პარლამენტი, ორი ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, დღეს, ბიუროს სხდომის შემდეგ მიიღებს. უმრავლესობაში ფრაქციები - „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ იქმნება.
ბიუროს გუშინდელ სხდომაზე უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია უნდა დარეგისტრირებულიყო. არაოფიციალური ინფორმაციით, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი უმრავლესობის შიგნით, ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებული უთანხმოება იყო.
კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობამ შიდაკონსულტაციები უშედეგოდ დაასრულა - შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი მომავალი ფარქციების შემადგენლობაა.
ასევე ცნობილია, რომ გადაჯგუფების პროცესი უკვე დაწყებულია - ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარდა, უმრავლესობის შიგნით არსებული სხვა ფრაქციების რამდენიმე წევრმაც დატოვა საკუთარი გუნდი და ახალი ფრაქციების რიგებში მოგვევლინებიან.
მაგალითად, დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეებიდან“ კვლავ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლა. ამ ეტაპზე კი იმ ექვსკაციანი ფრაქციების შევსება მიმდინარეობს უმრავლესობის წევრებით, რომლებსაც დეპუტატები ახალ ასპარეზზე გასასვლელად გაეთიშნენ. არსებული ინფორმაციით, გადაადგილება დაახლოებით, უმრავლესობის 20-ზე მეტ დეპუტატს შეეხო.
რეგლამენტის თანახმად, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი დეპუტატისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არ აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.
მთლიანობაში, ორი ახალი ფრაქციის ფორმირებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში რვა ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი გუშინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა უმრავლესობაში არსებული შეუთანხმებლობის გამო საკითხი გადაიდო.
უმრავლესობა დაპირისპირებასა და შეუთანხმებლობას გამორიცხავს. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კითხვები არ არის, მაგრამ ტექნიკური საკითხები მოსაწესრიგებელია. მისივე ცნობით, სწორედ საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე მოხდა ბიუროს სხდომის გადადება.
სავარაუდოდ, ფრაქციების ფორმირების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთანაც გაიმართა კონსულტაციები, თუმცა ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ფრაქციების საკითხზე არ უმსჯელიათ.
„ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ფრაქციებზე საუბარი, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე გვქონდა საუბარი. რაც შეეხება ფრაქციების საკითხს, ბიუროზე გახდება ცნობილი შემადგენლობა“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
როგორც ცნობილია, დაგეგმილია უმრავლესობაში არსებულ ფრაქციებში ფრაქციის წევრების გადანაცვლება, თუმცა, მოლაპარაკებაში მონაწილე დეპუტატები ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხდება ახალი ფრაქციების დარეგისტრირება და რა შემადგენლობით ჩამოყალიბდება ისინი.
არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში გამართული სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ რომელშიც მამუკა მდინარაძე, ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე მონაწილეობდნენ, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ფრაქციების რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში მოხდება.
როგორც ცნობილია, ერთი ახალი ფრაქციის თავმჯდომარე იქნება გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მეგობარი ბიძინა გეგიძე, მეორე ახალ ფრაქციას სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნეს-პარტნიორი, გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს. ძირითადი ფრაქციის ლიდერი ისევ მამუკა მდინარაძე იქნება.
მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირებაზე კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა უმრავლესობა ამას უარყოფს და ერთხმად ამტკიცებს, რომ ახალი ფრაქციები არა დაპირისპირების, არამედ მართვის სისტემის გაუმჯობესების გამო, უფრო კარგი კოორდინაციისა და მენეჯმენტისთვის იქმნება.
მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ გოჩა ენუქიძის ფრაქციაში საჭირო 6 კაცზე მეტი დეპუტატი იქნება, უმეტესობა - მაჟორიტარები. თავად ენუქიძის ცნობით, ახალ ფრაქციაში ილია წულაია, პაატა მხეიძე და ოთარ დანელია იქნებიან, დანარჩენ წევრებს მოგვიანებით დაასახელებს.
ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ გია გაჩეჩილაძის მეგობარია, მაგრამ გაჩეჩილაძის ხეჩიკაშვილ-კვირიკაშვილთან დაპირისპირებასა და ახალი ფრაქციების შექმნას შორის კავშირი არ არსებობს.
გეგიძე ახალი ფრაქციის წევრებს არ ასახელებს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო წევრების შესახებ - როგორც ითქვა, ლევან გოგიჩაიშვილი და ზაზა პაპუაშვილი გეგიძის ფრაქციას შეუერთდებიან.