“ურთიერთობები, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყალიბდება, ჩვენ სავსებით გვაწყობს”

“ურთიერთობები, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყალიბდება, ჩვენ სავსებით გვაწყობს”

[კობა ბენდელიანი, ინტერპრესნიუსი]
ბატონო სერგეი, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორ შეაფასებდით აფხაზეთში არსებულ ვითარებას დამოუკიდებლობის აღიარების ორი წლის თავზე?
- აშკარაა, რომ ახლა სულ სხვაგვარი ვითარებაა. საზოგადოებამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციასა და ომის მოლოდინში ცხოვრობდა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების გარანტია მიიღო. დამოუკიდებლობის აღდგენის ორი წლის შემდეგ საზოგადოებამ სტაბილურობის დაიჯერა და აფხაზეთში სამეწარმეო საქმიანობა გააქტიურდა.

შეცვლილმა ვითარებამ გზა გაუხსნა არაერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებას. ერთი სიტყვით, აფხაზეთს, რომელმაც ყოველგვარი მუქარები და სანქციები გადაიტანა, განვითარების შანსი მიეცა, და ჩვენ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ.

თქვენ ყურადღებას ამახვილებთ რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების პლუსებზე. მინუსებს ვერ ამჩნევთ, თუ არ გსურთ იმაზე საუბარი, რაზეც აფხაზურ საზოგადოებაში ხშირად დაუფარავად საუბრობენ? მხედველობაში მაქვს აფხაზეთში რუსული კაპიტალისა და აფხაზეთში ცხოვრების მსურველი მოქალაქეების მოძალება...
- ყველა საქმეს თან ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ფაქტორები. რუსეთისთვისაც, რომელმაც აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ამგვარი არჩევანის გაკეთება უბრალო გადაწყვეტილება არ იყო. ამიტომ, შეფასებისას ყოველთვის გასათვალისწინებელია, თუ რა პრევალირებს - სარგებელი თუ საფრთხე. არჩევანის სისწორე პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობაზეა დამოკიდებული.

ჩვენს შემთხვევაში სარგებელი სახეზეა – მივიღეთ ის, რაც პროგრესის მიღწევისთვისაც ძირითადია – ნაციონალური უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარების საშუალება. აფხაზეთი უფრო მიმზიდველი გახდა, რის გამოც გაიზარდა აფხაზეთში ცხოვრებისა და მუშაობის მსურველთა რაოდენობა. სხვათა შორის, მათ შორის არიან არა მარტო რუსეთის, არამედ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებიც.

ამიტომ, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ კატეგორიის ადამიანთა მხრიდან თავის დაცვის მექანიზმების შექმნაზე. მაგალითად, აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭიროა 10 წლის განმავლობაში რთული პროცედურების გავლა. აფხაზეთში ქონების შეძენა კი მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშია შესაძლებელი. აფხაზეთში მიწა და სხვა ბევრი რამ არ იყიდება. რაც შეეხება აფხაზეთში საზღვარგარეთიდან კაპიტალის შემოდინებას, ჩვენ კაპიტალის მოზიდვაში სწორედაც რომ დაინტერესებული ვართ.

შეგიძლიათ დააზუსტოთ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთში საცხოვრებლად ჩამოვიდნენ? ან ის მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლის აშენებაც აფხაზეთში რუსული კაპიტალით იგეგმება?
- იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღეს, არც ისე დიდია. საცხოვრებლად გაცილებით მეტი ჩამოვიდა, მაგრამ ისინი მარტო რუსეთის მოქალაქეები არ არიან, ჩამოსულთა შორის რუსეთის მოქალაქეები უმრავლესობას არ შეადგენენ.

რუსეთში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ანა ნემცოვა აფხაზეთს შპიონების რესპუბლიკას უწოდებს. იმავე სტატიაში საუბარია რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის შემაშფოთებელ მასშტაბებზე. თქვენი შეფასებით, რამდენად შეესაბამება სტატიაში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს და მართლაც გადაიქცა თუ არა აფხაზეთი რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების რივიერად?
- ამგვარი მტკიცება სიმართლეს სრულებით არ შეესაბამება.

იმავე სტატიაში საუბარია იმაზე, რომ პუტინს ბიჭვინთაში ახალი კომპლექსისა და პრაქტიკულად ახალი ქალაქის აშენება სურს, რომლის მასშტაბით გაგრა-ბიჭვინთის არქიტექტორი თამარა ლაკრბა გაოგნებულია. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს? და კიდევ, რამდენად სამართლიანია მტკიცება, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა იმიტომ აღიარა, რომ შემდეგ თავისი შეხედულებით განეკარგა აფხაზეთის საკურორტო ინფრასტრუქტურა?
- ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი აფხაზეთში გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობის და ამგვარ პროექტებს ვიხილავთ კიდეც. რაზეც თქვენ საუბრობთ, სიმართლეს არ შესაბამება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სურს აფხაზეთი წარმოაჩინოს, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, რომელიც მოსკოვიდან იმართება. ამგვარი ახალი ტაქტიკის აზრი ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ ეს სულაც არ უწყობს ხელს საქართველოსადმი ნდობის აღდგენას.

ეს კურსი ისეთივე ირაციონალურია, როგორც აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული წინა პოლიტიკა. ასევე, მინდა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ყველა უწყებაში ამერიკელი მრჩევლები სხედან, აფხაზეთის ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელობს რა ხალხის ნებით, ყველა საკითხში გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ოკეანისგაღმიდან არ ვიმართებით.

რუსულ და აფხაზურ პრესაში დიდი ხმაური მოჰყვა რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების დაბრუნების საკითხს. როგორია ოფიციალური სოხუმის პოზიცია ეროვნებით ქართველი რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით? და კიდევ, როგორია აფხაზური ხელისუფლების პოზიცია აფხაზეთიდან დევნილთა მიერ აფხაზეთში დარჩენილი უძრავის ქონების დაბრუნების საკითხში?
- ვიდრე ქართული პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა აფხაზეთისადმი საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიებია, ჩემი აზრით, ჩვენს საზოგადოებებს შორის დათბობის მოლოდინი არარეალისტურია. მოგვიწევს ამ თემის მომავალი თაობებისთვის დატოვება.

აფხაზმა ვეტერანებმა ბაღაფშისგან მოითხოვეს, რომ რუსეთმა აფხაზეთის სამართალდამცავებს სამხედრო დამნაშავეები გადასცეს. აფხაზი ვეტერანები რუსეთში მცხოვრები საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრ თენგიზ კიტოვანისა და რუსეთში მცხოვრები იმ ქართველი მოქალაქეების სოხუმისთვის გადაცემას ითხოვენ, რომლებსაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას სამხედრო დანაშაული აქვთ ჩადენილი. აპირებს თუ არა სოხუმის ხელისუფლება ამ საკითხის მოსკოვის წინაშე დაყენებას?
- ჩვენს მთავრობას ამგვარი გეგმები არ აქვს. ამის განსჯა უფლის სასამართლოს მივანდოთ.

ორი წლის წინ, ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ აფხაზეთი რუსეთთან მიმართებაში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა, 2008 წლის აგვისტოში, უბრალოდ, რუსული და აფხაზური ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ორი წლის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ რუსული და აფხაზური ინტერესები კვლავ სრულ თანხვედრაშია?
- ჩვენ სავსებით გვაწყობს ის ურთიერთობები, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყალიბდება. რეგიონში რუსეთის ინტერესები ბუნებრივია. იგი არა თუ არ ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, აძლიერებს მას. ეს აშკარაა, თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ და არ შევეცდებით სასურველის სიმართლედ წარმოდგენას.

დიახ, კავკასიის რეგიონში ისტორიულად ყოველთვის ეჯახებოდა ზესახელმწიფოების ინტერესები, რომლებიც სხვადასხვა დროს რეგიონში დიმინირებდნენ. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ინტერესების თუნდაც იმიტომ იგნორირება, რომ ამისათვის საკმარისი რესურსი არ გაგვაჩნია.

სხვათა შორის, ამ ფაქტს, საქართველოს ლიდერები წარსულში ყოველთვის ანგარიშს უწევდნენ და აფხაზეთის მიმართ საკმარისად რბილ პოლიტიკას ატარებდნენ.

იგივეს თქმა არ შემიძლია ჩვენს წინაპრებზე, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ გლობალური მოთამაშეების ინტერესებთან დაპირისპირებას. სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგია აფხაზეთის წინაშე არსებული ბევრი პრობლება. მაგალითად, დემოგრაფიული პრობლემა.

და ბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მომავალი? უახლოეს მომავალში რას შეიძლება ველოდოთ?
- უკანასკნელ დღეებში ამ თემაზე საინფორმაციო საშუალებებში ჩემი მოსაზრებები საკმარისად გამოვთქვი. ეს საკითხები პრესამ გააშუქა, ამიტომ, ამჯერად მათი ისევ განმეორების აზრს ვერ ვხედავ.