ერთი სამსახური ჰქონდა – ჯიპაში, ჩემთან კითხულობდა ლექციებს, მაგრამ ცხადია, აქტიურ დიპლომატიაში დაბრუნებაზე ოცნებობდა, რაც არ ეღირსა – ჯავრისგან გული გაუსკდა. არ დამავიწყდება როცა სალომე მოხსნეს, ერთი მეგობარი ქვეყნის ელჩმა მითხრა – „we were so happy, we were embracing each other“, –წერს თორნიკე შარაშენიძე.