„ხელი არ დაადოთ! ბიჭებს უთხარით... იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ!“

„ხელი არ დაადოთ! ბიჭებს უთხარით... იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ!“

„მინდა, 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოვაცხადო“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს სამთავრობო სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატებს მთავრობის პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ გააცნო. ამ კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან.

პრემიერის შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის ამ მიმართლებით ჩართულობა და პარლამენტს მოუწოდა მთავრობასთან ერთად შეიმუშავონ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ განახორციელონ ეს ნაბიჯები პარლამენტთან ერთად. პარლამენტს სამთავრობო სხდომაზე პრემიერმა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღეაბა. კვირიკაშვილის განცხადებით, გარკვეული უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ კრიტერიუმებსაც კი, სავარაუდოდ მოუწევთ დახურვა.

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე. პრემიერი აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით შედეგი არ არის მიღწეული. ქვეყნის მეთაური ასევე შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა პენსიონერებზე პენსიით უზრუნველყოფილ სესხზე არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი. პრემიერი თვლის, რომ პენსიონერებს არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი არ უნდა ჰქონდეთ.

„საპარლამენტო გუნდთან ერთად განვიხილეთ, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, როდესაც პენსიონერი საკუთარი მომავალი პენსიების უზრუნველყოფით იღებს სესხს, მას არ ჰქონდეს ძალიან მაღალი, არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ალბათ გარკვეული რეგულაციები იქნება აქ საჭირო. ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ამ ინიციატივებს. თუმცა, ის, რომ პენსიები ერთ ბანკშია, ეს ტენდერით გადაწყდა, მაგრამ თუ რამე პრობლემებია ამ მიმართულებით, მზად ვართ მათ შორის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც, ჩაერთონ და განიხილონ ეს საკითხები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის დასმულ კითხვის საპასუხოდ, რომელიც „როსნეფტის“ მიერ ფოთის ტერმინალის შეძენის საკითხს შეეხებოდა, პარლამენტის ტრიბუნიდან იმ ობიექტების სია წარმოადგინა, რომელიც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფომ რუსულ კომპანიებზე გაასხვისა. პრემიერმა აქვე განმარტა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული კომპანიების მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და ეს ჩამონათვალი არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა მათ უპირისპირდება.

გიორგი კვირიკაშვილმა ფოთის ტერმინალის შეძენის საკითხზე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, „როსნეფტი“ ფოთის ტერმინალის ირიბი მფლობელია. მისივე თქმით, ეს იყო კერძო გარიგება და პირველი გასხვისება მოხდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე, შემდეგ უკვე აღნიშნული ობიექტი კერძო მფლობელმა გაასხვისა. კვირიკაშვილი განმარტავს, რომ იქ არის ოფშორული კომპანია, თუმცა ბენეფიციარი მფლობელი არის რუსული „როსნეფტი“.

„მე არ მინდოდა ამ ტონალობაში გადასვლა და არც თქვენ მინდა ჩათვალოთ, რომ რაღაც ნიშნისმოგებით გელაპარაკებით, უბრალოდ, ეს იყო კერძო გარიგება და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან მოკლე სია იმ ობიექტების, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ გაასხვისა რუსულ კომპანიებზე.

ეს გახლავთ „ჟინვალჰესი“, „ხრამი ერთი“ რუსულ კომპანია „რაო ესზე“, ეს გახლავთ „ხრამი ორი“. წინასწარვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპანიები დღეს ფუნქციონირებენ საქართველოში და ჩვენს ხელისუფლებას მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ეს ჩამონათვალი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვუპირისპირდებით, მაგრამ მე უბრალოდ ფაქტი მომყავს, თქვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული პრივატიზაციების.

ეს არის გარდაბნის მეცხრე ენერგობლოკი, რომელიც თავდაპირველად გასხვისდა „ინტერრაოზე“, ეს არის გარდაბნის მეათე ენერგობლოკი, რომელიც ასევე „ინტერრაოზე“ გასხვისდა, ეს არის „მადნეული“, რომელიც რუსულ კომპანია „პრომიშენი ინვესტორზე“ გასხვისდა, ეს არის „კვარციტი“, რომელიც ამავე კომპანიაზე გასხვისდა.

ეს არის კომპანია „ბილაინი“, რომელიც რუსულ კომპანიზე გასხვისდა, ეს არის რუსული კომპანია, რომელიც შემოვიდა ჩვენს ბაზარზე და მიიღო ლიცენზია, ეს არის „აზოტი“, ეს არის გაერთიანებული ქართული ბანკი, რომელიც „ვი-თი-ბი“-ზე გასხვისდა, ეს არ იყო სახელმწიფო ბანკი, ეს უბრალოდ კერძო ტრანზაქციაა, ამასაც ხაზს ვუსვამ და ეს არის „ლუკოილი“, რომელიც შემოვიდა ბაზარზე.

ელმავალთმშენებელი ქარხანა, რომელიც რუსულ კომპანიაზე გასხვისდა. ე.წ. არამიანცის პირველი საავადმყოფო, ეს არის „თბილისის წყალი“, ასევე რუსულ კომპანიაზე გასხვისებული. ეს არის ძალიან მოკრძალებული ჩამონათვალი, უბრალოდ კონტრასტისთვის, რომ თქვენ იცოდეთ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, როდესაც თქვენ პრეტენზიებს გვიყენებთ ამ კუთხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომათა დარბაზში რამდენიმეჯერ დაიძაბა, მათ შორის იმ დროს, როდესაც საპარლამენტო ტრიბუნაზე სიტყვით ნიკანორ მელია გამოდიოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პრემიერს მათ შორის, წინა დღით მომხდარი ინციდენტი შეახსენა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყავა.

პროცესი დეპუტატებს და მინისტრებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ვითარების განსამუხტად მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. მელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის ლოჟისკენ გადაინაცვლა და პრემიერს მიმართა:

„ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, ბატონი ოქიტაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა პირდაპირ ეთერში ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს. ბატონო გიორგი, თქვენ მიეცით ამის მაგალითი და თქვენ დაუდეთ სათავე. თქვენს ადგილზე არ მოვიდოდი აქ და დავწერდი განცხადებას და წავიდოდი. ვერ აცნობიერებთ, რას დაუდეთ სათავე. ხვალინდელი და ზეგინდელი დღე შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს თქვენს პოლიტიკურ გუნდს“, - მიმართა ნიკანორ მელიამ.

მელის ეს მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მინისტრებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო. ვითარების განმუხტვაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა მელიას, სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

დაპირისპირების განმუხტვას შეეცადა პრემიერ-მინისტრი, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის წევრებს მოუწოდებდა ხელი არ ეხლოთ მელიასთვის, რადგან შეგნებულად მიდიოდა პროვოკაციაზე.

„ხელი არ დაადოთ! ბიჭებს უთხარით, იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ“! - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიმართ ოპოზიციის ყველა განცხადება იყო პოლიტიკური შინაარსის, რამაც მორჩილი უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციაზე ველური ცხოველებივით მოახდინეს თავდასხმა.

„არ ყოფილა ოპოზიციიდან ერთი სიტყვაც კი, რომელიც ცდებოდა პოლიტიკურ შინაარსს და კორექტულობას. შეგვიძლია ვნახოთ, რომ ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად საპარლამენტო მუშაობის ჩარჩოში, მაგრამ აქ არის აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა. ისე ჩაივლის საპარლამენტო ვადა, დეპუტატები საკუთარ ელემენტარულ როლს ვერ გამოაჩენენ.

გაუხარდათ, რომ გაუჩნდათ ფუნქცია და დაინახეს, რომ რაღაცით შეუძლიათ წაადგნენ მთავრობას, ეს გამოიხატა იმაში, რომ აბრახუნებდნენ სკამებზე, უყვიროდნენ დეპუტატებს და არ გვაძლევდნენ მუშაობის საშუალებას. ყველაზე სამარცხვინოა ის, რომ თავდასხმა მოახდინეს, როგორც ველურმა ცხოველებმა. ტურები რომ გამოძვრებიან ფილმებში და დაესევიან მსხვერპლს, აი, ასეთი ეფექტი მოახდინეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნიკანორ მელიამ სპექტაკლის გამართვა სცადა, რითაც ფრაქციის ხელმძღვანელი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. როგორც დეპუტატი აცხადებს, დესტრუქციული განცხადებების გაკეთება რომან გოცირიძემაც არ დააკლო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ძირი რაც უფრო ულპება, მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ წარმომადგენელს. ზოგიერთი წევრი კიდევ ცდილობს, რომ წინ გაიჭრას და მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება გააკეთოს. ყველაფერმა უზრდელობის პიკს მიაღწია.

საქმე უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს, ამის მიუხედავად, კითხვები კრიტიკული იყო და პასუხები საინტერესო. საუბარი ადამიანურ კონფლიქტზე არ არის, დაპირისპირებაა მექანიზმთან, რომელიც ცდილობს, სიტუაცია არიოს. ყველანარი კრიტიკა საჭირო და ასატანია, მაგრამ კრიტიკა აღარ არის, როცა ზღვარს გადასცდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ორდღიანი დაპირისპირების მიუხედავად, 103-17-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. გიორგი კვირიკაშვილის განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი.

კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს მიმართა და მათ მთავრობის დამტკიცება მიულოცა. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას მოუწევს მთელი უნარის, გამოცდილების, შესაძლებლობის გამოყენება, იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველვყონ სტაბილური განვითარების პროცესი და იზრუნონ მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეზე. პრემიერმა ასევე გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ის უდიდესი მსგავსება, ქვეყნის ექსპრეზიდენტის იერსახესა და მის წარმომადგენელს შორის ჩვენს პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, სწორედ ასევე მისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ზუსტად ანალოგიურად იქცევა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.