პრეზიდენტობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია დაიწყეს, მაგრამ არ იციან თარიღი, როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდი და ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს თარიღის დასახელებისკენ მოუწოდებს, მაგრამ პრეზიდენტი არ ჩქარობს. მარგველაშვილის მხრიდან თარიღის დასახელების გაჭიანურებაზე, საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც.
საარჩევნო თარიღის დასახელება ნიშნავს იმას, რომ კანონით არსებული გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთვის ქვეყანაში შესაბამისი გარემოც შეიქმნება. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის არჩევნების თარიღს 1 აგვისტოს გამოაცხადებს და აქვე იტყვის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ - მარგველაშვილი საარჩევნო მარათონს გამოეთიშება და მხარს „შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს დაუჭერს, რომელიც განცხადებას უკვე ხვალ 31 ივლისს გააკეთებს.
„ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო გეგმების შესახებ ყურადღებით მოუსმინეთ ყველას, მაგრამ დამიჯერეთ მხოლოდ მე, მე კი, როგორც დაგპირდით, პირველ აგვისტომდე გაცნობებთ გადაწყვეტილებას“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით უსუფაშვილი.
საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია მმართველ გუნდს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ის საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს პერიოდში იქნება. მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში შეიკრიბება, სადაც იმსჯელებენ რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს არჩევნების თარიღი დროულად დაასახელოს, რადგან, მისი თქმით, პარტია დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაასახელებს პრეზიდენტი თარიღს.
„საპარლამენტო არჩევნებზე 6 თვით ადრე დაასახელა პრეზიდენტმა თარიღი და რა გავლენა მოახდინა ამან საარჩევნო პროცესზე კარგად გვახსოვს, ძალიან გააძვირა წინასაარჩევნო გარემო. არგუმენტაცია კი პრეზიდენტის მხრიდან იყო ის, რომ პარტიებს დიდი დრო უნდა ჰქოდეთ რათა კარგად მოემზადონ არჩევნებისთვისო.
როდესაც საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, რატომღაც ამ მხრივ არ ხდება დროული გადაწყვეტილების მიღება. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება რათა ქვეყანამ, კონკრეტულმა პარტიებმა, ჩვენმა მეგობრებმა ევროპიდან და ამერიკიდან დროულად გაიგონ როდის იქნება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძეს შეფასებით, პრეზიდენტის მიერ თარიღის დასახელების გაჭიანურება, საარჩევნო სუბიექტებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაში ხელს უშლის. კახიძის თქმით, პრეზიდენტი საკუთარ განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან აქამდე მარგველაშვილი აცხადებდა, რომ განჭვრეტადობა და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა მნიშვნელოვანი იყო.
„პრეზიდენტი თავად აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო განჭვრეტადობა, მნიშვნელოვანი იყო კამპანიის დაგეგმვა და ამას ეწინააღმდეგება მისი მხრიდან თარიღის განუსაზღვრელობა, შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს, რომ გაიგოს, როდის არის არჩევნები. ასევე, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, კონკრეტული თარიღი იმისთვის, რომ დაიგეგმოს ყველა შესაბამისი ღონისძიება“, – აცხადებს ოთარ კახიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მარგველაშვილი, რომელმაც რატომღაც ახლა გადაწყვიტა არჩევნების თარიღის არგამოცხადება, მითითებას ელოდება „ქართული ოცნების“ შტაბიდან, როდის უნდა გამოაცხადოს ეს თარიღი და რომელი თარიღი უნდა გამოაცხადოს.
„ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რადგან იციან, რომ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს ამომრჩეველი ხმას არ მისცემს. გამოძერწავენ რაიმე ფიტულს, შუბლზე დააკრავენ – „დამოუკიდებელი“ და გამოუშვებენ კლოუნს, რომ მასზე დაიხარჯოს ფული და ადმინისტრაციული რესურსი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.