გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ - გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ.
კენჭისყრისას თავი შეიკავა 35-მა ქვეყანამ. რაც შეეხება საქართველოს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. როცა კენჭი ეყარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას, ქართული დელეგაცია არ იმყოფებოდა დარბაზში. კენჭისყრის შედეგების გრაფაში საქართველოსთან მიმართებაში ხმის არც წინააღმდეგ მიცემა, არც თანხმობა და არც თავის შეკავება ფიქსირდება.
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნიკი ჰელიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობდა. ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ნიკი ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც.
„თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა განსაზღვროს, თუ სად განათავსებს თავის საელჩოს. როდესაც ჩვენ დიდი ოდენობით ფულადი წვლილი შეგვაქვს გაერო-ში, ჩვენ ასევე მოველით, რომ პატივს გვცემენ და რა ხდება?! ჩვენ გვთხოვენ გადავიხადოთ საეჭვო პრივილეგიისთვის, რომ უპატივცემულოდ მოგვექცნენ. ამ რეზოლუციამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ აშშ შეწყვეტს გაერო-ს დაფინანსებას.
თუ ჩვენი ინვესტიციები წარუმატებელია, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ეს ინვესტიციები სხვაგვარად მოვიხმაროთ. აშშ დაიმახსოვრებს ამ დღეს, როდესაც აშშ-ს კვლავ სთხოვენ ყველაზე დიდი ფულადი შენატანი გააკეთოს გაერო-ში და ასევე დაიმახსოვრებს ამ დღეს, როდესაც სხვა ქვეყნები აშშ-სთან დახმარებისთვის მოვლენ“, - აღნიშნა ნიკი ჰელიმ.
გაერო-ს რეზოლუციას, რომლის თანახმად 128 ქვეყანა მოუწოდებსაშშ-ს, გააუქმოს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისრაელი სრულად უარყოფს ამ რეზოლუციას.
„იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ყოველთვის იყო. ყოველთვის იქნება. ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობაზე ქვეყნების გაზრდილმა რაოდენობამ განაცხადა უარი. მე ვაფასებ ამას. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და ელჩ ჰეილის მათ მიერ ისრაელისა და ჭეშმარიტების ერთგულად დაცვისთვის“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო და ამბობს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ევროკავშირის პოზიცია არ იყო ერთიანი.
„როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად გაიყო პოზიციები, 35–მა ქვეყანამ თავი შეიკავა, თავის შეიკავეს მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც არ იყო ერთიანი. ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, გავიარეთ კონსულტაციები პარტნიორებთან და ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისად, არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაშიც“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარ პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს, ასეთი ქცევა არ გვეკადრება ქვეყანას“, - აცხადებს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომლის შეფასებით, ქვეყანამ, რომელმაც ამდენი იბრძოლა და ამდენ ხანს ელოდა საერთაშორისო თანამეგობრობაში თავისი ადგილის დამკვიდრებას, ასეთი ქცევა არ ეკადრება.
„უნდა ვაღიარო, რომ არ მესმის დარბაზში არგამოცხადება რა პოზიციაა. როცა ამერიკის ჩვენზე არანაკლებ მეგობრებს, თუ გინდ არანაკლებად დავალებულებს, თავიანთი პოზიციის დაფიქსირების არ მოერიდათ, ანუ საკითხის მიმართ ნეიტრალობა და თავშეკავება კეჭისყრის დროს. სასაცილო ის არის, რომ ერთნაირად მიუძღვნა მადლობა ამერიკის ელჩმა თავშეკავებულებს და დარბაზიდან გასულებს. ანუ, არც არაფერი დაშავდებოდა.
თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარ პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს. ასეთი ქცევა არ გვეკადრება მგონი ქვეყანას, რომელმაც ამდენი იბრძოლა და ამდენ ხანს ელოდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ თავდახრილობას ბოლოს არავინ გიფასებს, არც მოყვარე და არც მტერი. იგი შეიძლება შეგულიანდეს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ში ქართული დელეგაციის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, ცუდია, რომ ამ საკითხზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა მხარეს აღმოჩდნენ.
„საქართველო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული დიპლომატიური ნაბიჯის, როცა საქმე მის მიერ საკუთარი საელჩოს განთავსებას ეხება. ვთვლი, რომ კენჭისყრაში არმონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ქართული მხარის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ოფიციალური ანკარა. თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ თურქეთი პატივს სცემს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.
„რაც შეეხება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გუშინდელ კენჭისყრას, ქართულმა მხარემ განმარტა თავისი პოზიცია. თურქეთის პრეზიდენტმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე აღნიშნეს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. როგორც თურქეთის მთავრობა, ჩვენ ამაყი ვართ, რომ სინდისის სწორ მხარეს ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
გახდება თუ არა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პოზიცია იმის საფუძველი, რომ საქართველოს შუწყდეს ამერიკული დახმარება, ჯერ-ჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამერიკის მხარდაჭერის შეწყვეტის შემთვევაში საქართველოს მძიმე რეალობის წინაშე დადგება. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს მხრიდან დახმარების არსებითი შემცირება მოსალოდნელი არ არის. ბოძაშვილის განმარტავს, ფინანსური დახმარება, რომლის შეწყვეტითაც დონალდ ტრამპი დაიმუქრა, არავის ისე არ სჭირდება, როგორც თავად ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობას.
„ეს ფინანსური დახმარება რამდენიმე ნაწილისგან შედგება - პირდაპირი ფინანსური დახმარება მთავრობებზე, განვითარების დახმარება - სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებების დაცვა, საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები, მიზანმიმართული დონორული დახმარება სამოქალაქო სექტორზე, და ბოლოს, ის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციები რომლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უამრავი ამერიკელია დასაქმებული“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.
მისივე თქმით, ამ დახმარებებიდან ერთი კომპონენტის ამოგდება კიდევ შესაძლებელია, ხოლო დანარჩენის შეკვეცა კი ისევ ამერიკის გლობალური ლიდერობისა და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის იქნება დარტყმა.
„ამიტომაც, რაიმე არსებითი შემცირება დახმარებისა მოსალოდნელი არ არის. უფრო პრობლემური, რაც იერუსალიმის საკითხის ასეთი სახით დაყენებისგან მომდინარეობს, არის ის, რომ ტრადიციული ამერიკული საგარეო პოლიტიკა, რომელიც პარტნიორობასა და მეკავშირეობაზე იდგა, განიცდის თუ არა არსებით ცვლილებას. პარტნიორობა დგას არა მხოლოდ წინმსწრებ კონსულტაციასა და პოზიციების შეჯერებაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად დაცულები არიან პარტნიორები პარტნიორის ცალმხრივი, ერთპიროვნული ქმედებებისგან“, - ამბობს ლევან ბოძაშვილი.