ალასანია მოდის!!!

ალასანია მოდის!!!

„ქართულმა ოცნებამ“ იცის როგორი თვისებების მატარებელი იქნება გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც ამომრჩეველი 2018 წლის შემოდგომაზე 6 წლის ვადით აირჩევს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მისი ვინაობა. იგი იქნება პოლიტიკურიდ ნეიტრალური, გაწონასწორებული, ავტორიტეტული და საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება, რიგით მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ამომრჩეველი პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს „საარჩევნო კოლეგიის წევრები“ აირჩევენ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახამად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.

როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში, იგი ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლად, უმაღლეს თანამდებობის პირად. კონსტიტუციური ლოგიკით, პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული ადგილი აქვს მიკუთვნებული სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში. ეს გარემოება მას უფლებას ანიჭებს უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა მოქმედება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ დებულებით, პრეზიდენტი ერთგვარად არბიტრის როლში გამოდის.

სწორედ ასე განსაზღვრა კონსტიტუციამ საქართველოს პრეზიდენტის როლი. საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისგან მმართველი გუნდი ამ ეტაპზე თავს იკავებს და აცხადებენ, რომ კანდიდატის დასახელება ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მოხდება. მმართველი გუნდი ადასტურებს, რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი სამ კანდიდატს განიხილავს - პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს და ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს. რომელ კანდიდატზე შეჩერდება არჩევანი, მმართველი გუნდი ამას პრაიმერის გზით გადაწყვეტს.

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მმართველ გუნდში პრეზიდენტის პოსტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურები განიხილება.

„ჩემი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე როგორც ვიცი, კანდიდატებთან დაკავშირებით როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, იგი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე უარყოფს ინფორმაციას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე ჩამოყალიბებულია საპრეზიდნეტო კანდიდატებზე.

„პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ეს თემა მმართველ გუნდში არ განხილულა და ვფიქრობ ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, როცა კონკრეტულ კანდიდატზე შევჯერდებით, ის საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. ვფიქრობ, უპირველესი საზოგადოების დამოკიდებულებაა და კანდიდატიც უნდა იყოს შერჩეული ისეთი, რომელიც არა მხოლოდ გუნდის შიგნით, არამედ საზოგადოებაშიც მისაღები იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი არ არის ქვეყნის პირველი პირი, საპრეზიდენტო არჩევნები მაინც საკმაოდ დაძაბული და ამავე დროს კონკურენტული იქნება. პრეტენზია ამ ეტაპზე ღიად გამოთქვა პირველმა ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა. for.ge-ს ინფორმაციით საპრეზიდენტო მარათონისთვის ემზადება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩაერთვება. ამავე სტატუსით იბრძოლებენ დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება „ევროპული საქართველოს“ და for.ge-ს ინფორმაციით ის დავით ბაქრაძე იქნება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიაში ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან, თუ ვინ იბრძოლებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კამპანია იქნება საკმაოდ დაძაბული. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ შეეცდება რეიტინგული კანდიდატის წარდგენას.

„იმის მიუხედავად, რომ მარგველაშვილი არის კრიტიკის ობიექტი მთავრობის, სხვადასხვა ექსპერტების და მათ შორის ჩემი მხრიდანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ მარგველაშვილს აქვს საკმაოდ მაღალი ნდობის და მხარდაჭერის რეიტინგი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მისი შანსები მეორედ არჩევაზე არის დაბალი.

„ქართული ოცნება“ შეეცდება რეიტინგული კანდიდატის წარდგენას - რეტინგებისა და ნდობის მხარდაჭერის მიხედვით, მარგველაშვილის დამარცება ელექტორაული რესურსის თვალსაზრისით შეუძლია თბილისის მერს, კახა კალაძეს, გიორგი კვირიკაშვილს და დავით სერგეენკოს, ესენი არიან რეიტინგული ფიგურები. თუმცა, არ გამოვრიცხავ გამოჩნდეს სხვა კანდიდატი, ეს უფრო ტექნოლოგიის საკითხია და სასაურველია, რომ მაღალი ცნობადობის იყოს“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრით, სავარაუდოდ აქაც მოხდება ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია, როდესაც „ქართული ოცნება“ მმართველობის ყველა ბერკეტს დაეუფლება, ეს ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას.

„თუმცა, აქაც მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები და ელისაშვილის ქეისმა გვანახა, რომ საზოგადოებაში არის დამოუკიდებელ ლიდერზე მოთხოვნა. არ არის გამორიცხული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვიხილოთ ელისაშვილი. შეიძლება ვიხილოთ დავით უსუფაშვილიც. ამდენად, ეს არჩევნები ინტრიგის გარეშე ვერ ჩაივლის. ეს იქნება დაძაბული და საინტერესო ბრძოლა“, - აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის დაკვირვებით, როგორც წესი საქართველში ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პრეზიდენტობა ისეთი თანამდებობაა, რომელსაც ზეპარტიულობა მოეთხოვება. საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ეცდება თავისი კანდიდატი გაიყვანოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მარგველაშვილის მსგავსად ხელისუფლების ოპონენტი იქნება, ასეთ შემთხვევაში მომავალმა პრეზიდენტმა შეიძლება დაძაბულობის კლიმატი შემოიტანოს საზოგადოებაში. თუმცა, პოლიტიკურ პროცესსზე გავლენა ნაკლები ექნება.

„თუ გამოვალთ იმ პრინციპიდან, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს მშვიდობისმოყვარე, სამივე სავარაუდოკანდიდატი არის გაწონასწორებული, მშვიდობისმოყვარე და რაც მნიშვნელოვანია, აქვთ მოსახლეობის ნდობის მანდატი. მმართველი გუნდის არჩევანის სისწორეს ისიც გადაწყვეტს, როგორი იქნება შემადგენლობა. ანუ, ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები. რამდენადაც ვიცი ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება მიიღოსმონაწილება. როგორც მერის არჩევნებში, ამ არჩევნებშიც ელისაშვილის ფიგურამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პროცესი შემოიტანოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ელისაშვილის არაპარტიულობა შეიძლება ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის მიმზიდევლი იყოს და ამან შეიძლება ძლიერი კონკურენცია შექმნას საპრეზიდენტო არჩევნებში.

„სხვა ოპოზიციურ პარტიებში არ მეგულება ანალოგიური სიძლიერის კონკურენტი, რაც მერის არჩევნებმაც დაგვანახა. თავისი არაპარტიულობის გამო ელისაშვილი შეიძლება სერიოზული ფიგურა აღმოჩნდეს, მაგრამ ამავე დროს ელისაშვილი მშვიდობიანი ფიგურა არ არის. იგი საკმაოდ პრეტენზიული იქნება, შეეცდება, რომ დისკომფორტის მომტანი იყოს მმართველი ჯგუფისათვის და განმეორდეს დაპირისპირებების ის სურათი, რაც აქამდე იყო, თუ უფრო მძიმე სურათი არ შეიქმნა. ამიტომ მმართველი გუნდი იძულებული იქნება, რაც შეიძლება ძლიერი ფიგურა წამოაყენოს. უკვე დასახელებული კანდიდატიდან ვინ იქნება ძლიერი, ამას რეიტინგები დაგვანახებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი, როგორიც განსაზღვრულია კონსტიტუციით და რომელსაც არ გააკრიტიკებენ მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე. მისი თქმით, აუცილებელია ქართული პოლიტიკის ლექსიკიდან გაქრეს ფრაზა -„პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენა იმიტომ, რომ პოლიტიკურ ქულებს იწერს“.

„პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს არსებული ვითარებიდან თუ გამოვალთ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს. დღეს ასე ჩანს, მაგრამ გაზაფხულზე და უფრო მაისის ბოლოსთვის გამოჩნდება, როგორ შეიცვლება სურათი, ვინ რა პოზიციაზე დადგება და რას იზამს ოპოზიცია. 

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი საკითხი - გიორგი კვირიკაშვილის წასვლა პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იცვლება. აქ იმდენად პრეზიდენტობაზე არ იქნება საუბარი, უფრო განხილვადი იქნება ის თემა, რომ „ქართული ოცნება“აღმასრულებელ ხელისუფლებას კვირიკაშვილის მეთაურობით ტოვებს, თუ იწყებს გუნდის გადახალისებას“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, თუ გუნდი უნდა გადახალისდეს, მაშინ რა თქმა უნდა, კვირიკაშვილი გახდება კანდიდატი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ხელისუფლების რეიტინგი გაზაფხულისთვის. ძაბირაძის შეფასებით, თუ ხელისუფლების რეიტინგი იქნება იგივე, ასეთ შემთხვევაში გუნდის გადახალისება არ მოხდება.

„თუ არსებული მძიმე სოცილაური პრობლემები არ მოგვარდა და რეიტინგი წამოვიდა დაბლა, მაშინ დღის წესრიგში დადგება მთავრობის გადახედვის საკითხი, მაშინ უფრო რეალურია, რომ კვირიკაშვილი გახდეს საპრეზიდენტო კანდიდატი. ამას უკვე მმართველი გუნდი პიარისთვის გამოიყენებს და იტყვის, რომ პრემიერი გადადგა არა იმიტომ, ცუდად არის საქმე, არამედ იმიტომ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატია და ამიტომ კონსტიტუციით მთავრობა უნდა გადადგეს.

ასეთ მიდგომას გამოიყენებენ და არ აღიარებენ, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. თუ კვირიკაშვილის გუნდს ექნება მხარდაჭერა, და ეს გამოჩნდება უფრო გაზაფხულისთვის, ასეთ შემთხვევაში განიხილავენ დავით სერგეენკოს კანდიდატურას. ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, როგორ წავა პოლიტიკური პროცესი და როგორი იქნება მმართველი გუნდის რეიტინგი საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.