რას მოუტანს იერუსალიმს ნეიტრალური სტატუსი

რას მოუტანს იერუსალიმს ნეიტრალური სტატუსი

თავის დროზე რომის პაპი იოანე პავლე მეორე ითხოვდა, რომ რამდენიმე რელიგიისთვის წმინდა ქალაქად მიჩნეული იერუსალიმი უშუალოდ გაეროს დაქვემდებარებაში გადასულიყო. ამით იერუსალიმის კუთვნილებაზე დავა დასრულდებოდა.

რომის ახლანდელი პაპი ფრანცისკე ღრმად შეშფოთებულია იერუსალიმის სტატუსით და აშშ-ის სურვილით, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს. პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ ამ თემის ირგვლივ უხმოდ ვერ გაჩერდება, რადგან იერუსალიმი მთელ მსოფლიოში ერთადერთი წმინდა ქალაქია, როგორც იუდეველების, ისე ქრისტიანებისა და მუსლიმანებისთვის და სამივე რელიგიისთვის სათაყვანებელ ქალაქს წარმოადგენს. ამიტომაც სწორედ მარტო ამის გამო მშვიდობის საკითხში იერუსალიმს განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს. პაპი ფრანცისკე მოითხოვს, ყველამ პატივი სცეს ამ ქალაქის სტატუსს, რომელიც გაეროს რეზოლუციის შესაბამისად არის განსაზღვრული.

ანალოგიურად ფიქრობს აშშ-ში მცხოვრები მეცნიერი და ორატორი, მუსლიმანთა რელიგიური ლიდერი ფეთჰულა გიულენი. თავის დროზე გიულენი მუსლიმანების, ებრაელებისა და ქრისტიანების მიერ წმინდა ქალაქად მიჩნეული იერუსალიმის სტატუსის პრობლემის გადასაჭრელად ამ წმინდა ადგილისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა და მიიჩნევდა, რომ ეს ქალაქი მთელი მსოფლიოს ადამიანებისთვის „ღია უნდა ყოფილიყო“. „ომარ წინასწარმეტყველმა იერუსალიმი ყველა სარწმუნოებისთვის გახსნა. მივანიჭოთ იერუსალიმს ძველი სტატუსი“,- განაცხადა წლების წინ გიულენმა.

დღესდღეობით ისრაელი ქვეყნის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე მოლაპარაკებებს ათზე მეტ სახელმწიფოსთან მართავს. შესაძლოა, ეს მოლაპარაკებები გადაბირების მცდელობადაც აღვიქვათ და ცალკეულმა სახელმწიფოებმა შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება იერუსალიმთან მიმართებით. ეს კი მუსლიმანური სამყაროს წინააღმდეგობას გააძლიერებს. მაგალითად, ასე მოხდა გვატემალასთან მიმართებით. როგორც ჩანს, გვატემალამ მტკივნეულად აღიქვა ტრამპის მუქარა, რომელიც ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებდნენ და პოზიცია შეიცვალა. ამ შემთხვევაში, გვატემალასთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ აშშ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი და დიდი ეკონომიკური პარტნიორია. 

ხომ არ იქნებოდა ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი იერუსალიმისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება და უშუალოდ გაეროს დაქვემდებარებაში გადასვლა?!

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ  უშუალოდ გაეროს ვერ დაექვემდებარება იერუსალიმი, რადგან ისრაელი ამის წინააღმდეგია. რეალური ძალაუფლება კი აქვს ისრაელს და საერთაშორისო კანონმდებლობითაც, დასავლეთ იერუსალიმი ისედაც ისრაელის საკუთრებაა. თავად ისრაელი ამბობს, ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენს ქვეყანაში რელიგიური სრული თავისუფლებაა და არავინ უშლის ხელს არც მუსლიმანებს, არც ქრისტიანებს, იყვნენ იერუსალიმში, ილოცონ, ჩამოვიდნენ და მოინახულონ ეს ქალაქი.

„იოანე პავლე მეორე მიიჩნევდა, რომ იერუსალიმი უნდა დარჩენილიყო ყველა რელიგიის ქალაქად, რადგან, საერთაშორისო კანონმდებლობით, იერუსალიმი გაყოფილია შესაძლო პალესტინურ სახელმწიფოსა (რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს) და ისრაელს შორის. კონფლიქტი იმის გამო წარმოიშვა, რომ ისრაელს მიაჩნია, ეს არის ისრაელის განუყოფელი დედაქალაქი, ხოლო მას ედავებიან იმას, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი არ არის მისი, რადგან ის პალესტინელებს ეკუთვნის. ჩვენ ვიცით, რომ მრავალი არაბული ორგანიზაცია თუ ქვეყანა, მათ შორის, ირანიც საერთოდ არ ცნობს ისრაელს სახელმწიფოდ. თუმცა იმის გამო, რომ ამერიკამ ისრაელის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, გვატემალამაც, ასევე, გადაიტანა თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში.  

რაც შეეხება საკითხს, იერუსალიმი დაექვემდებაროს არა ისრაელს ან პალესტინას, არამედ გაეროს, ანუ ნეიტრალური, ეს იდეა საკმაოდ ადრე, ჯერ კიდევ ასი წლის წინ გახდა აქტუალური, როდესაც ომის დროს იერუსალიმში შევიდა ბრიტანეთი და, ფაქტობრივად, თურქეთმა დაკარგა ეს ტერიტორიები. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არაბების მხრიდან ისრაელთან გაუთავებელი მტრობა არ დამთავდება. 18 წელზე მეტია, აღმოსავლეთ იერუსალიმიც და პალესტინის მიწებიც იორდანიაში შედიოდა. ვინ უშლიდა არაბებს ხელს, ეღიარებინათ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში? არავინ არ უშლიდა, უბრალოდ, არ უნდოდათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. არაბებს სურთ, ისრაელი საერთოდ გაქრეს ამ ტერიტორიიდან“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.  

მისივე თქმით, თავისთავად, პალესტინელი ერი არ არსებობდა.  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ეს ტერიტორიები გამარჯვებულებმა გაინაწილეს, აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე ებრაელებიც ცხოვრობდნენ და არაბებიც. იმ არაბებს პირობითად ეწოდათ პალესტინელები, თუმცა არანაირი განსხვავება მათსა და იორდანელებს, ან ლიბანელებს შორის არ ყოფილა. უბრალოდ, თავად არაბულ ქვეყნებს სურდათ ამ საკითხის წამოწევა, რომ პალესტინელებს თურმე მიწა არ ჰქონდათ. სინამდვილეში, რატომ არ ჰქონდათ მიწა? ხომ არსებობდა დასავლეთ სანაპირო, ასევე,  აღმოსავლეთ იერუსალიმი, სადაც არაბები ცხოვრობდნენ?

„ეს რთული კონფლიქტია, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმები არ უნდა დაგვავიწყდეს. ამ ნორმების თანახმად, ომის შემდეგ გაერომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქ უნდა შეიქმნას სახელმწიფო ისრაელი, შესაბამისი საზღვრებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა შეიქმნას პალესტინური სახელმწიფო. პალესტინური სახელმწიფოს შექმნას არ დაადგა საშველი, რადგან, ეტყობა, თვითონ პალესტინელებს არ სურთ. თორემ არსებობდა მშვიდობის ხელშეკრულება, ამისთვის ნობელის პრემიაც კი მისცეს იასირ არაფატს, მაგრამ მერე ჩათვალეს, რომ გარკვეული პირობები ისრაელმა არ დაიცვა. თვითონ არაბებს, ალბათ, იმიტომაც არ სურთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ  დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ გქონდეს, მერე რაღაც პოზიტიური უნდა აკეთო“, - მიიჩნევს ლევან აბაშიძე და ფიქრობს, რომ არაფრის აშენება არ სურთ არაბებს.

კერძოდ, ღაზას სექტორიდან საერთოდ გავიდნენ ებრაელები, თავიანთი დასახლებები დაცალეს და დაუტოვეს არაბებს, მაგრამ რა გვაქვს ღაზაში? რამეს აწარმოებენ არაბები, ან რამეს აკეთებენ? არაფერს, გარდა იმისა, რომ სარდაფებში აკეთებენ რაკეტებს და ებრაელებს უშენენ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იოანე პავლე მეორე, ფაქტობრივად, იზიარებდა გაეროს მიერ ჯერ კიდევ 1947 წელს მიღებულ 181-ე რეზოლუციის პირობებს. ამ პირობების შესრულება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და ცივილიზაციათა შორის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობდა.

„იერუსალიმი უნდა ყოფილიყო ნეიტრალური და გაეროს მანდატის ეგიდით სამართავი, რაც სწორედ ამ რეზოლუციაში იყო დაფიქსირებული. სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო მონაცემებით, 2018-19 წლების გაერო-ს ბიუჯეტში საკუთარ შენატანს ამერიკა 285 მილიონი დოლარით ამცირებს, ესეც ზეწოლაა იერუსალიმის საკითხის გამო“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.