რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისთვის გამოყოფილი თანხების აორთქლებაზე ბევრი ითქვა და ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აღმოჩნდა, რომ მოსკოვური მილიარდების გადმორიცხვა დღემდე მხოლოდ ქაღალდზე ხდება. ცხინვალს იმ 4.3 მილიარდი რუბლიდან, რომლის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია მოსკოვმა უკვე მთელ მსოფლიოს მოსდო, ჯერ ერთი კაპიკიც არ მიუღია.
თვად ცხინვალელების აღიარებით, „ყველაფერი გაკეთებულია იმდენად უხეიროდ, რომ დღეს 70 მრავალსართულიან სახლში წყალი კედლებს მოყვება (ცხინვალში ყოველ ღამე წვიმს), ნესტია და სოკოა გაჩენილი ასობით ბინაში. იყო ფაქტები, როდესაც ხურავდნენ სახლებს და სამუშაოს მოცულობას არა 2–3–ჯერ, არამედ 20–ჯერ ზრდიდნენ. ამის შედეგად მინიმუმ 70 კორპუსის სახურავი ხელახლა გადასახურია. ყველაფერი შესაკეთებელია. ადგილობრივ მთავრობას არ შეუძლია ამ ფულის გამოყოფა და ვინ იცის, რა ღირდა ეს რემონტი. სამუშაოები ხომ არავის ჩაუბარებია. ცხადია, იპარავენ მოსკოვის დონეზე“.
“გადის დრო, და ხან ჩვენი აფხაზი, ხანაც ოსი სეპარატისტები ნებსით თუ უნებლიედ თავად გვიყვებიან სიმართლეს ტაბუდადებულ საკითხებზე და თანდათან ისეთ რამეებს ამბობენ, კაცს დაკითხვაზე რომ არ წამოცდება”, – აცხადებენ საქართველოს „ექსპერტთა კლუბში“.
ექსპერტთა თქმით, იმდენი ითქვა და დაიწერა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისთვის გამოყოფილი თანხების აორთქლებაზე, რომ ყველას ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს. თითქოს კიდევ რა უნდა თქმულიყო, მაგრამ ისევ ცხინვალელები გვეხმარებიან – ეტყობა, ისინიც დაიღალნენ ამდენი ტყუილით. საქმე ისევ ცხინვალში აუშენებელ მშენებლობებს ეხება.
“ამჯერად სინდისის ქეჯნის მსხვერპლი ცხინვალის „მერი“ გერასიმე (რეზო) ხუგაევი გახდა. საკუთარ თანამოქალაქეების წინაშე ალბათ სინდისი სუფთა რომ ჰქონოდა, მას მოუწია იმ საიდუმლოებებისთვის ფარდის ახდა, რომელსაც კოკოითის რეჟიმი და კრემლი, ერთად დიდი ხანია მალავენ, – ამბობს „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი.
ხუგაევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ასე იკვეხნის ცხინვალისთვის მილიარდების გადარიცხვას, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე ხდება. ხუგაევი აცხადებს, რომ ცხინვალს, იმ 4.3 მილიარდი რუბლიდან, რომლის გადარიცხვის შესახებ მოსკოვმა უკვე მთელ მსოფლიოს მოსდო ინფორმაცია, ჯერ ერთი კაპიკიც არ მიუღია.
„უფრო მეტს გეტყვით – დანგრეული საცხოვრებლებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად ქაღალდზე გამოყოფილია 7 მილიარდ რუბლზე მეტი – და ამ თანხიდან არც ერთ რუბლი არ არის. ეს კი რუსეთის შარშანდელ ბიუჯეტში იყო ჯერ კიდევ ჩადებული! დღეს მთელი რესპუბლიკა ცხოვრობს იმ გარდამავალი ნარჩენებით, რომლის ეკონომიაც ჩვენ მოვახერხეთ შარშან – დაახლოებით ერთი მილიარდი რუბლი“, – დასძენს ხუგაევი, გამოცემა „RUSNORD“–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ხუგაევი ხელს პირდაპირ რუსეთს ადებს და აცხადებს, რომ „რუსეთის ფინანსური წრეების რაღაც დონეზე ფული იკარგება: ფაქტიურად, რუსეთის ხელმძღვანელობა ფულს უგზავნის სამხრეთ ოსეთს, ის კი აქამდე ვერ აღწევს...“
„ექსპერტთა კლუბის“ მიერ აღწერილ ფულის გათეთრების სქემებს ხუგაევიც ადასტურებს. მისი თქმით, რუსეთის უწყებებს საკუთარი პროექტები და ამოცანები აქვთ და ნაკლებად აინტერესებთ ცხინვალის პოზიცია და საღი აზრი.
„მე რომ შემეძლოს, პირადად დალაპარაკება რუსეთის რეგიონალური მართვის მინისტრთან ბასარგინთან, მე ვკითხავდი მას, რატომ არის, რომ ფული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზეა მიმართული, ხოლო ხალხი კი ჯერაც კარვებში ცხოვრობს? რატომ არ შეგვიძლია აღვადგინოთ მათი სახლები აგერ უკვე ორი წელია, მაშინ როცა ძალიან ადვილად იწყებენ მილიარდიანი პროექტების რეალიზებას, რომელთაც რეგიონალური მართვის სამინისტრო თვითონ პოულობს, თავს გვახვევენ მათ ჩვენ საღი აზრის საწინაამდეგოდ? და ეს ყველაფერი კეთდება ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად – სამუშაოს შემსრულებლები რაღაც სამუშაოების წარმოებას იწყებენ, მე კი ამაზე ვერავითარ გავლენას ვერ ვახდენ“, – ამბობს ხუგაევი და მოჰყავს რამოდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ იპარავენ რუსული უწყებები ფულს.
„ექსპერტთა კლუბი“ წერდა იმის შესახებ, თუ როგორი ნახა ცხინვალი რადიო „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტმა, როდესაც ის რუსეთის ვიცე–პრემიერს იგორ შუვალოვს ახლდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ვიზიტისას. ცხინვალში გაკეთებული საქმეების აღწერისას მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მთელი ცხინვალი ახალი სახურავებითაა გადახურული.
ხუგაევმა კი ამ სახურავებსაც „ლაფი გადაასხა“. მისი განცხადებით, რუსეთის რეგიონალური მართვის სამინისტროს შეკვეთით 2008–2009 წელს ყველა მრავალსართულიანი სახლი გადაიხურა, თუმცა სასიხარულოდ ცხინვალის მოსახლეობას საქმე არა აქვს იმიტომ, რომ „ამ სახურავების 90% წყალს უშვებს, და ხალხი საჩივლელად ჩემთან მოდის, მათთვის სულ ერთია, რომ ეს ყველაფერი ჩემთან შეუთანხმებლად კეთდებოდა“.
„საბოლო ჯამში – ყველაფერი გაკეთებულია იმდენად... (ხუგაევი აქ პაუზას აკეთებს, ცდილობს რა შესაბამისი სიტყვა მოძებნოს –„RUSNORD“) უხეიროდ, რომ დღეს 70 მრავალსართულიან სახლში წყალი კედლებს მოყვება (გამოცემა აღნიშნავს, რომ ცხინვალში ყოველ ღამე წვიმს), ნესტია, სოკოა გაჩენილი ასობით ბინაში!!! (...) იყო ფაქტები, როდესაც ხურავდნენ სახლებს და სამუშაოს მოცულობას არა 2–3–ჯერ, არამედ 20–ჯერ ზრდიდნენ!!! აი ამ მინიმუმ 70 კორპუსის სახურავი ხელახლა გადასახურია. გამოსაყოფია დაახლოებით 1 მილიონი, რომ ყველაფერი შეკეთდეს... არ შეუძლია ახლა მთავრობას ამ ფულის გამოყოფა... და ვინ იცის, რა ღირდა ეს რემონტი... სამუშაოები ხომ არავის ჩაუბარებია... და იპარავენ მოსკოვის დონეზე“, – აცხადებს შეწუხებული „მერი“.
საბოლოო ჯამში ხუგაევმა თავისი „პრეზიდენტი“ დაინდო და ყველაფერი მოსკოვს გადააბრალა. ნახა თუ არა მომენტი, თავიანთ უხეირობაში პუტინის მიერ გამოგზავნილი „ჩელიაბინსკელი ტურისტები“ დაადანაშაულა.
ხუგაევის თქმით, კოკოითს ბევრჯერ განუცხადებია, რომ მისი სურვილის წინააღმდეგ, „ადგილი აქვს სამხრეთ ოსეთის, შავ ფინანსურ ხვრელად გადაქცევის მცდელობას“. არ ვიცით, როდის განაცხადა ასეთი რამ კოკოითმა, რადგანაც ის თვითონაც ნამდვილად არაა წინააღმდეგი ამ „შავ ხვრელში“ ჩაიძიროს, სამაგიეროდ ქართულ მხარეს მრავალჯერ აღუნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის დიდი ფინანსური შავი ხვრელია, და არა მარტო ფინანსური – იარაღისა და ნარკოვაჭრობის ტრაფიკიც მათზე გადის, – აცხადებს „ექსპერტთა კლუბი“.
ხუგაევმა არ დაინდო ცხინვალის რეჟიმის ჩელიაბინსკელი „პრემიერ–მინისტრიც“. მას და მისი გუნდის წევრებს ცხინვალის „მერმა“ რუსეთის რეგიონალური მართვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი „ტურისტები“ უწოდა, რომელთაც საკვანძო თანამდებობები უკავიათ.
„ისინი ყველანი ჩელიაბინსკის რაიონის პატარა ქალაქ ოზერსკიდან არიან. ეს ათეულობით ჩინოვნიკი – სულ შემთხვევითი ხალხია, მათ არასოდეს უმუშავიათ სახელმწიფო სტრუქტურებში. არცერთმა მათგანმა არ იცის რა არის სახელმწიფო სამსახური“, – აცხადებს ხუგაევი და აქვე დასძენს, რომ „ოზერსკის მთავრობის“ მიერ კურირებულ ათეულობით, ასეულობით თუ არა, ობიექტებთან დაკავშირებით აღძრულია მრავალი საქმე, სამუშაოების ბევრი შემსრულებელი ძებნაშია, თუმცა თვითონაც კარგად იცის, თუ სად იმალებიან ისინი – თავიანთ ოზერსკში.
ხუგაევს კი უგრძვნია, რომ ასე ცხოვრება მეტი აღარ შეიძლება, მაგრამ ეტყობა ისიც კარგად იცის, რომ თუ რუსეთი ხელებს ვერ მოითბობს მათ უბედურებაზე, შესაძლოა სულაც დაკარგონ თავიანთი ფსევდო–დამოუკიდებლობა. ამიტომაც ხუგაევმა განაცხადა: „ცუდი იქნება, თუ ამ მონაცემებით ვინმე მანიპულირებაბს მოახდენს და შეეცდება ჩვენი ხალხების გადამტერებას“–ო.
აღსანიშნავია, რომ ოსური ოჯახები, რომლებიც მიწისძვრისა და რუსული არტილერიისა და ავიაციის დაბომბვის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ, დღესაც ღამეს ლამის ღია ცის ქვეშ ათენებენ. ცხინვალის მცხოვრები ვიტალი თედეევი ყვება, რომ ომის შემდეგ მასთან დაღესტანელები მივიდნენ და წარმოადგინეს თავი ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებად. აიძულეს თვით მაცხოვრებლები გაეწმინდათ ბინა ნანგრევებისაგან და მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. ამიტომაც თედეევს უწევს სხვის ბინაში ცხოვრება, და არ იცის, როდის ჩამოვლენ ბინის პატრონები და როდის მოუწევს მას ქუჩაში ძილი.
“ამასობაში კი მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს რუსეთში ხანძრების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის დახმარების გაგზავნის შესახებ. სააგენტო „РЕС“–ის ინფორმაციით, კოკოითის მთავრობა სპეციალური ანგარიშიდან გამოუყოფს 12 მილიონ რუბლს ნიჟნი ნოვგოროდის დაზარალებულებს. საინტერესო ცინიზმია საკუთარი ხალხის მიმართ, არა? თითქოს ცხინვალის რეჟიმი აფინანსებს კრემლს, და არა პირიქით.
საქმე კი უფრო მარტივადაა – ეს ის 12 მილიონია, რომელიც ცხინვალმა ვითომ მიიღო და რომელსაც ვითომ დაზარალებულებს დაახმარს. ეს ყველაფერი - ქაღალდზე. საბოლო ჯამში კი რუსეთის მთავრობა 12 მილიონ რუბლს ჩამოჭრის ცხინვალისთვის ვითომ გამოყოფილი თანხიდან. ესეც ქაღალდზე. რუსები დახმარებას მაინც არ მიიღებენ, კოკოითი კრემლს წილს დაუბრუნებს და თანაც დახმარებაში ჩაეთვლება, რეგიონალური მართვის სამინისტრო ამ ფულს „გააპრავებს“ და ყველა კმაყოფილი დარჩება გარდა იმ მართლა გაჭირვებული ადამიანებისა რუსეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთაც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვარსკვლავთმრიცხველის პროფესიის ათვისება მოუწევთ”, – აცხადებენ „ექსპერტთა კლუბში“.