„სვანეთში ენმ-ის რაიონული თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ავტომატით ჩაცხრილეს. ჩვეულებრივი კატასტროფა ხდება - როცა უნდათ, მოგკლავენ“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
არსებული ინფორმაციით, მესტიის საკრებულოს დეპუტატს ლომარ ნიგურიანს, მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ, მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა.
„შეძრული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას“, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიაში მომხდარ მკვლელობას. სოციალურ ქსელში.
„მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს“, - აცხადებს სააკაშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, ლომერ ლიგურიანის მკვლელობას წინ პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, დაბრუნდა ვენდეტა - 3 შვილის მამა ლომარ ნიგურიანი სახლთან ახლოს, დღისით, მზისით ჩაცხრილეს.
„მკვლელობის მოტივზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ვარკვევთ დეტალებს და ალბათ, დაველოდებით იმ ვერსიებს, რაზეც გამოძიება იმუშავებს. ფაქტია, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენური ვითარება, წახალისებულია კრიმინალი, დაბრუნდა ვენდეტა და იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური ნება იყოს კრიმინალის წინააღმედგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კომუნისტურ რეიდებს გვთავაზობს“, - განაცხადა მელიქიშვილმა.
გამოიყენებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ტრაგიკულ ფაქტს პოლიტიკური მიზნებისთვის, უცნობია, თუმცა განცხადებები შურისძიების შესახებ სწორედ საამისო ნიადაგის შექმნის მცდელობას ჰგავს.
როგორც ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფაქტს გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, თუმცა, ექსპერტი არ ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა იყო განმსაზღვრელი ამ ტრაგედიის.
„მესმის, რომ არის დაპირისპირება, მაგრამ იმ დონეზე, რომ ნაციონალებს მოსაკლავად დასდევდნენ - ნამდვილად არა. საშიში ეს ტენდენცია კი არ არის, არამედ თუ მასობრივი დაპირისპირება დაიწყება, მაგრამ ესეც მეეჭვება რომ მოხდეს“, აცხადებს ძაბირაძე.
როგორც ძაბირაძე თვლის, ნაციონალებმა მშვენივრად იციან, რომ ეს შეიძლება იყოს გაგრძელება იმ ყველაფრისა, რაც მანამდე ხდებოდა - პრემიერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება ჯერ პარლამენტში, შემდეგ ტელეეთერში, და შემდეგი იქნება ეს ფაქტი იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლება გადავიდა ტერორზე.
„მეორე მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ რთული ვითარებაა და თუ დაიწყო გამოსვლები, ცდილობენ შექმნან საფუძველი - როგორც 2003 წელს, როდესაც აბაშიძის მომხრეები ჩამოვიდნენ თბილისში და უპირისპირდებოდნენ რუსთაველზე გამოსულ დემონსტრანტებს. დავუშვათ, თუ სააკაშვილი ჩამოიყვანეს საქართველოში და ნაციონალები იძულებულები გახდებიან, ქუჩაში გამოვიდნენ, ბუნებრივია, გაიმართება მათი საპირისპირო აქციაც და შესაძლოა დღეს დეკლარირება, რომ აი, ნაციონალებს კლავენ, იმის გასანეიტრალებლად სჭირდებოდეთ, რაც შეიძლება მოხდეს, თუკი ისინი ქუჩაში გამოვლენ“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, ამ ფაქტს პოლიტიკური შეფერილობა მისცეს, მაგრამ საქართველოში ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ეს პოლიტიკური შურისძიება იყო. რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თუკი მსგავსი ლოგიკის განვითარებას შეეცდებიან, ეს მათ რეიტინგს მხოლოდ დააზარალებს და არაფერს შემატებს.
„შესაძლოა, ეს განცხადებები დასავლეთზე იყოს გათვლილი. ვიცით, რომ მათი მეგობარია დასავლეთში „სახალხო პარტია“ და ამ პარტიის რომელი წევრი რა განცხადებას გააკეთებს ეს ჯერ კიდევ არ ვიცით“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, დღეს ნაციონალები წინასწარ ქმნიან ამინდს, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვან - მათ სხვა ჯგუფი კი არა, ხელისუფლება უპირისპირდება.
„მეჩვენება, რომ სწორედ ამიტომ ცდილობენ ნაციონალები, მკვლელობას პოლიტიკური ელფერი მისცენ“,- თვლის ვახტანგ ძაბირაძე. მისივე აზრით ისიც ცხადია, რომ ეს თავისთავად იმუშავებს დასავლეთზე და ეს კიდევ ცალკე ფაქტორია.
„ასე რომ, რაც შეეძლებათ, ყველაფერს გააკეთებენ“, - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
შეცვლის თუ არა ნაციონალების ნარატივს ის ფაქტი, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი დეპუტატის ნათესავია და არა პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი, ძნელი სათქმელია, თუმცა თუ თემის გაპოლიტიკურება მათ რეიტინგს რამეს შემატებს ან საზოგადოებრივ განწყობებში ხელისუფლების მიმართ ნეგატივს გაამძაფრებს, ნაციონალების მხრიდან სავარაუდოდ, უფრო მკვეთრ განცხადებებსაც მოვისმენთ.