საქართველოს პარლამენტს ორი ახალი ფრაქცია უკვე შეემატა - ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველო“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 19-მა დეპუტატმა შეიტანა განცხადება, რომელიც ახალ ფრაქციაში გაწევრიანების მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლას ეხება.
როგორც კობახიძე აცხადებს, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გადიან და ახალ ფრაქციებში ნაწილდებიან მაჟორიტარი დეპუტეტები: ზაზა პაპუაშვილი, კობა კობალაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი კოპაძე, იოსებ მაკრახიძე, კობა ნაკაიძე, თამაზ ნავერიანი, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე, ივლიანე წულაია, გენადი მარგველაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ედიშერ თოლორაია, რუსლან პოღოსიანი, ანზორ ბოლქვაძე, მირიან წიკლაური, გიორგი თოთლაძე.
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა და მასში გაერთიანდნენ ბიძინა გეგიძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ზაზა პაპუაშვილი (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე), ლევან გოგიჩაიშვილი (ფრაქციის მდივანი), კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე, ირაკლი აბუსერიძე.
ფრაქციაში „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ კი პარლამენტის 11 წევრია: გოჩა ენუქიძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ირაკლი ხახუბია (თავმჯდომარის მოადგილე), პაატა მხეიძე (ფრაქციის მდივანი), ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე.
რაც შეეხება დეპუტატების გადანაცვლებას, ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ დატოვა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ; სამაგიეროდ, მწვანეთა ფრაქციაში გაწევრიანდნენ პარლამენტის წევრები, სავალალ მირზოევი და გენადი მარგველაშვილი. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ სავალალ მირზოევი, ხოლო მდივნად გენადი მარგველაშვილი აირჩიეს.
ფრაქციაში „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ კობა ლურსმანაშვილი და ანზორ ბოლქვაძე გაწევრიანდნენ, ხოლო ამავე ფრაქციიდან გავიდნენ გოდერძი ჩანქსელიანი და პაატა მხეიძე. ფრაქცია „ქართული ოცნება - ქრისტიან დემოკრატები“ კი დატოვა პარლამენტის წევრმა სავალალ მირზოევმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატებში“ მირიან წიკლაური და რუსლან პოღოსიანი გაწევრიანდნენ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ ბექა ნაცვლიშვილი, ხოლო მდივნად რუსლან პოღოსიანი აირჩიეს.
როგორც საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განმარტა, ყველა დეპუტატის განცხადება ერთი ფრაქციიდან გასვლისა და მეორეში შესვლის შესახებ კომიტეტს გადამოწმებული აქვს და ყველაფერი რეგლამენტის წესების სრული დაცვით განხორციელდა.
გარდა ამისა, კომიტეტის მიერ შესწავლილია ორი ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დოკუმენტაცია და საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციების შექმნას მხარს უჭერს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან გოცირიძის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქციის შექმნა დაახლოებით მილიონით გაზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს დარჩენილი სამი წლის განმავლობაში, ხოლო ორი ახალი ფრაქციის შექმნა საპარლამენტო უმრავლესობაში ძალთა გადაჯგუფების მაჩვენებელია.
„რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ ვიღაცებს და არ უნდათ მთავარი პარტიის ფრთებქვეშ იყვნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი ერთი კვირის განმავლობაში ეს ფრაქციები ვერ შეაკოწიწეს, ამ ხალხს არ უნდოდა მთავარი ფრაქციის დატოვება, ვინაიდან ის მოაიზრება ივანიშვილის ფრთებქვეშ არსებულ ჯგუფად. ამიტომ ძლივს შეკოწიწდა ეს ორი ფრაქცია. რეალურად, ამას არავითარი პოლიტიკური დატვირთა არ აქვს. ეს არის მორიგი ბიუჯეტის მჭამელი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება საკმაოდ სერიოზული ხარჯები: სულ მცირე 4 მანქანა, აპარატი, მივლინებები და უამრავი სხვა თანმდევი ფუფუნება, რომელიც ახლავს ხოლმე ფრაქციას. პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ეს არის პოლიტიკური მუშაობის ფორმა და როდესაც ასე იქმნება ფრაქცია, ეს არის ვიღაცებისთვის სასათბურე პირობების შექმნა და მეტი არაფერი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა გუნდში არსებული განხეთქილებით არის განპირობებული, არ ეთანხმება. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, იმაზე მეტი სისულელე, რომ უმრავლესობაში ახალი ფრაქციები გადანაწილდა ვიღაცების მეგობრობის ნიშნით, უკვე დიდი ხანია, არ სმენია.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ამ შემთხვევაში იმდენად არ ემთხვევა არც რეალობას, არც რეგლამენტს და საერთოდ, აცდენილია ყოველგვარ ლოგიკურ აზროვნებას, რომ მე ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. „ქართული ოცნების“ წამყვანი ფრაქცია საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ოპერატიული მართვა შეძლოს. არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს გუნდები, ფრაქციები, რომლებიც მართვის სისტემასაც გააუმჯობესებენ და გარკვეულ საკითხებსაც დაალაგებენ ყურადღების ქვეშ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ხარჯებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება.
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა 110 - კაციანი ფრაქციისგან რამდენიმე 6 - კაციანი ფრაქცია გაკეთდა, ვაანონსებდით, რომ ფრაქციების რაოდენობა გაიზრდებოდა, მიზეზად უკეთეს მენეჯმენტს ვასახელებდით - 7 - კაციანი და 11 - კაციანი ფრაქციები შეიქმნა. მოხდა გარკვეული გადაჯგუფება, იქნება თემატური ჯგუფები. აზრთა თანხვედრა არის მთავარი. რაც შეეხება ხარჯებს, აბსოლუტურად არასწორია საუბარი, რომ ხარჯებში ეს რაიმე ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან ეს დამოკიდებულია დეპუტატების რაოდენობაზე. ამაზეა დამოკიდებული, როგორც სამივლინებო, ისე აპარატის ხარჯები ფრაქციებში. ხარჯებთან მიმართებაში ფრაქციების შიგნით განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ფრაქციების შექმნას ბევრი მიზეზი ჰქონდა.
„ვერსია, თითქოს რაღაც განხეთქილება იყო და ამას უკავშირდება ფრაქციების შექმნა, სიმართლეს არ შეესაბამება. უმრავლესობა, ისე, როგორც არის მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთიანი და ძლიერი გუნდია. არანაირი განხეთქილება არ არსებობს. ფრაქციების შექმნის მიზანშეწონილობა სულ სხვა იყო, ეს უფრო მოქნილს გახდის უმრავლესობას. საკმაოდ მრავალრიცხოვანია უმრავლესობა, ამ ფორმით კი პარლამენტის წევრებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ იყვნენ ჩართული ყოველდღიურ საკანონმდებლო საქმიანობაში და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ დამატებით ორი ფრაქციის შექმნა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.