„ნაციონალების ხელწერა და სტილიც ეს არის – როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს, პოლიტიკური მოწინააღმდეგე იქნება, თუ მთლიანად საზოგადოება“, – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის სისუსტეზე მეტყველებს, როდესაც ასეთი სახის პროვოკაციას აყვება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკატორობს, ნიკანორ მელია პარლამენტის წევრია, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს კი თმენის ვალდებულება აქვს.
for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
საკმაოდ უჩვეულო ამპლუაში ვიხილეთ პრემიერ–მინისტრი, მაგრამ ფაქტმა აჩვენა, რომ ვერ გათვალა პრემიერმა რა პოლიტიკურ ჯგუფთან მივიდა?
დავით ზარდიაშვილი: მესმის, რომ პროვოკაცია იყო. ყველანი ადამიანები ვართ და ადამიანურად ვიზიარებ მის პოზიციას, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი წყობილებიდან არ უნდა გამოვიდეს. პრემიერს მეტი თავშეკავებულობა მართებს. ცხადია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე მიდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, წინასწარ უნდა იცოდეს, რომ პროვოკაციას მოუწყობენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ წყობიდან გამოიყვანონ. მაგრამ პრემიერის მთელი ძალა იმაში უნდა იყოს, რომ არ უნდა აყვეს პროვოკაციას.
ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან პრემიერის მდგომარეობიდან გამოყვანის საკმაოდ ბევრი მცდელობა იყო, აქამდე ეს ვერ შეძლეს, მაგრამ როდესაც დეპუტატმა მელიამ „კორუმპირებული“ უწოდა და ასევე სიტყვიერი შეურაცხობა მიაყენა, რასაც მოჰყვა პრემიერის რეაქცია, სისუსტე გამოავლინა კვირიკაშვილმა, რომელსაც საქართველოში და საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე იცნობენ როგორც ძალიან ძლიერ, კვალიფიციურ და გაწინასწორებულ პრემიერს?
- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მას იცნობენ, როგორც კვალიფიციურ და გაწონასწორებულ პოლიტიკოსს, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის მდგომარეობიდან ეს გარკვეულწილად არის სისუსტე. მესმის, რომ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ისვრიან, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია. ყველანაირად ცდილობენ მდგომარეობა დაძაბონ, რაც ოპოცზციაში არიან სულ ამას აკეთებენ. მეტი არაფერი შეუძლიათ, არგუმენტიც არ აქვთ.
როგორ ფიქრობთ, მელიას დებოში წინასწარ იყო ორგანიზებული? ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაში მხოლოდ ორი დეპუტატი - რომან გოცირიძე და ნიკა მელია მონაწილეობდა. ყველა სხვა წარმომადგენელი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, პარტიული ლიდერი და თბილისის საკრებულოს წევრები იყვნენ. პარტიის წევრები არ იყვნენ უფლებამოსილი კითხვით მიემართათ მთავრობის წევრობის კანდიდატებისთვის, რასაც პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს, ამის მიუხედავად პრემიერმა და მთავრობის წევრებმა ეს ფორმატი მიიღეს...
- რა თქმა უნდა, ნაციონალების ხელწერა და სტილიც ეს არის – როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე იქნება, თუ მთლიანად საზოგადოება. ამათ ეს გამოუვიდათ. ვიმეორებ, არ არის კარგი და პრემიერ-მინისტრის სისუსტეზე მეტყველებს, როდესაც ასეთი სახის პროვოკაციას აყვება. მესმის, ადამიანიური რეაქციაა და ეს ბუნებრივია, მაგრამ პრემიერს არ აქვს უფლება აყვეს ადამიანურ ემოციებს. თავშეკავება და მეტი ძალა სჭირდება იმისათვის, რომ ასეთი პროვოკაციებისგან თავიც დაიცვას და ქვეყანაც.
რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი მოჰყვება, „კურიერის“ საინფორმაციო ამაზე იქნება აწყობილი და 2-3 დღე ილაპარაკებენ, მაგრამ დიდი არაფერი მოხდება. პრემიერ-მინისტრს აქვს თმენის ვალდებულება. რაც უნდა ეძახოს და მიუხედავად იმისა, რომ პროვოკატორობს, ნიკანორ მელია პარლამენტის წევრი გახლავთ. არ შეიძლება ასეთი უცენზურო გამონათქვამებით მიმართს პრემიერმა.
მიუხედავად ამისა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ აბსოლუტურად სწორი რეაქცია ჰქონდა ქვეყნის მეთაურს, რომელმაც დაიცვა თავისი ღირსება. სიმართლე გითხრათ, მე ვიზიარებ ამ პოზიციას. მაგრამ პრემიერის სისუსტე გახდება თუ არა უშუალოდ კვირიკაშვილის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველი?
- არა, არანაირად არ იმოქმედებს იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური შოუ, რომელიც დადგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ფაქტია, რომ პროვოკაციის ფორმა ჰქონდა ამ ყველაფერს. მაგრამ როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი წყობიდან გამოდის, ლამაზად არ ჩანს, არც შიგნით, არც გარეთ. ბოდიშიც გასაგებია, მაგრამ მთავარი იცით რა არის? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და პრემიერს გამოამჟღავნებინა სისუსტე. ეს ადამიანური სისუსტეა. ზოგს შეიძლება მოეწონოს, ზოგს - არა.
ჩვენ არ ვართ განებივრებული იმით, რომ ქვეყნის პირველი პირისგან ვისმენთ ბოდიშს. მსგავსი რამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წარმოუდგენელი იყო...
- მოდით, როგორ იქცეოდნენ ნაციონალები ამას საზომად ნუ მივიღებთ. რადგან, ეს იყო ყოვლად უმსგავსო, უვარგისი და ყველა თვალსაზრისით მიუღებელი ხელისუფლება. არ შეიძლება ნაციონალებს შევადაროთ კვირიკაშვილის ქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში მას გაცილებით მაღალი სტანდარტი მოეთხოვება. ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობისგან“ არც უზრდელობა მიკვირს და არც პროვოკატორობა, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილისგან, რომელიც თავისი თავშეკავებულობით, გაწონასწორებული და დინჯი ხასიათით არის ცნობილი, ასეთი ქცევა მოულოდნელიც არის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანური ემოციების თვალსაზრისით ეს ახსნადია, მაგრამ ყოვლად მიუღებელია, პრემიერი ამ ტონში მეტყველებდეს, ასეთი მიმართვები ჰქონდეს თუნდაც სრულიად მიუღებელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. ბოდიში მოიხადა და ჩავთვალოთ, რომ ეს ინციდენტი ამოწურულია. „ნაციონალურ მოძრაობა“ შეეცდება, რომ ეს ინციდენტი პოლიტიკური ქულების მოპოვებისთვის გამოიყენოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. თავის მომხრეებში თუ ჩაიწერენ ამ ქულებს. ეს ინციდენტი არაფერს შემატებს ნაციონალებს, მაგრამ დააკალებს გიორგი კვირიკაშვილს.
არაფერს შემატებს ნაციონალებს, მაგრამ რას აკლებს კვირიკაშვილს?
- ეს იყო სისუსტის გამომჟღავნება და როდესაც დაფიქრდებიან ადამიანები, ალბათ მივლენ ამ დასკვნამდე, რომ პრემიერ-მინისტრს არ შეშვენის ასეთი საქციელი. რაც არ უნდა რთული სიტუაცია შეიქმნას, პრემიერი უნდა ფლობდეს სიტუაციას და წყობიდან არ უნდა გამოვიდეს. არ შეიძლება. მასზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, ქვეყნის ბედი აბარია. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მობილიზებული უნდა იყოს და თავი უნდა შეიკავოს.
არ უნდა გასცდეს იმ ჩარჩოებს, რაც ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებისთვის და მით უმეტეს ამ თანამდებობის პირებისთვის არის დაწესებული. სამაგალითო უნდა იყოს. მით უმეტეს ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც გიორგი კვირიკაშვილია. გაწონასწორებული, ყოველთვის იჭერს სიტუაციას, ძალიან საინტერესო და დაბალანსებული გამოსვლები აქვს. დინჯი და მშვიდი ადამიანია, ეს მისი იმიჯია.
„კორუმპირებულო“ - ეს არის სიტყვა, რამაც პრემიერი მდგომარეობიდან გამოიყავნა. ეს ბრალდება გაჩნდა გია გაჩეჩილაძის და მისი სიძის ხმაურიანი განცხადების შემდეგ, რომელმაც პრინციპში კორუფციაში დასდო ბრალი.როგორ ფიქრობთ, სიძე–სიმამრის ხმაურიანი ბრალდებები გახდა მელიას მხრიდან მაპროვოცირებელი ქმედება?
- ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაა. ამ ბრალდებებს პასუხი უნდა გაეცეს და პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივ ჭრილში. მისი ბრალდებებები უნდა იქნას გამოკვლეული და არგუმენტირებული პასუხი უნდა მიიღოს საზოგადოებამ. არავითარ შემთვევაში არ უნდა გახდეს ძველბიჭური გარჩევის თემა და ასეთი პოლიტიკური პროვოკაციების წყარო.
გაჩეჩილაძის ბრალდება შეიძლება გახდეს პოლიტიკური პროვოკაციის წყარო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში?
- არა, არა. სულ, რომ არაფერი იყოს, ნაციოინალები მაინც მოძებნიან საპროვოკაციო თემას. გაჩეჩილაძეს ნუ დავაბრალებთ იმას, რომ ნაციონალებთან არის შეკრული და წინასწარი განზრახვით გააკეთა ეს. რა თქმა უნდა, არა! ნაციონალებისგან ნებისმიერი ფაქტიდან უნდა ველოდოთ პროვოკაციას და ამისთვის მზად უნდა იყოს კვირიკაშილი. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი არის მათი იგნორირება. რაც არ უნდა მოხდეს, თავშეკავებულობა მოეთხოვება პრემიერ-მინისტრს.
ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს არ ამბობს პროვოკაციაზე, ძალადობაზე, როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი არის ისევ ხელისუფლებაში, რომელმაც არ შეაფასა 9 წლიანი რეჟიმი?
- ამის შედეგს ვიმკით ყველანი ერთად. „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ რეჟიმს უნდა მისცემოდა პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, რაც მოხდა იმ 9 წლის განმავლობაში, და ეს შეაჩერებდა პროვოკაციების ტალღას, რაც მოხდა და კვლავ მოსალოდნელია ნაციონალებისგან. თუმცაღა, პირდაპირი ამის შედეგია, რადგან საკადრისი ვერ მიიღეს და ამის გამო გათამამდნენ - ასე ვერ ვიტყოდი იმიტომ, რომ პროვოკაცია მათი სტილია. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან იყვნენ ასეთები.
პირდაპირ მოწოდებული არიან იმაზე, რომ პროვოკაცია დადგან, წყალი აამღვრიონ, სიტუაცია არიონ და ამ არეულობაში რაღაც სარგებელი ნახონ. ეს არის მათი პოლიტიკური ხელწერა. ცხადია, 9-წლიანი პერიოდი რომ უნდა შეფასებულიყო, ეს ფაქტია - მსგავსი რამ საქართველოში აღარასოდეს უნდა განმეორდეს. უნდა ვიცოდეთ, რა იყო და რა სიტუაციასთან გვქონდა საქმე. იმიტომ კი არა, რომ მარტო დამნაშვეები დაისაჯოს, ეს ცხადია.
მაგრამ მთავარია, რომ მსგავი რამ, რაც 9 წლიან გამოცდილებაში გვქონდა, არ უნდა განმეორდეს. თუ ამ სტილში წავედით, ასეთ პროვოკაციებში ავყევით და იგივე სტილში ვუპასუხეთ, რაც კვირიკაშვილს დაემართა და შემდეგ მოახერხეს და მთელი საზოგადოება აიყოლიეს, ეს იგივე გზაა, რაც ე.წ. ვარდების რევოლუციის წინ იყო. დაახლოებით ამ სიტუაციაში გადავალთ. ამისგან ყველამ უნდა დავიცვათ თავი.
იმ 9-წლიანი რეჟიმის შეფასება იმასაც გულისხმობს, რა უძღოდა წინ ამ 9 წლიან რეჟიმს. მართლაც კორუმპირებული იყო შევარდნაძის სისტემა, რომლის მონაწილეები თვითონ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შექმნეს ეს კორუმპირებული სისიტემა.