ვახტანგ მაისაია: „მიშას მომავალი მესახება ისე, როგორც ქუჩის ბომჟისა სანაგვე ყუთთან”

ვახტანგ მაისაია: „მიშას მომავალი მესახება ისე, როგორც ქუჩის ბომჟისა სანაგვე ყუთთან”

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ 2018 წელი გაცილებით ტოლერანტული, დიპლომატიური იქნება. ეს წელი მსოფლიოში  ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობის ტენდენციებს გამოიწვევს. ასეთი დამაიმედებელი პროგნოზის მიუხედავად, მსოფლიოს დღევანდელი მოცემულობა განსხვავებულია.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენ სიურეალისტური ტიპის პერიოდში გადავდივართ, სადაც აბსოლუტურად ყველა რეალისტური პროექტი დაჩქარებული გლობალიზაციის პირობებში ხორციელდება.  

ერთი წლის წინ ჩვენთან საუბარში თქვენ კვადროპოლარული სამყაროს შექმნის შესახებ აანონსებდით ამერიკის, ევროკავშირის, რუსეთისა და ჩინეთის მონაწილეობით. ამას ემატებოდა ე.წ. დაიში, რომლის დასამარცხებლადაც მსოფლიოში დიდი  ძალისხმევა დაიხარჯებოდა. იქნება თუ არა 2018 წელი დიპლომატიის ნამდვილი ზეიმი?

- დიდი მადლობა, რომ ჩემი პროგნოზის თაობაზე შემახსენეთ კვადროპოლარული სამყაროს მოწყობის შესახებ, სადაც დაიში იქნებოდა მთავარი დაპირისპირების არეალი და დაიში, ფაქტობრივად, დამარცხდებოდა. ეს ნათქვამი მართლაც ახდა.  2018 წელს კვადროპოლარული სამყაროს კიდევ უფრო  გაძლიერება-გამყარება მოხდება. ძირითადი აქტორები, ანუ გავლენის ცენტრები კვლავაც იქნებიან ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. შეიძლება, მომავალში მათ სხვა აქტორებიც შეუერთდნენ. ამ მხრივ ინდოეთიც არ არის ჩამოსაწერი, მაგრამ ინდოეთს ჯერ კიდევ შორი გზა აქვს აქამდე გასავლელი. ამიტომ ეს ოთხი აქტორი დანამდვილებით შენარჩუნდება.

დაიშის პრობლემა ახალი ძალით წარმოჩინდება, რადგან დაიშმა შეიძლება ჰიბრიდული ტიპის ბრძოლა დაიწყოს და კვლავაც მორიგი ჯიჰადისტური პროექტი ვიხილოთ, რომელიც დაიშის გაგრძელების ერთგვარი ტიპოლოგია იქნება. გლობალური ჯიჰადიზმის ფაქტორი ამით არ დასრულდება, პირიქით, რამდენიმე თვის შემდეგ, სავარაუდოდ, მაის-ივნისში ეს პრობლემა ახალი ძალით წამოიჭრება არა მარტო აღმოსავლეთში, არამედ უკვე ცენტრალურ აზიაშიც, სუბ-საჰარის მიმართულებით. აქ ახალი დაპირისპირების კერები გაჩნდება. შეიძლება ცენტრალური აზია მთავარი გეოპოლიტიკური განვითარების ეპიცენტრადაც გადაიქცეს.

ცენტრალური აზიის ასეთ არეალში მოხვედრა რამდენად იმოქმედებს საქართველოზე?

- ბუნებრივია, ჩვენთანაც გაგრძელდება ცივი ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსეთსა და ამერიკას შორის. კიდევ უფრო გამძაფრდება ეს ომი, რადგან თებერვალში ამერიკა ფინანსურ აქტივებს გაუყინავს რუს ოლიგარქებს. ეს იქნება საბოლოო წვეთი ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებაში. არ გამოვრიცხავ ამერიკა-რუსეთის შეიარაღებულ დაპირისპირებასაც ჰქონდეს ეპიზოდური ხასიათი.

როგორც ჩანს, ნაწილობრივ გამართლდება ბაიდენის ცენტრის ხელმძღვანელის მაიკლ კარპენტერის ნათქვამი, რომ რუსეთმა რევანშისტული ქმედებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს. საუბარია საქართველოსა და უკრაინაზე.

- რა თქმა უნდა, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ გართულდება ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის.

პუტინის ფაქტორი კვლავაც უცვლელი დარჩება და რუსეთში არჩევნები წესისამებრ ერთფეროვნად ჩაივლის?

- პუტინის შეცვლაზე საუბარი გამორიცხულია. პუტინი როგორიც არის, ასეთად დარჩება და შეიძლება კიდევ უფრო წავიდეს  კონფრონტაციული მიმართულებისკენ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას აიღებს პუტინი მარტში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს. თუ მან აიღო 70%-ზე მეტი, ეს მის ამბიციას კიდევ უფრო გააძლიერებს. თუ შედარებით მცირე პროცენტს აიღებს, ამან შეიძლება მისი ამბიცია ცოტა შეასუსტოს, მაგრამ აგრესიულ ელემენტებს მაინც გამოაჩენს.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი შედეგიც არ უნდა მიიღოს პუტინმა, მისი ლეგიტიმაცია შემდგარი და ძლიერი იქნება. პუტინის გადიდებულ ამბიციას, ასევე, ხელს შეუწყობს ის ფაქტიც, რომ წლეულს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და რუსეთი ბუნებრივად მოხვდება მსოფლიო ეპიცენტრში. რეალურად საკმაოდ ცხელი პროცესები გველის. შესაძლოა, კავკასიაშიც პროცესები გართულდეს და ამერიკა-რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობა ჩვენზეც აისახოს. ეს წარმოჩნდება იმითაც, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია აღმოსავლეთში, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით.

იერუსალიმის სტატუსი ახლა თანდათანობით იწყებს ზვავივით ძალის აკრეფას და აქ უკვე საინტერესოა თურქეთისა და ირანის პოზიციების გაძლიერება რუსეთის პოზიციებთან ერთად და მათ შორის არსებული ალიანსური პასაჟის შეკვრა. გარდა ამისა, ჩინეთისა და ევროკავშირის გარკვეული ინტერესები იკვეთება კავკასია-კასპიისპირეთის რეგიონში. ასე რომ, ჩვენი რეგიონი გლობალურ-გეოპოლიტიკური თამაშების მთავარი ეპიცენტრი იქნება.

არ გამოვრიცხავ, ევროკავშირსა და ამერიკას შორის პროცესები კიდევ უფრო გართულდეს და ჩინეთის მიმართაც ურთიერთობების ერთგვარი შენელება დაიწყოს, რადგან ახლა პარადოქსული რამ ხდება. კერძოდ, რუსეთი უკვე დასავლეთზე კი აღარ არის დამოკიდებული (მათ შორის, ფინანსურადაც), არამედ ჩინეთზე. მართალია, რუსეთში ეროვნული და სარეზერვო სავალუტო ფონდის რესურსები, ფაქტობრივად, განულებულია, მაგრამ რუსეთი, როგორც ჩანს, ამის სხვა რესურსიდან შევსებას აპირებს. ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ დღეს რუსეთი დამოკიდებულია ჩინეთზე და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის  ჩინეთზე დამოკიდებულება 70 მილიარდ დოლარს შეადგენს. ასე რომ, რუსეთი ჩინეთზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე დასავლეთზე. 

ჩინეთზე დამოკიდებულება რუსეთისთვისაც ხომ საშიშია, თუნდაც მისი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე? ჩინელები ნელ-ნელა სახლდებიან ციმბირში და მშვიდობიანად ეუფლებიან რუსეთის ვრცელ ტერიტორიებს.

- რა თქმა უნდა, ეს ფაქტები არსებობს. ამ ოთხივე გეოპოლიტიკურ მოთამაშეს შეიძლება ჰქონდეთ დაპირისპირების კონტურები, რადგან ოთხივე მოთამაშე, ოთხივე გავლენის ცენტრი დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ სტრატეგიას განახორციელებს და დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს. თუ ვინ აჯობებს ამ ოთხი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრიდან, ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს და საქართველოს, ჩვენ უკვე აღმოვჩნდით ტერორისტულ ეპიცენტრში, პანკისის მოვლენებმა ამ სიტუაციაში ცუდი როლი ითამაშა და ღმერთს უნდა ვთხოვდეთ, რომ გადარჩეს ქისტი ახალგაზრდა, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულო იყო.

შეიძლება, ეს პროცესი ამასთან არავითარ კავშირში არ იყოს, მაგრამ ჩვენ საბაბს ვაძლევთ სხვადასხვა ჯიჰადისტურ საშიშ ორგანიზაციებს, რომ დარტყმა საქართველოზეც განახორციელონ, თორემ არც ქისტი ახალგაზრდები და არც პანკისის რეგიონი ჯიჰადისტურ საქმიანობაში იმდენად არ არიან ჩართულნი. უბრალოდ, ჩვენ არ ვაძლიერებთ და არ ვუფრთხილდებით ყველაზე სტაბილურ ამ რეგიონს, რომელიც დიდი ხანია, აღარ არის წყარო, საიდანაც შეიძლება საფრთხეები მომდინარეობდეს. ჩვენ ხელოვნურად ვტეხთ ჭიქაში ქარიშხალს და ეს არის ყველაზე საინტერესო. ჩვენივე ხელით რატომ ვიკეთებთ ჰარაკირს? ნუთუ სხვა საქმეები არ აქვთ? მიხედონ სხვა საქმეებს. 2018 წელი ჩვენთვის ამ მხრივაც საშიშია. ვშიშობ, ასეთი გადაწყვეტილებები კიდევ არ განმეორდეს. არაკომპეტენტურ პირთა ხელში შესაძლოა, უარესი სიტუაცია განვითარდეს.

რაც შეეხება ამერიკას, შეერთებული შტატები ჩვენი სანდო პარტნიორია, მაგრამ არაორდინარული  ტრამპის პერსონიდან გამომდინარე, ტრამპის ამერიკა რამდენად სანდო პარტნიორად შეიძლება მივიჩნიოთ? შეგვიძლია ასეთი ოკეანისგაღმელი ლიდერის იმედი გვქონდეს?

- ამერიკის დღევანდელ ხელმძღვანელობას არასაიმედო პარტნიორად ჩვენზე უფრო ახლოს მდგომი სტრატეგიული პარტნიორები მიიჩნევენ. ევროკავშირის სახელმწიფოებმა  ამერიკასა და ტრამპს პირდაპირ სილა გააწნეს, როცა ევროკავშირის 22-მა სახელმწიფომ ცალსახად დაუჭირა მხარი ანტიამერიკულ რეზოლუციას და ექვსმა სახელმწიფომ თავი შეიკავა. საქართველოს მსგავსად, ისინი არათუ გავიდნენ დარბაზიდან, არამედ მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში, მაგრამ თავი შეიკავეს, ანუ ამერიკისთვის უფრო უარესი პოზიცია დააფიქსირეს. 

ტრამპის არასანდოობა ხომ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს?  

- ბუნებრივია, პუტინი ოსტატურად ახერხებს მანიპულირებას. ამან შეიძლება შეამციროს ამერიკის ზეწოლა რუსეთზე საქართველოსა და უკრაინის მიმართებით.

ე.წ. რეფორმატორის მოქმედებასაც შევეხოთ, „ვაშინგტონ-ტაიმსის“ სტატიაში ვკითხულობთ-„რეფორმატორი, რომელიც უკრაინას არ სჭირდება“. უკრაინელები სასწაულებს  ელოდნენ სააკაშვილისგან, მაგრამ მის ნაცვლად რევოლუციონერი მიიღეს.  სააკაშვილი უკვე თავად გადადის შეტევაზე და ევროსასამართლოსაც არ გამორიცხავს მისთვის თავისუფლების  უსამართლოდ შეზღუდვის გამო. როგორი იქნება მისი მომავალი 2018-ში? შინაპატიმრობისთვის განწირული სააკაშვილი დაპირებისამებრ სახლში დიდ ეკრანს დაყენებს და უკრაინელ ხალხს ამ ეკრანიდან დაუწყებს ურთიერთობას, თუ ჰოლანდიას შეაფარებს თავს?

- მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უკვე კომიქსების გმირი გახდა, მასზე კომედიურ სერიალებს იღებენ. ევროსასამართლომაც უცებ არ მიიღოს სააკაშვილის სარჩელი და უცებ არ განიხილოს. ის გაფუჭებული კარტია. გახსოვთ, ალბათ, ასეთი ფილმი „არასერიოზული კაცი“. სინამდვილეში, ის არასერიოზული კაცი სერიოზული პიროვნება გახლდათ,  „არასერიოზული კაცი 2“, ანუ სააკაშვილი კი რეალურადაც არასერიოზული ტიპაჟია.

ფაქტია, უკრაინას არ სჭირდება რევოლუციონერი, მაგრამ ნიდერლანდებს სჭირდება?
- გავიხსენოთ მეთიუ ბრაიზას სიტყვები. სულ ახლახანს ბრაიზა გამოვიდა რადიო „თავისუფლების“ სატელევიზიო არხზე „ნასტაიაშჩეე ვრემია“. როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა სააკაშვილის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბრაიზამ აღნიშნა,  სააკაშვილი ვაჟკაცი პიროვნებააო, ამავე დროს, კარგი მინიშნებაც გააკეთა. მან თქვა, ელემენტარულად, სააკაშვილს დღეს ვერ გამოჰყავს იმაზე მეტი ადამიანი, რამდენიც ქართველები არიან, მას ძალზე ცოტა ხალხი უდგას გვერდში და დღეს უკრაინაში არსებული ორომტრიალი და სიტუაციის აღრევა პირდაპირ ჩრდილოეთის მხარის ინტერესშიაო.

ფაქტობრივად, ბრაიზამ დააფიქსირა, რომ  სააკაშვილი, ეს „ვაჟკაცი პიროვნება“ ვაჟკაცურად ასრულებს მოსკოვის დავალებას. ეს ბრაიზას ნათქვამის ზუსტი დეფინიცია იყო. ამით ყველაფერია ნათქვამი სააკაშვილის უახლოესი მეგობრისა და სტრატეგიული ლობისტის, მეთიუ ბრაიზას მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიზა ახლა აღარ არის მოქმედი პოლიტიკოსი, იგი ვაშინგტონის საერთო პოზიციას ახმოვანებს. ამიტომ 2018 წელს მიშას მომავალი მესახება ისე, როგორც ქუჩის ბომჟისა სანაგვე ყუთთან. ის ქუჩაში გაშლის კარავს და ეს იქნება მისი ბოლო.

მთლიანობაში, როგორც ჩანს, 2018 წელი არ იქნება მთლად დიპლომატიური, ტოლერანტული და მსოფლიოში არც ჰუმანურობა წამოიწევს წინ?

- გასული წლის ბოლოს განვითარებული პროცესები ასეთ ილუზიას ნამდვილად არ ტოვებს. ჩვენ სიურეალისტური ტიპის პერიოდში გადავდივართ, სადაც აბსოლუტურად ყველა რეალისტური პროექტი დაჩქარებული გლობალიზაციის პირობებში ადეკვატურად ხორციელდება.