თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა - საქმე ეხება პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირებს.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.
სასამართლოს მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს დახმარება გაუწიეს დროებითი საცხოვრებლით, მომსახურებით და აგრეთვე უზრუნველყვეს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
„2017 წლის 21 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, ბოროტმოქმედებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი, კერძოდ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
იმის გამო, რომ მიმდინარეობს გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მიმალვის მომატებული საფრთხეები.
„რომელთა თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიიჩნია, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
როგორც საქმის პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი აცხადებს, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც არსებობდა ბრალდებული პირების მიმალვის, ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები.
„არსებობდა საფრთხე ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე მომხდარიყო ზეგავლენა. ასევე, დანაშაულის ქმედების გაგრძელება და საქართველოს ტერიტორიის დატოვების საფრთხე. რაც შეეხება გორნაკაშვილის საქმეს, ეს იყო ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, როდესაც მათ ბრალი წარედგინათ. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით. ამის შემდეგ მივმართეთ სხვა ბრალდებულებზეც. სწორედ ამის გამო გაიმართა ცალ-ცალკე სასამართლო პროცესები“, - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაჭრილ პირს, როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ აქვს წარდგენილი და მისი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, პროკურორი განმარტავს, რომ პროკურატურას მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წაარსადგენად 48-საათიანი ვადის დაცვის ვალდებულება არ გააჩნია.
დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულონი არიან, სპეოცპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არ არის საშიში პიროვნება და შესაბამისად სასამართლოსგან მოითხოვს, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო სასჯელი განესაზღვროს, ალტერნატივის სახით კი გირაოს შესთავაზებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, - თუ ალდამოვის მიმართ გამოყენებული იქნება გირაო, შესაძლებელია, მისი რესურსის გამოყენება გამოძიების ინტერესებისთვის.
ოპოზიცია გამოძიების დასრულებას არ ელოდება და ხელისუფლებას აკრიტიკებს - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ორი დღის წინ, პანკისის ხეობაში ღამით ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს, „ხელისუფლებამ საძინებელ ოთახში მყოფი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა“.
პროკურორის განმარტებით, იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აღმოჩენილი, გამოძიების მსვლელობის ფარგლებში გაირკვევა, რომელიც საქმიდან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ისიც გამოძიებას ელოდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მივიღეთ დაპირება, რომ ამ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს პირობა შეასრულა. გაშიფრულია ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, მოპოვებულია მტკიცებულებები და დადგინდნენ ხელშემწყობი პირები.
„ამ ყველაფრით უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი. როგორც ჩანს, მზადდებოდა თავდასხმები არამხოლოდ საქართველოში, არამედ - საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მადლობას ვუხდი ჩვენს სპეცსამსახურებს, რომ პროფესიონალიზმის და თავდადების ფასად საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა ამერიკელ კოლეგებსაც მტკიცე მხარდაჭერისთვის, საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის“, - განაცხადა თალაკვაძემ.