„საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური“

„საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური“

შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც სისტემის რეფორმირებას გეგმავს, აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული.

მინისტრმა საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯი გადადგა, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ არც ერთ მის წინამორბედს არ განუხორციელებია - თემისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, შს მინისტრი მწერალთა კორპუსს შეხვდა - შეხვედრაზე მწერალ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეს. გიორგი გახარიას თქმით, არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები და მწერლებთან შესახვედრად სწორედ ამიტომ მივიდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის შს სამინისტროს საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა. საზოგადოების ნდობის გარეშე შსს-ს საპოლიციო სისტემის რეფორმირება შეუძლებელი იქნება. მესმის, რომ არის ნდობის გარკვეული პრობლემები. არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რისთვისაც მე აქ მოვედი“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათი მხრიდან კარი არის ღია.

„ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და შევთავაზეთ კოლეგებს და საზოგადოებას, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული. ყველას კარგად გვესმის, რომ სისტემის რეფორმირება არის უმნიშვნელოვანესი დღეს, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ერთი და მეორე, რის გამოც ჩვენ აქ მოსვლა გადავწყვიტეთ - რამდენიმე დღის წინ იყო პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციის დროს ჩვენ აშკარად დავინახეთ ის მესიჯები, რომელიც ძალიან ახლო თანხვედრასთან მოდიოდა ჩვენს პოზიციასთან სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.

მწერლები მიესალმებიან მინისტრის ამ ნაბიჯს - როგორც პოეტმა, რატი ამაღლობელმა აღნიშნა, მათი პოზიციაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და ის ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობას ჩამოაშოროს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, მინისტრი მიხვდა გამოწვევას, სად არის და როგორია საზოგადოებრივი აზრი.

„ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევაზე იყო პასუხი მისი დღევანდელი ვიზიტი კულტურის სამინისტროში. სურვილი იყო მისი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, გარკვეული შეთანხმებები მოვნახოთ. ჩვენ ვაფასებთ ამ სურვილს. ახლა ვითარება არის ასეთი, რომ ერთ მხარეს არის სისტემა, 40 ათასი ადამიანი დასაქმებული, ბიუჯეტით დაფინანსებული და მეორე მხარეს არის ერთი ინდივიდუალური მოქალაქე, ზვიად რატიანი. ასეთი დაპირისპირებაა - სისტემა და მოქალაქე. ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და ჩვენი პოზიციაა, რომ მინისტრმა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და კომპეტენცია და ის ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს, მინიმუმ ჩამოაშოროს დაკავებულ თანამდებობას გამოძიების პროცესში“, - განაცხადა ამაღლობელმა.

პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახესა და კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება, რაც მისივე მტკიცებით, პოლიციელებმა მიაყენეს. როგორც მისი მეგობრები ამტკიცებენ, რატიანს ძლიერი თავის ტკივილები აქვს, რაც შესაძლოა, ტვინის შერყევას უკავშირდებოდეს.

რატიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშივე მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ზვიად რატიანი რამდენიმე დრის წინ თამარ მეფის გამზირზე აიყვანეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას. ამ დროისათვის რატიანი თავისუფალია. ის ხელწერილით გამოუშვეს. ზვიად რატიანმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებდა, რატიანის შემოწმების საფუძველი პოლიციას ჰქონდა, ვინაიდან ის იყო ნასვამი და საეჭვოდ იქცეოდა.

„ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. არსებობდა ბატონი ზვიად რატიანის შეჩერების საკმარისი საფუძვლები. ჩვენ გუშინ საზოგადოებას ვუთხარით, რომ გვაქვს ვიდეომასალა, რომელზეც დეტალურად არის აღწერილი, როგორ უწევს რატიანი პოლიციას წინააღმდეგობას. თუმცა, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადგან პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, ეს რაიმე ფორმით ამართლებს პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. თუკი დადასტურდა გამოძიების ფარგლებში, რომ პოლიციელებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზვიად რატიანს, შსს-ს მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც რატიანი აცხადებს, კონფლიქტი იმით დაიწყო, რომ სამართალდამცველებს მისი ქურთუკის ფერი „არ მოეწონათ“.