ამცირებს თუ არა რუსეთი სამხედრო ხარჯებს?!

ამცირებს თუ არა რუსეთი სამხედრო ხარჯებს?!

სამხედრო ხარჯების შემცირების შესახებ დასმულმა კითხვამ პუტინი ანეკდოტის ხასიათზე დააყენა. მისი თქმით, არის ასეთი ანეკდოტი, ყოფილი ოფიცერი სახლში ბრუნდება და საკუთარ იარაღს ვერ პოულობს. შემდეგ შვილს ეკითხება, „სად არის ჩემი იარაღი“? „მეზობლის ბიჭს შენი იარაღი, აი, ამ საათში გავუცვალე“, - პასუხობს შვილი. „საათი ნამდვილად კარგია, მაგრამ წარმოიდგინე, ხვალ რომ სახლში ყაჩაღები შემოიჭრნენ, მე და დედა მოგვკლან, ძმები მოგიკლან, შენ რას უპასუხებ? მოსკოვის დროით 12 საათი და 30 წუთია?“ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პუტინი ასკვნის, რომ სამხედრო ხარჯებზე უნდა დაიხარჯოს იმდენი, რამდენიც საჭიროა.    

ამ ანეკდოტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პუტინის ლოგიკა მარტივია, თითქოს რუსეთი სხვა ქვეყნებს არ უვარდება იარაღის ჟღარუნით და, პირიქით, მას უცვივდებიან სახლში მომხდურები. ყოველ შემთხვევაში, პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის სამხედრო ხარჯები არაა ძალიან გაზრდილი, დაახლოებით 46 მილიარდ დოლარს შეადგენს მაშინ, როცა ამერიკის სამხედრო ხარჯები 700 მილიარდი დოლარია.

რამდენად ეცოტავება პუტინს რუსეთის სამხედრო ხარჯები ამერიკასთან მიმართებით? 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი სამხედრო ხარჯებს ამცირებს, „სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილისთვის ცნობილი არ არის. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ შეზღუდვები, რომლებიც რუსებმა წელს შემოიღეს და, ალბათ, მომავალ წელსაც გაგრძელდება, მხოლოდ იძულებითი ნაბიჯია იმ ეკონომიკური სირთულეების გამო, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა განიცდის, მათ შორის, სანქციების მიზეზითაც.

ექსპერტის თქმით, პუტინის მხრიდან ამერიკისა და რუსეთის საბიუჯეტო ხარჯების ერთმანეთთან შედარება არ არის კორექტული, რადგან აშშ-ის ხარჯების სტრუქტურა სერიოზულად განსხვავდება რუსეთის სამხედრო ხარჯებისგან. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა სრულიად გამოკვეთილ პოლიტიკურ სტრატეგიას ემსახურება, მაგრამ, რუსეთის შემთხვევაში, ამგვარი ხარჯები სრულიად გაუგებარია, ვინაიდან ამ ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა და რუსეთს უწევს თავისი ხარჯების შეკვეცა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პენსიების სასარგებლოდ.

„ამიტომ რუსეთის სამხედრო ხარჯები ამერიკისას კი არ უნდა შეუდარონ რუსმა პოლიტიკოსებმა, არამედ რუსეთის რეალურ მდგომარეობას და იმ მოთხოვნას, რომელიც რუს საზოგადოებას გააჩნია. ასეთი დაჟინებული მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტი სახსრები წარიმართოს ქვეყნის შეიარაღებაზე, მეტყველებს მხოლოდ ერთზე, რომ რუსეთს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაცია სწორედ სამხედრო ზემოქმედების რანგში სურს და, მათ შორის, უპირველესად თავის მეზობლებზე ახორციელებს ამ ზეწოლას. ამიტომაც აღიქვამს მას მთელი მსოფლიო, როგორც თავზეხელაღებულ მოძალადეს, რომლისთვისაც საერთაშორისო თანამეგობრობის საყოველთაოდ მიღებული ნორმები არაფერს წარმოადგენს. სწორედ ეს არის საშიში რუსეთის პოლიტიკაში და არა მხოლოდ ხარჯების კონკრეტული განზომილებები“,-აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, საბიუჯეტო ხარჯების რაოდენობა არც ამერიკის შემთხვევაშია ერთადერთი განზომილება, რომლითაც მის სტრატეგიაზე, მის ფუნქციასა და იმ ამოცანებზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ეს ქვეყანა თავის საგარეო პოლიტიკაში ახორციელებს. სწორედ ამერიკის მხრებზე დევს ძირითადი სიმძიმე მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსოფლიოში ბირთვული გაუვრცელებლობის პირობების შენარჩუნებისთვის. ამიტომ, თუ ამერიკის სამხედრო მანქანა არ იქნება ძლიერი, მაშინ მსოფლიოს სტაბილურობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.

ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ამერიკის წინა ადმინისტრაციის არჩევანი, მსოფლიოში მშვიდობის საუკეთესო გარანტიად განიარაღება ექცია, ბოლომდე ეფექტური არ გამოდგა, რადგან აშშ-ის პარტნიორები სრულიად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ ასეთი სტრატეგიისთვის. იმ პერიოდში რაც გააკეთა რუსეთმა,  ყველასთვის ცნობილია. ასევე ცნობილია ის ტენდენციები, რომელიც მსოფლიოში გაუჩნდა ბევრ ქვეყანას, მათ შორის, ისეთ სახიფათო ქვეყანას, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა. ამიტომ ფორმალურად და გარეგნულად მშვიდობისმოყვარე პოლიტიკა  თავისი არსის საწინააღმდეგო მოვლენად შეიძლება იქცეს. მშვიდობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ სათანადოდ უზრუნველყოფილი მექანიზმებით. ამ მექანიზმის უპირველესი კომპონენტი კი სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის სივრცეა, სადაც ამერიკა წამყვან როლს თამაშობს.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გლობალურ პოლიტიკაში ამერიკისა და რუსეთის ფუნქციები სრულიად განსხვავებულია. ამერიკას ათასზე მეტი ბაზა მაინც აქვს და ამ ყველაფერს რჩენა სჭირდება. ასე რომ, ამერიკის სამხედრო ხარჯებზე გაღებული 700 მილიარდი დოლარი სრულიად გასაგებია. რუსეთის შეიარაღებაზე ნაკლები დანახარჯი კი სხვადასხვა ზომის სანქციით აიხსნება. დასავლეთის ძირითადი დარტყმა გათვლილია იმაზე, რომ რუსი ხალხის სოციალური და ეკონომიკური უკმაყოფილება გამოიწვიონ. სწორედ ასე ხსნიან რუსები იმ ფაქტს, რომ იძულებულნი არიან ძირითადი თანხები გადაისროლონ საკუთარი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თამარ კიკნაძის თქმით, რუსები ძალზე ჭკვიანურად იქცევიან. ისინი ცდილობენ, ნაკლები დანახარჯით მიაღწიონ შედეგებს. მაგალითად, სირიიდან ჯარებიც კი გამოიყვანეს, რადგან ახლო აღმოსავლეთში დიდი დაპირისპირებებია მოსალოდნელი თუნდაც იმავე ირანს, ისრაელს, არაბულ სამყაროს შორის. რუსეთს არ სურს ასეთ ფართომასშტაბიან ომში ჩაებას. ასე რომ, რუსები რაციონალურად მოქმედებენ და განსხვავებული კურსი აქვთ აღებული. ამისთვის ხელის განძრევა დიდად არც სჭირდებათ, რადგან თვითონ დასავლურ სამყაროში (ამერიკაში, ევროკავშირში) დიდი კრიზისია.

„ამერიკა ამხელა ბიუჯეტს რომ ხარჯავს, ეს იმით აიხსნება, რომ მთელი საფინანსო სისტემა გამყარებულია მათი სამხედრო ძლიერებით. რუსეთს ასეთი დანახარჯები არ სჭირდება. მეტსაც გეტყვით, რუსეთის საფინანსო სისტემა გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ესეც გაუგებარია, რომ რუსები მთელ თავის მოგებას რიცხავენ ამერიკულ ბანკებში. ეს არის რუსებისთვის დიდი ნაკლი, რადგან რუსეთის ფინანსურ ლიბერალურ ჯგუფებს მთელი თავიანთი რეზერვი შენახული აქვთ აშშ-ში. ეს მათთვის გაცილებით უფრო დიდი საფრთხეა.

ერთ დღეს რომ მოუნდეს ამერიკას, და ირანის მსგავსად, რუსეთსაც ანგარიშები დაუყადაღოს, მერე სად მიდის რუსეთი? ამერიკა გლობალური სახელმწიფოა, დოლარი მსოფლიო ვალუტად არის აღიარებული და საფინანსო ოპერაციები გამყარებულია სამხედრო ძლიერებით. რუსეთს კი ასეთი ფუნქცია არ აქვს, პირიქით, რუსეთი თვითონ არის საფრთხეში, რომ ამერიკამ არ დააყადაღოს მისი ანგარიშები“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.