ტრამპი BBC-სთან ინტერვიუში: „მე თითქმის არავის ვენდობი“

ტრამპი BBC-სთან ინტერვიუში: „მე თითქმის არავის ვენდობი“

BBC-სთან სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით, თუმცა იმედი ჯერ არ დაუკარგავს. კითხვაზე, ენდობა თუ არა მას, ტრამპმა ამბობს: „მე თითქმის არავის ვენდობი“.

საუბარი რამდენიმე საათში შედგა მას შემდეგ, რაც ტრამპმა უკრაინაში იარაღის გაგზავნის გეგმები გამოაცხადა და რუსეთს მკაცრი ტარიფებით დაემუქრა, თუ 50 დღის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას არ მიიღებდნენ.

ოვალური კაბინეტიდან BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ტრამპმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნატო-ს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ალიანსს მოძველებულს უწოდებდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მიმართ.

ინტერვიუ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის წლისთავს დაემთხვა, თუმცა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრის უმეტესი ნაწილი რუსეთის ლიდერის მიმართ იმედგაცრუების თემას მიუძღვნა.

ერთი დღით ადრე, რუტესთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მას „დაახლოებით ოთხჯერ“ ეგონა, რომ უკრაინაში ომზე შეთანხმებას მიაღწია.

BBC-ის კითხვაზე, დაასრულა თუ არა მან პუტინთან ურთიერთობა, ტრამპმა ასეთი პასუხი გასცა: „მე იმედგაცრუებული ვარ მისით, მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია. თუმცა, იმედგაცრუებული ვარ“.

კითხვაზე, თუ როგორ დაარწმუნებდა პუტინს „სისხლისღვრის შეჩერებაში“, აშშ-ის პრეზიდენტმა BBC-ს განუცხადა: „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“.

კითხვაზე, ენდობოდა თუ არა რუსეთის ლიდერს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე თითქმის არავის ვენდობი“.

„შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მე ვუთხარი: „კარგია, ვფიქრობ, გადაწყვეტასთან ახლოს ვართ“ და შემდეგ ის კიევში შენობას ანგრევს“, - ამბობს ტრამპი.

საუბარი ნატო-ს ალიანსაც შეეხო, რომელსაც ტრამპმა ადრე „მოძველებული“ უწოდა.

კითხვაზე, კვლავ ასე ფიქრობდა თუ არა, ტრამპი პასუხობს: „არა. ვფიქრობ, ნატო ახლა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს“, - განმარტა მან და დასძინა, რომ ალიანსმა „საკუთარი ხარჯების გადახდა“ დაიწყო.

მისივე თქმით, კვლავ სწამს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის, რადგან ეს პატარა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, თავი დაიცვან დიდი ქვეყნებისგან.

ტრამპი თვლის, რომ მან გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ლიდერების პატივისცემა მოიპოვა, რადგან მსოფლიო ლიდერების თვალში ორჯერ პრეზიდენტად არჩევა „დიდი ნიჭის ნიშანია“.

კითხვაზე, არის თუ არა მსოფლიო ლიდერების მხრიდან მლიქვნელობა ზოგჯერ ზედმეტად აშკარა, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ისინი „უბრალოდ ცდილობენ, იყვნენ კეთილები“.

ბრექსიტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ეს ცოტა არეულობა იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი ნორმის ფარგლებში ბრუნდება“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შესახებ ტრამპმა თქვა: „მე ის ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ის ლიბერალია“. ტრამპმა ასევე შეაქო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმება.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მას დიდ ბრიტანეთთან „განსაკუთრებული კავშირი“ აქვს, სწორედ ამიტომ დადო მასთან შეთანხმება: „ჩვენი კონკურენტებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, რომელთანაც მე, ფაქტობრივად, არანაირი გარიგება არ დამიდგინია“.

მან ასევე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგილი.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს ვიზიტის დროს, ტრამპმა უპასუხა: „კარგი დროის გატარება და მეფე ჩარლზისადმი პატივისცემა, რადგან ის ნამდვილი ჯენტლმენია“.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ აწუხებს ჩარლზ III-ის გამოსვლა კანადის პარლამენტში, სადაც ბრიტანეთის მონარქმა ხაზი გაუსვა მის სუვერენიტეტს მას შემდეგ, რაც ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ-ს შეეძლო ქვეყნის ანექსია.

„ისინი კანადასთან არიან დაკავშირებულნი, ამიტომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს გააკეთოს“, - თქვა ტრამპმა. „ვფიქრობ, რომ მან უდიდესი პატივისცემით შეასრულა საპატიო სამუშაო“.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ „ახლა კანადასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს“ და მისი აზრით, „ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდება“.

კითხვაზე, თუ რას მიიჩნევს ის პრეზიდენტის რანგში თავის უდიდეს მემკვიდრეობად, ტრამპმა ასე უპასუხა: „ამერიკის გადარჩენა“.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/crmvp0kgzewo