თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც მერიის სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს ტრადიციულად, ხმაურით დაიწყო, შემდეგ „ნაციონალების“ პროტესტით გაგრძელდა და იმ გადაწყვეტილების მიღებით დასრულდა, რომელსაც თბილისის მთავრობა ითხოვდა და საკრებულოს უმრავლესობა უჭერდა მხარს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე თვლის, მერიის ახალი სტრუქტურა, მერიის ეფექტურ მუშაობას აუმჯობესებს. საკრებულოს თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა მერიაში ანაზღაურების საკითხსაც და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელფასები იზრდება, სიმართლეს არ შეესებამება, უბრალოდ ერთიანდება დანამატი და ხელფასი.
მისივე თქმით, პოლიტიკური თანამდებობის პირები მერიაში პრემიებს და დანამატებს აღარ მიიღებენ, ხოლო რაც შეეხება თანამშრომლებს, მათზე ხელფასის 10%-ის ფარგლებში შესაძლებელია პრემია წლის განმავლობაში გაიცეს გარკვეულ შემთხვევაში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომის დატოვებამდე უმრავლესობას „საშოვარზე მოსული ხელისუფლება“ უწოდა და ის პენსიონრები გაიხსენა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაკლებად აინტერესებდა.
„ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ მხოლოდ ხელისუფლების მაღალჩონოსნებისთვის იმატებს ხელფასები და არც ერთი თეთრით არ უმჯობესდება მრავალი გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობა. 100%-ით კი არა 110%-ით არის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები გაზრდილი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი თემურ გორგაძე საკუთარი გუნდის ღირსების დაცვას შეეცადა და ნაციონალი ხაბეიშვილი და მისი თანაგუნდელები შოუს დადგმაში დაადანაშაულა, რადგან მან საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველი ქალბატონი მიიყვანა, რომელსაც უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობის უფლება შეუჩერდა.
აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის განვითარების მუხრუჭები უწოდა.
„ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით ეს ადიმიანები კამერების წინ არ გამოგვყავს და არც არასდროს გამოგვყავდა. ჩვენი მთავარი ფუნქციაა მათ გავუწიოთ შუამდგომლობა კონკრეტულ სამსახურებში“, - განაცხადა დეპუტატმა.
მართალია, „ნაციონალური მორაობა“ პროვოკაციების ოსტატია, მაგრამ როგორც ჩანს, დღევანდელი ,ჩინოვნიკებიც საკუთარი სტატუსით ტკბობის ნეტარებას არიან მიცემულნი, რაკი ქვეყანაში ხალხს შია.
სამაგიეროდ, თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღებული ხელფასების, დანამატებისა და პრემიების ოდენობა შეახსენა.
„იმდენად უსუსურები ხართ, რომ შოუს დესანტად პარლამენტიდან ირაკლი აბესაძე მოიწვიეთ. სწორედ ის აბესაძე, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში, 11 ათასი ლარზე მეტი ხელფასი, 37 ათას ლარზე მეტი დანამატი და 27 ათასი ლარი პრემია აქვს აღებული“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მან თანამდებობაზე ყოფნის დროს აღებული პრემია-დანამატების ოდენობა ლევან ხაბეიშვილსაც შეახსენა და აღნიშნა, რომ სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას ხაბეიშვილს, მხოლოდ 8 თვის განმავლობაში, 35 ათას ლარზე მეტი თანხა აქვს აღებული. დღეს კი ამავე თანამდებობაზე მყოფ ადამიანს გაცილებით ნაკლები ხელფასი აქვს.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2013 წელს, მერიის ადმინისტრაციისთვის გასაცემ პრემიებზე 14 მილიონ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული, 2018 წელს კი ამავე დანიშნულებით, მხოლოდ მილიონნახევარია განსაზღვრული.
„გიგი უგულავა, წლის განმავლობაში, ხელფასისა და პრემიის სახით 95400 ლარს იღებდა, ხოლო კახა კალაძეს მხოლოდ ხელფასი ერიცხება, რომელსაც ქველმოქმედებაში ხარჯავს. შესაბამისად, მოქმედი და ყოფილი მერების სახელფასო ანაზღაურების სხვაობა 57000 ლარს შეადგენს. სევდია უგრეხელიძე, მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, წლის განმავლობაში, პრემიის, ხელფასისა და დანამატის სახით 89000 ლარს იღებდა, ხოლო მოქმედი ამჟამინდელი ვიცე-მერი 75000 ლარს აიღებს, რაც 14 000 ლარით ნაკლებია. შოთა ხიზანიშვილს, როგორც გიგი უგულავას მოადგილეს, ხელფასის სახით, მთელი წლის განმავლობაში, 101 000 ლარი დაერიცხა, რაც ამჟამინდელი მერის მოადგილის ანაზღაურებაზე 27 000-ით მეტია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
როგორი სანახავი იქნებოდა პრემია-დანამატებზე პოლემიკა საზოგადოებისთვის, რომლის მესამედი უკიდურეს სიღატაკეშია და პერსპექტივასაც ვერ ხედავს, სხვისი ხელფასების თვლით გართული ჩინოვნიკებისთვის შესაძლოა, ძნელად აღსაქმელია, მაგრამ როგორც ირაკლი ზარქუამ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, პრემია, რომელიც მხოლოდ დამსახურების მიხედვით გაიცემა, რიგითი თანამშრომლებისთვის იქნება გათვალისწინებული.
„მერიის სტრუქტურის დამტკიცებული ცვლილებები ეს არის ჩვენი დაპირებების რეალიზაციის დაწყება. ჩვენ ვიწყებთ არაერთი იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად გადააქცევს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მართალია, შემოსავლების, ანუ სახელფასო დანამატების ლეგალიზაცია იმაზე გაბედული ნაბიჯია, ვიდრე თავის დროზე მისი დაფარვა იყო, მაგრამ ამით რა შეღავათს მიიღებს სახელმწიფო და ის უზარმაზარი სოციალურად დაუცველი ფენა, რომლის შემცირებასაც დროდადრო სიების მექანიკური შემოკლებით ცდილობენ და ნაციონალებს შოუს დასადგმელ მასალას აძლევენ, ჯერ უცნობია.
სამაგიეროდ, თუკი კალაძის გამოწვევას სახელისუფლებო შტოებიც შუერთდებიან, ბევრად უფრო ნათელი სურათი დაიხატება, რაში იხარჯება ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობისთვის გაზრდილი პირდაპირი და ირიბი გადასახდელებითაც ივსება.
საკრებულოს უმრავლესობამ ასევე, დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულება და მერიის საქალაქო სამსახურების დებულებები. რა თქმა უნდა, კენჭისყრას საკრებულოს ოპოზიცია არ დასწრებია, რადგან მათ სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს.