გუშინ პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” 103 ხმით გამოუცხადეს ნდობა. მის წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა. კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა, მთავრობის დამტკიცება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა თავად დამტკიცების პროცესი გარკვეულწილად გადაფარა იმ მოვლენებმა, რომელიც მას უძღოდა. როგორც ჩანს, პრემიერისა და ნიკა მელიას დაპირისპირება კიდევ დიდხანს დარჩება მსჯელობის საგნად.
„რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი“, – ეს განცხადება პრემიერ–მინისტრმა ნიკა მელიასთან დაპირისპირების შემდეგ გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
დაპირისპირება ფრაქციის სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
პრემიერის საქციელს იწონება საზოგადოება და მთავრობის წევრები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი თვლის, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი შესაძლებელია ისე გამოთქვა, რომ არ შეეხო პირად ღირსებას და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადახვიდე.
„ნებისმიერი კრიტიკული აზრი შესაძლებელია ისე გამოთქვა, რომ არ შეეხო პირად ღირსებას. შეიძლება მთავრობის მიმართ ძალიან კრიტიკული იყო, ძალიან მკაფიოდ და ცხარედ მიუთითო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამასობაში არ უნდა გადახვიდე პიროვნულ შეურაცხყოფაზე. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ეს სტანდარტი ნებისმიერი კომუნიკაციის დროს და გარწმუნებთ, რომ ბევრად შედეგიანი იქნება თუნდაც კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა შედეგისთვის, ვიდრე შეურაცხყოფაზე გადასვლა“, – აცხადებს კახა კახიშვილი.
შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები ეყრდნობა მხოლოდ ჭორებს, პროვოკაციებსა და შინაარსს მოკლებულ ქმედებებს. შესაბამისად, ძალოვანი მინისტრი ამბობს, რომ ნაციონალების ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურადნული.
„ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციებზე, უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები, ამიტომ მე საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამაზე რაიმე რეაქცია უნდა გავაკეთო. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული, რადგან ეს არის ცარიელი, არაფრის მთქმელი, ყველანაირ შინაარსმოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
დეპუტატ ნიკანორ მელიას ქმედება, რომ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ამაზე ხაზგასმით საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. როგორც კობახიძე აცხადებს, ასეთი ქმედებებით წინ ვერ წაწევენ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.
„ჩვენ არჩევნების წინ ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული დაპირებებით წარვდექით, მათ შორის, იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ–ერთი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ – არჩვენების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პირნათლად შევასრულეთ.
რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. მარცხთან შეგუებას სჭირდება ასევე ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან, კონკრეტულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, ვერ გამოავლინეს, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით, პოზიტიურ დღის წესრიგს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მხოლოდ ფრაქციასთან უნდა იყოს განხილული. კახიანის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მთავრობასთან შეხვედრაში ფრაქციის მხოლოდ სამი წევრი მონაწილეობდა და ყველა დანარჩენი პარტიის აქტივისტები იყვნენ, პრემიერს და მინისტრებს მათი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემის მზაობა გააჩნდათ.
„დღევანდელ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო სახე გამოჩნდა. შეხვედრა უნდა ყოფილიყო მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის. ფრაქციის მხრიდან მხოლოდ სამი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. შეხვედრაზე ძირითადად პარტიული აქტივი ვიხილეთ. პარლამენტის რეგლამენტი ნამდვილად არ ითვალისწინებს მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დროს პარტიული აქტივის მოწვევას და შეხვედრის ასეთი ფორმატით წარმართვას.
მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით, რომ შეხვედრა ასეთ ფორმატში გამართულიყო. იყო მზადყოფნა იმისა, რომ კითხვებს გასცემოდა პასუხი. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სურდათ არა კითხვებზე პასუხის მოსმენა, არამედ შოუს დადგმა. ჩვენ შეურაცხმყოფელი გამოსვლები ვიხილეთ, რაც ადამიანის ღირსებას ეხება. ეს ყოვლად წარმოუდგენელია პარლამენტის შენობაში და ასევე ზოგადად“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
პრემიერ-მინისტრს მეტ თავშეკავებას ურჩევს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი, რომლის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პრემიერ–მინისტრის სისუსტე გამოჩნდა. როგორც რატიანი აცხადებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში კრიზისია და მთავრობა აცნობიერებს რომ ეს მათი ბრალია.
„პრემიერს ნამდვილად მართებს მეტი თავშეკავება. ყველა პოლიტიკოსს უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავს შემთხვევაში ჩანს არა ძალა, არამედ სისუსტე და ეს იყო აშკარად პრემიერის სისუსტე. მე გუშინ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ ისტერიული ფონი არის. მათ ესმით, რომ ქვეყანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ეს მათი ბრალია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, რომან გოცირიძისთვის გაუგებარია ამ მარხვაში გინება როგორ შეიძლება. ამბობს, რომ არ არსებობს არც ერთი სფერო, სადაც ხელისუფლებას რაიმე სახის მიღწევა აქვს და შესაბამისად, არ შეიძლება კრიტიკის გამო ოპონენტს აგინონ.
„კრიტიკას უნდა მოსმენა და როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს, არ უნდა შეაგინო ოპონენტებს. ეს ჩვენი „ქართული ოცნება“ დღე და ღამე ღმერთზე ლოცულობს, დილით ღმერთზე ფიქრობენ და ღამით ანგელოზები ესიზმრებათ და ამ მარხვაში გინება როგორ შეიძლება, თანაც ჯერ სამარხვო გინება არ არის გამოგონებული“, – აცხადებს რომან გოცირიძე.