„ისრაელის მხარდაჭერით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავიკიდებთ ისლამურ სამყაროს“

„ისრაელის მხარდაჭერით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავიკიდებთ ისლამურ სამყაროს“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისა და თელავივიდან იერუსალიმში საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება მიიღო, არაერთი ქვეყნის კრიტიკა დაიმსახურა. მათ შორის, ბრიტანეთის, გერმანიის, პალესტინის, საუდის არაბეთის. სამაგიეროდ, მადლიერი დარჩა ისრაელის პრემიერი. ნეთანიაჰუმ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

ტრამპის გადაწყვეტილებამ საფიქრალში ჩააგდო ამერიკის პარტნიორებიც. ისრაელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებული სიმწვავით აღიქმება საქართველოში, რომლის გარშემოც ფეთქებადი მუსლიმანური სამყაროა და ქვეყნის შიგნითაც არაერთი მუსლიმანია. თუკი საქართველო ისრაელის მხარეს დაიჭერს, როგორ აღიქმება ეს მუსლიმანთა თვალში? ხოლო, თუკი პალესტინელების მიმართ გამოვხატავთ სიმპათიას, რა განწყობა დაეუფლებათ ებრაელებს?

მდგომარეობას ართულებს ამერიკის ხისტი მიდგომაც. გაეროს წევრებს აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი აფრთხილებს: „გაეროში ჩვენგან მუდამ ითხოვენ, გავაკეთოთ და გავცეთ უფრო მეტი. ამიტომ, როცა ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამერიკის ხალხის ნებაზე დაყრდნობით, თუ სად განვათავსებთ ჩვენს საელჩოს, ჩვენ არ ველოდებით, რომ ვისაც დახმარება გავუწიეთ, ისინი მიზანში ამოგვიღებენ”.

პარალელურად ამერიკამ რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც ნიკი ჰეილიმ გააფრთხილა ისინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი კენჭისყრას ყურადღებით დააკვირდება. უფრო მეტიც, ტრამპმა ნიკი ჰეილის დაავალა დეტალური ანგარიში წარუდგინოს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ამერიკა აპირებს, ამ საკითხზე თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილება მომავალში გაითვალისწინოს.    

იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველომ, გადაგვეკიდება თუ არა დონალდ ტრამპი უარყოფითი პოზიციის შემთხვევაში და აღიქმება თუ არა პარტნიორი ქვეყნებზე ზეწოლად ტრამპის მოთხოვნა, ცნონ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად?!   

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსთვის ერთaდერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება საჯაროდ თავის შეკავება, ხოლო  კონფიდენციალურად ისრაელის საელჩოსთან უფრო მეტი კომუნიკაციაა, რათა მათ ავუხსნათ, როგორ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. აქ იგულისხმება არა მარტო ისლამური ქვეყნებისგან მომავალი საფრთხე, არამედ საქართველოს შიგნით მცხოვრები  მუსლიმანური მოსახლეობის გრძნობებიც, რასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. მით უმეტეს, ჩვენ ნახევარი მილიონი მუსლიმანი მოქალაქე გვყავს.

„ცხადია, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პარტნიორ ქვეყნებზე ზეწოლა გამოდის, როცა ისინი აცხადებენ, რომ  შეისწავლიან, ვინ არ დაუჭერს მხარს ამერიკის გადაწყვეტილებას. სადაო არ არის, რომ ისტორიულად იერუსალიმი ებრაელების ქალაქია, მაგრამ გარდა ისტორიისა, არსებობს თანამედროვე რეალობა, არსებობს რეალპოლიტიკა. ბისმარკმა 150 წლის წინ შემოიღო ეს ტერმინი. რეალური პოლიტიკა დღეს როგორია? საქართველო დაუცველია. კი ბატონო, მაშინ ამერიკამ ჩვენთანაც გააფორმოს ისეთივე ხელშეკრულება, როგორიც აქვს ისრაელთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, მაშინ მე პირველი მივცემდი ხმას ტრამპის გადაწყვეტილებას. თუმცა დღეს ჩვენ რეალური მოკავშირე არ გვყავს, მოკავშირე, ვინც ჩვენი გულისთვის იომებს.

ვინ იომებს ჩვენთვის? ტრამპი? მით უმეტეს, გაეროშიც წინააღმდეგობაა, რადგან გაეროშიც ანგარიშს უწევენ არაბულ სახელმწიფოებს. სხვათა შორის, ტრამპი ჩავიდა საუდის არაბეთში და მათგან თანხმობა მიიღო, რადგან 110-მილიარდდოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. დარწმუნებული ვარ, საუდის არაბეთი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავს შეიკავებს, არც „ჰო“-ს იტყვის, არც „არა“-ს, ჩვენ კი საუდის არაბეთზე უფრო მეტად თავგამოდებულნი ვართ? ისრაელის მხარდაჭერა ჩვენთვის კოსოვოს პრეცედენტზე უარესი იქნება, რადგან ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავიკიდებთ ისლამურ სამყაროს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, ევროპელებს, მათ შორის, ფრანგებს ისლამურ სამყაროსთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთკავშირები აქვთ. დრო გავა და ისლამისტების ნაწილი ისრაელის მხარდაჭერას დაივიწყებს, გადაყლაპავს, ვინაიდან ყველაფერს წყვეტს ფული, მაგრამ საქართველოს ისლამურ სამყაროსთან არ აქვს ისეთი კავშირები, რომ მუსლიმანები უფრთხილდებოდნენ ჩვენთან ურთიერთობის გაფუჭებას. თუ არაბებმა ჩვენთან ორი მაღაზია, ან უნივერმაღი ააშენეს, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ არაბულ სამყაროსთან მჭიდრო ძაფები გავაბით. ამიტომ ყველაზე კარგია, ისრაელთან მიმართებით არც მწვადი დავწვათ, არც შამფური.

გადაგვეკიდება თუ არა ტრამპი საქართველოს თავშეკავებული პოლიტიკის გამო? ამის შესახებ სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ეს უკვე ჩვენს საელჩოზეა დამოკიდებული. თუმცა საელჩოში „გვიზის დიდი ტალეირანი, ელჩი, რომელიც რას აკეთებს, არავინ იცის“.

„ცხადია, ჩვენს ელჩს ტრამპთან არავინ მიუშვებს, მაგრამ ის მაინც უნდა წავიდეს ამერიკაში, შეხვდეს ნიკი ჰეილის, ექსპერტებს, შეხვდეს თუნდაც სახელმწიფო მდივნის მეექვსე მოადგილის მეშვიდე თანაშემწეს, ან ვინმეს პალტოს დამჭერს და აუხსნას, რომ მძიმე დღეში ვართ, ჩრდილოეთით ისლამური ჩრდილო კავკასია გვაკრავს, სამხრეთით მუსლიმანური ქვეყნები. რუსეთიც კი არ აღიარებს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს. არადა, რუსეთს  ისრაელთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს, პუტინი ოთხჯერ შეხვდა ნეთანიაჰუს.

გენერალურ ასამბლეაზე ეს საკითხი ტრამპის სასარგებლოდ მაინც ვერ გადაწყდება. საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი არ აღიარებენ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად. ტრამპს ხელი უჭრის ჩვენნაირ ქვეყნებზე, თორემ გგონიათ, ნიკი ჰეილი დაიბარებს საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის წარმომადგენელს და მათ თითის ქნევით რაიმეს აიძულებს? ის აიძულებს მხოლოდ ჩვენნაირ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც კი ვერ აიძულებს რაიმეს“.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების პროცესში აშშ მარტო არ არის, აქ გასათვალისწინებელია ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაც, მათი მოსაზრებაც. საქართველო ახლა კომპლექსური, რთული საკითხის წინაშეა, რადგან ბევრი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს, ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ამ საკითხთან მიმართებით.

„არ არსებობს რაიმე რეცეპტი, რომლითაც გადაწყვეტილებას მიიღებენ ისრაელის ან პალესტინის სასიკეთოდ. სულაც არ ვფიქრობ, რომ შეერთებულმა შტატებმა თუკი თავის პარტნიორებს რაიმე სთხოვა, ეს ზეწოლაა მათ მიმართ.  უბრალოდ, ამერიკელები შეურაცხყოფილნი არიან იმით, რომ მათ პოზიციას ბევრმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. ამერიკელებმა ეს მკვეთრად გამოხატეს გაეროს სხდომაზე. ამიტომაც ამერიკა იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად მოუწია ვეტოს გამოყენება. ეს მაშინ, როცა ამერიკას არ უყვარს ყველაფერზე ვეტოს დადება. არავინ დაუდგა მათ მხარში,  ამიტომაც ნაწყენი იყო სხვა ქვეყნებზე. საქართველოს ისრაელთან სპეციფიკური, ახლო მეგობრული დამოკიდებულება აქვს. ამიტომ არ არის ეს იოლად გადასაწყვეტი საკითხი. არის არაბული ქვეყნები, არის საფრთხეები. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ასწავლის, რომელი გადაწყვეტილება სჯობია. შეიძლება, მათ თამამი გადაწყვეტილებაც მიიღონ და მხარი დაუჭირონ შეერთებულ შტატებს; შეიძლება, ვერ მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ეს მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.