1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი" და ,,თბილისის აეროპორტში" კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა. კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 3 მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები/ოქროს მონეტები (საერთო წონა - 281,24 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 42 696,26 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 597,26 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ რამდენიმე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტშიც" გამოვლინდა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს/ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა: 110,94 გრამი, ვერცხლის ნაკეთობების საერთო წონა 2 010 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 778,04 ლარი შეადგინა.
2 მოქალაქის საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს მოქალაქე და ერთი უცხო ქვეყნის ბინადარი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 13 000 ლარით დაჯარიმდნენ.
აქვე გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირის მიერ საზღვრის კვეთისა და საბაჟო კონტროლის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge