„შს სამინისტრო ყველასათვის მაქსიმალურად გახსნილი იქნება“

„შს სამინისტრო ყველასათვის მაქსიმალურად გახსნილი იქნება“

შინაგან საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, გიორგი გახარიამ სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, სამინისტროს გამოწვევები და მიზნები გააცნო. მინისტრის განცხადებით, უწყებაში რეფორმების წარმატებული განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და მხარდაჭერა.

გახარიამ ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის, კრიტიკის, მოსაზრებებისა და წინადადებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სტრუქტურის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის ამაღლებასა და საზოგადოების საჭიროებებზე მეტად ორიენტირებულობას.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან დაისვა შეკითხვები აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საუბარი შეეხო საპოლიციო კონტროლს, ადამიანის უფლებების დაცვას, ნარკოპოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო პოეტ ზვიად რატიანის საკითხსაც და უწყების სტრუქტურულ რეფორმებს რამდენიმე მიმართულებით.

„ვისაუბრეთ კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის მიმართულებით და ასევე სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით. შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და იმ დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც დაანონსდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. ასევე, ვისაუბრეთ გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახში, ძალადობა ზოგადად, ასევე, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული და ა. შ.“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

„ეს იყო სამინისტროს ღიაობა, გახსნილობა გარკვეული მიმართულებით და მათი ჩართულობა გარკვეულ რეფორმებში. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები. არანაირი პრობლემა მათთან კომუნიკაციისთვის არც ერთი მიმართულებით არ იქნება, რადგან მათი ჩართულობა ყველა იმ რეფორმაში, რის განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს, მათი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მესამე სექტორმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებთა მიმართებაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვები ჰქონდათ.

როგორც გიგაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო ნარკოტიკების ჩადების საკითხს, ასევე, ისაუბრეს პოეტ ზვიად რატიანის ცემისა და გასამართლების საქმეზე.

ეკა გიგაურის განმარტებით, მესამე სექტორი დაინტერესდა იმით, რა ხედვები აქვს შს მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით.

„საერთო ჯამში ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, ბოლო პერიოდში დაგროვებულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრობლემური იყო ის საკითხი, რაც რატიანთან დაკავშირებით გავრცელდა, ვგულისხმობ ვიდეომასალას და ვფიქრობ, რომ ეს მიზანშეწონილი არ იყო“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, საუბარი შეეხო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის რეფორმირების საკითხსაც.