ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მზარდი რისკი „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული გამოწვევა ხდება, განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების ფონზე. ხელისუფლებას უწევს რთული არჩევანის გაკეთება, როგორ აუხსნას საკუთარ ამომრჩეველს ეს შესაძლო შედეგი ისე, რომ მინიმალური პოლიტიკური ზიანი მიიღოს.
ჩნდება კითხვა, რამდენად აქვს ახლა ხელისუფლებას პოლიტიკური რესურსი და სანდოობა მხარდამჭერებში, რომ ამ ამბისგან ნაკლები პოლიტიკური დარტყმა მიიღოს?
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ კვლავ ფართო მხარდაჭერა აქვს თავის ძირითად ელექტორატში, განსაკუთრებით იმ სეგმენტებში, რომლებიც უპირატესობას სტაბილურობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ანიჭებენ. მათთვის სუვერენიტეტის დაცვა და „გარე ჩარევის“ თეორია, შესაძლოა, უფრო დამაჯერებელი იყოს, ვიდრე ევროპული ინტეგრაციის შეფერხების რისკები. ხელისუფლებამ არაერთხელ მოახერხა მსგავსი კრიზისების თავის სასარგებლოდ გამოყენება და ასეთი კრიზისი არაერთხელ უკვე გადალახა.
ანალიტიკოსები for.ge-თან ამბობენ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ახლა ორი, ძირითადი გზა არსებობს: დათმობაზე წასვლა - ეს გულისხმობს ბრიუსელთან კულუარულ ვაჭრობას და გარკვეულ დათმობებს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თავიდან იქნას აცილებული; ამომრჩევლისთვის „დარტყმის ობიექტების“ მუდმივი ახსნა - ამ სცენარით, ხელისუფლება შეძლებს ისევ ახსნას, რომ საქართველო მუდმივად განიცდის „არასასურველ“ ზეწოლას დასავლეთიდან, რადგან არ სურს მათ კარნახს დაემორჩილოს.
„ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში, ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა. მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას“, - ასე განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„როგორც ჩანს, კალასისთვის დამწვრობამიღებული პოლიციელი ღირებულებას არ წარმოადგენს; წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს, არაფერს წარმოადგენს, არც ის, როგორ წვავდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას. როგორც ჩანს, ის ვერ აცნობიერებს, რა არის ევროპული ღირებულებები. ჯიბეში ევროკავშირის პასპორტი, სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას. ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებს ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, არაერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზეა. გვენეტაძე for.ge-თან საუბრისას, მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის თემა, რომელიც დღეს აქტუალური გახდა გარკვეული დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟის გამო, სინამდვილეში, კატასტროფას არ წარმოადგენს.
„ამომრჩეველს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. ეს არის გარედან ინსპირირებული კამპანია, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობის შეტანა და სტაბილურობის რღვევა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომელთა ნაწილს გულწრფელად სურთ საქართველოს სიკეთე, ხშირად არიან შეცდომაში შეყვანილნი ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანიით. ამომრჩეველს უნდა ვუთხრათ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ რისკების თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.
ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს სტრატეგიული კურსი ურყევია. ევროინტეგრაცია არის ჩვენი არჩევანი, მაგრამ არა - ნებისმიერ ფასად. არ დავუშვებთ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ვინმე ჩაერიოს, ან გარედან მოგვახვიონ თავზე ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ხალხის ნებას. ამიტომ, თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი დადგება, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ვიღაცას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი პოლიტიკა არ მოსწონს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მესიჯი სიმშვიდეა, ხოლო მხარდამჭერებმა იციან, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს ღალატობს საკუთარ პრინციპებს.
„უნდა ვუთხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა - ეს არის მთავარი ღირებულებები, რომელსაც ხელისუფლება იცავს. ოპოზიცია ცდილობს დესტაბილიზაციას, ჩვენ კი მშვიდობას ვინარჩუნებთ!
საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად წყვეტს საკუთარ ბედს. არავის მივცემთ უფლებას, გვიკარნახოს, როგორ ვიცხოვროთ. მიუხედავად გარე გამოწვევებისა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება და მოსახლეობის კეთილდღეობა უმჯობესდება. ეს არის „ოცნების“ მთავარი მიღწევა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, თუკი სწორად ავუხსნით ამომრჩეველს, ეს პროცესი მხოლოდ გააძლიერებს „ქართული ოცნების“ პოზიციებს.
„თვითმმართველობის არჩევნებზე ეს ფაქტორი, პირიქით, ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს. ხალხი დაინახავს, რომ ისინი ეროვნულ ღირსებას იცავენ. ამიტომ, „ქართული ოცნება“ არასდროს დაიხევს უკან, როდესაც საქმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ეხება.
თუკი ვიღაცას ჰგონია, რომ ზეწოლით შეაშინებს ხელსიუფლებას და ქართველ ხალხს, ძალიან ცდება. პირიქით, ეს მხოლოდ გაგვაძლიერებს და კიდევ უფრო მტკიცედ დაგვაყენებს ჩვენს არჩეულ გზაზე. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ასე გაგრძელდება“, - ამბობს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ სასწორზე ქვეყნის სუვერენიტეტი და ვიზალიბერალიზაცია დევს, შესაბამისად, მას არჩევანის გაკეთება უწევს.
ჩიტაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ევროპაში, ძირითადად, „ოცნების“ მხარდამჭერები დადიან, ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს მათთვის ახსნა, რატომ დადგა უვიზო მიმოსვლის საკითხი რისკის ქვეშ.
„მე რამდენიმე ვერსიას განვიხილავ, თუ რა შეიძლება „ოცნებამ“ საკუთარ ამომრჩეველს შესთავაზოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ უკან დახევა ტაქტიკურად მომგებიანად ჩათვალოს. ეს რამდენიმე რამეზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ამას ვაჭრობის სახეც მიეცეს ხელისუფლებასა და ბრიუსელს შორის. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ივაჭროს და ეს კულუარულად მოხდეს, საჯაროობის გარეშე. რა თქმა უნდა, არ ველი, რომ ეს საკითხი თვითმმართველობის არჩევნებამდე გადაწყდება. ხელისუფლება ეცდება, ეს დრო გაწელოს და გარკვეული შეთავაზებებით ბრიუსელის დარწმუნებას შეეცადოს“, - ამბობს ჩიტაძე.
მისივე თქმით, ახლა, აგვისტოში, არდადეგები იწყება და ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა დასასვენებლად წავა. ამ დროს „ოცნება“ გამოიყენებს.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის არ არის სასურველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ევროპაში ძირითადად მისი მომხრეები და ამომრჩევლები დადიან: ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ხელისუფლების მომხრეები არიან; საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ცუდი ანაზღაურება; ხელისუფლების მომხრე ბევრი ოჯახი, რომელთა წევრები ემიგრაციაში არიან, ამიტომ ფაქტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეს ხელისუფლებას არ აწყობს. დიდია შანსი იმისა, რომ ევროკავშირთან ვაჭრობას შეეცდებიან, რაღაცის დათმობის ფონზე“, - დასძენს ჩიტაძე.