ჩვენს დიპლომატიაში თაობათა ცვლა წარმატებით არ მიმდინარეობს

ჩვენს დიპლომატიაში თაობათა ცვლა წარმატებით არ მიმდინარეობს

დიპლომატია ერთ-ერთი სფეროა, რომელიც საეჭვო განწყობის მეზობლების გარემოცვაში მყოფ ჩვენისთანა პატარა ქვეყანას კარგად აწყობილი უნდა ჰქონდეს. თუმცა საქართველოში მაღალპროფესიონალ დიპლომატთა გამოზრდა ძალიან ძნელია, ან, თუ ასეთს გამოზრდი, ღირსეული დიპლომატები ნეპოტიზმის ჭაობში იკარგებიან.

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ძველ საქართველოში დიპლომატიური საქმიანიბისთვის აუცილებელ პირობად ორატორული ხელოვნების დაუფლებას მიიჩნევდნენ და ასეთ ხელოვნებას საგანგებო სკოლებში, მათ შორის, ფაზისშიც ასწავლიდნენ. გარდა ამისა, ძველი სამყაროს დიპლომატიაში დაკანონებული ნორმების თანახმად, ნამდვილ დიპლომატს მოსალაპარაკებელი ქვეყნების ხელისუფლებთან დიდძალი ძღვენი უნდა წაეღო, რაც წარმატებული მოლაპარაკების საწინდარი გახლდათ.

თანამედროვე დიპლომატია მეტ მოქნილობას და ცოდნას მოითხოვს და მხოლოდ ორატორული ხელოვნების დაუფლება არ არის საკმარისი.    

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური სკოლის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის რეფორმირება განვახორციელოთ და ის გარდავქმნათ დიპლომატიურ სკოლად, რომელიც შეძლებს სასერთიფიკაციო პროგრამების შემუშავებას. ეს პროგრამები მიბმული იქნება კარიერულ განვითარებასთან და განგრძობითი განათლების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გახდება“, - მიიჩნევს მიხეილ ჯანელიძე.  

პოლიტოლოგი, დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენ მაღალი დონის დიპლომატები არ გვყავს, ვინაიდან არც ერთი დიპლომატი დამოუკიდებელი და საკუთარ პრინციპთა ერთგული არ არის. არსებობს ორი სფერო, რომლის სპეციალისტებსაც ყველა თავმოყვარე სახელმწიფო თავად ამზადებს. ეს არის უშიშროების სამსახური და დიპლომატია.

„ინჟინერი, ექიმი, აგრონომი შეგიძლიათ მთვარეზეც მოამზადოთ და მარსზეც, მაგრამ არ შეიძლება უშიშროების კადრები აღზარდოთ უცხოეთში, რადგან მათი „დავერბოვკების“ დიდი რისკია. ასევე, დიდი რისკია, რომ თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები მომავალ დიპლომატებს რაღაცაში გამოიჭერენ, ხელს მოაწერინებენ გარკვეულ ქაღალდებზე და ყველაფერს გააკეთებინებენ. შარლ დე გოლი თვლიდა, რომ არ არსებობს მეგობარი ქვეყანა, რადგან ყველა ქვეყანას თავისი ეგოისტური ინტერესები გააჩნია. არსებობს მხოლოდ ქაღალდზე გაფორმებული ხელშეკრულება - „მოკავშირე“, როცა სიტყვიერად გვესმის ფრაზები „თქვენს გვერდით ვდგავართ“, თუმცა რაში გამოიხატება ჩვენს გვერდით დგომა, გაუგებარია. რუსეთი ხან რას გვიკეთებს, ხან -რას, მავთულხლართები გადასწიეს უკან, თუ რა სიკეთეს მივაღწიეთ მოკავშირეების გვერდში დგომით?

სამწუხაროდ, ჩვენს დიპლომატიაში თაობათა ცვლა წარმატებით არ მიმდინარეობს, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე, როგორც ნებისმიერ უწყებაში, შტატების დაკომპლექტება ხდება ნეპოტიზმის პრინციპით. ამას ემატება დიპლომატთა არასათანადოდ გამოყენება. პირადად მე დიპლომატად ვამზადებდი ოთარ დანელიას, რომელმაც დიპლომატიური აკადემია დაამთავრა, მაგრამ იგი ხან სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს, ხან პარლამენტარად გვევლინება. ასევე, ჩემი გაზრდილია კიევში ჩვენი ელჩი გელა დუმბაძე, თუმცა როგორ იქცევა იქ, ამის შესახებ არაფერი ვიცი“, -აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მანვე განმარტა, რომ 21-ე საუკუნეში ყველაზე კარგი დიპლომატები ტრადიციულად ჰყავს ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას უფრო ნაკლებად. ამ ქვეყნებს ნამდვილად კარგი დიპლომატიური სკოლა გააჩნიათ. რაც შეეხება ჩინეთს, მას აქვს  კლასიკური აღმოსავლური დიპლომატია. ასევეა იაპონიაც, რომელიც აღმოსავლური დიპლომატიით არის განთქმული. ამ ქვეყნებში დიპლომატიის სიძლიერე განპირობებულია იმით, რომ ჩინეთსა და იაპონიაში დიპლომატიის საკითხს სერიოზულად უდგებიან, დაფინანსებაა ძლიერი და ნეპოტიზმიც გამორიცხულია.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართველ დიპლომატთა დონე ვერ იქნება მაღალი, რადგან ჩვენ სპეციალური განათლებით ვერ ვამზადებთ ამ ხალხს. უფრო მეტიც, ფრანგული და ინგლისური დიპლომატიის დონემდე კი არა, რუსული დიპლომატიის დონისთვისაც ვერ მიგვიღწევია.

„არა მგონია, საქართველოს დამოუკიდებლად შეეძლოს მაღალი კატეგორიის დიპლომატების გამოზრდა. ამ საქმეში უცხოელი პარტნიორები უნდა დავიხმაროთ, მათ შორის, შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები და სერიოზულად ავიმაღლოთ ქართული დიპლომატიური სამსახურის დონე. თუმცა არსებული უმაღლესი განათლებისა და, ზოგადად, განათლების სისტემის ხარვეზების გამო, სადაც ბავშვებმა წერა-კითხვა არ იციან, ძალზე რთულია იმის დაჯერება, რომ სწრაფად შეიძლება რაიმე შედეგის მიღწევა დიპლომატიის სფეროში“,-აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.