„ჩვენს მილიონერ პარლამენტარებს ასლარიანი ჯარიმები ვერ აიძულებს სხდომებზე დასწრებას“

„ჩვენს მილიონერ პარლამენტარებს ასლარიანი ჯარიმები ვერ აიძულებს სხდომებზე დასწრებას“

ეთიკის კოდექსის დამრღვევ პარლამენტარებს, შესაძლოა, ხელფასი დაუკავონ ან უცხოეთში ვიზიტის უფლება შეუზღუდონ.

საქართველოს პარლამენტი „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ მიღებას აპირებს. დადგენილების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ავტორები არიან ირინა ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, კახა კუჭავა და გიორგი კახიანი.

ეთიკის კოდექსი არა მარტო პარლამენტის წევრის ქცევას არეგულირებს, არამედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, განსაზღვრავს წესებს, რომელიც დეპუტატმა უნდა გაითვალისწინოს თავისი საქმიანობისას და კოლეგა-თანამშრომლებთან, მედიასთან, საზოგადოებასა და სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობისას.

ეთიკის ნორმის დარღვევას ეთიკის საბჭო თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე განიხილავს. კოდექსის მიხედვით, დარღვევის დროს განსაზღვრულია დისციპლინური სანქციები. კერძოდ, სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება, ხელფასის 10%-ით და მაქსიმუმ 50%-ით დაკავება. ამას ემატება ოფიციალური ვიზიტებისას მაქსიმუმ ექვსი თვით მონაწილეობის უფლების შეჩერება.     

ეთიკის დამრღვევ პარლამენტის წევრთა სახელები პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, სადაც მითითებულ იქნება  კონკრეტული პირის დისციპლინური სანქცია და დარღვევის მცირედი აღწერილობა. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობისთვის „პური და სანახაობა“ ერთფეროვანი ცხოვრების გამახალისებელ ელემენტად რჩება, ხომ არ გადაიქცევა ჩვენი პარლამენტი მოსაწყენ საკანონმდებლო ორგანოდ, სადაც ვერასდროს გაიგონებთ მსგავს სიტყვებს: „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“; ან კიდევ „იბიარდზე ვერასდროს ვერ ვიქნები, რადგან ერთგული მეუღლე ვარ, ეს თქვენი გუნდი დადიოდა იბიარდზე 10 წლის განმავლობაში, ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია“...  

ამიერიდან ხომ არ იგრძნობენ „ნაციონალები“ თავს ბევრად უფრო კომფორტულად ისეთ პარლამენტში, სადაც მათ მიმართ ობიექტურ თუ სუბიექტურ კრიტიკულ განწყობას ვერავინ გამოხატავს?!   

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტში, სადაც ეთიკასთან რაიმე შეხება არავის აქვს, ეთიკის კოდექსი ვერ იმუშავებს და ეს მხოლოდ ლაპარაკია. ხელფასიდან დაქვეთაც არ მუშაობს პარლამენტში და ზარმაც პარლამენტარს ვერავინ აიძულებს სხდომაზე დასწრებას.

უფრო მეტიც, არიან პარლამენტარები, რომლებიც არასდროს მისულან პარლამენტში და შედეგს ვერ გამოიღებს თუნდაც ის, რომ ჯარიმა დაუწესონ მილიონერ ან მილიარდერ პარლამენტარს;  მას თავისი ასი ლარის გულისთვის მაინც არ მოუნდება სხდომებზე დასწრება.

„ეთიკის კოდექსი საერთოდ გაუგებარია. რომელმა პარლამენტარმა უნდა გადაწყვიტოს სხვა პარლამენტარის ეთიკის საკითხი? ასეთი მაღალი ეთიკური ხალხი გვყავს პარლამენტსა და ზოგადად ქვეყანაში? ჩვენ რაც მოვისმინეთ უცნობის ან პრემიერის საუბრის დროს, სად იყო აქ ეთიკა? რომელიმე მხარეს ისმოდა ეთიკური ფრაზები? ისმოდა მხოლოდ სიტყვები - „მე როგორ მაკადრე, ბიჭო“, „მე სხვანაირი კაცი ვარ“; ან კიდევ, პრემიერის სიტყვები: „მე გადავდგები, თუ ამ ქვეყანაში კორუფციაა“. გამოდის, თუ უცნობს აწყენინეს, უნდა გადადგეს, ხოლო, თუ სხვას აწყენინეს, მაშინ არ უნდა გადადგეს? აღარაფერს ვამბობ პარლამენტის თავმჯდომარისგან მოსმენილ უზრდელურ საუბარზე“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით ადრეც იყო საუბარი, ოღონდ იმ პერიოდში არასავალდებულო გახლდათ ეთიკის კოდექსი. ამჯერად „ღია მმართველობის პარტნიორობის“  პროგრამაში“ ვართ ჩართულნი, საკმაოდ კარგი შეფასება აქვს საქართველოს და ჩვენი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანაცაა. ამდენად, ამ მოთხოვნებში საქართველომ ერთ-ერთ ვალდებულებად აიღო სავალდებულო ეთიკის კოდექსის შემუშვება.

„ვნახოთ, რას იზამს პარლამენტი, მიიღებს თუ არა ამ კოდექსს. ყოველ შემთხვევაში, „ღია მმართველობის საბჭომ“ შეიმუშავა ეთიკის კოდექსი, რომელიც იმისკენაა მიმართული, რომ თითოეული პარლამენტარი არა მხოლოდ კანონების მიღებით დაკავდეს, არამედ გააცნობიეროს საკუთარი საქციელი, ხომ არ უწყობს მისი საუბარი ხელს აგრესიის დაგროვებას, ინტერესთა კონფლიქტს. პარლამენტის წევრი ღირსეული უნდა იყოს თავის ქცევებში“,-აცხადებს გუგული მაღრაძე და მიიჩნევს, რომ ამ მოწვევის პარლამენტარები ძალიან ხშირად შეიძლება არ არღვევენ ეთიკის კოდექსს, მაგრამ უცენზურო სიტყვა ნამდვილად უთქვამთ და ამის გამო ამტყდარა დაპირისპირება.

ამდენად, როცა ასეთი კოდექსი არსებობს, ეს პრევენციული ღირებულებაა და პარლამენტარი დაფიქრდება, სანამ რაიმე ქცევას განახორციელებს.

„ადამიანს აქვს ნებელობითი ქცევის უნარი, გაიაზროს, რა მოჰყვება მის ქცევას. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, რომ ეთიკის კოდექსის დახმარებით „ნაციონალები“გადაურჩებიან პარლამენტარი კოლეგების ნეგატიურ განწყობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერი იქნება ის, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, ყველას აქვს ვალდებულებები და მოვალეობები, რაც ყველა მხარემ თანაბრად უნდა დაიცვას“.