პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს.
მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა პარლამენტში იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელის გატარებაც ფინანსთა სამინისტროში იგეგმება.
„ამ კუთხით არის სამი ძირითადი მიმართულება, რომელთა შორის პირველი არის ფისკალური პოლიტიკა, სადაც ჩვენ მთავარ ამოცანად განვსაზღვრეთ ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა. აღნიშნული პოლიტიკის ჩარჩოებში პრიორიტეტები იქნება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. მეორე გახლავთ მთავრობის მცირე ზომის კონცეფცია, რესურების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს კონკრეტული წლის ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ შემდგომ წლებში განათლებისა და მეცნიერების სექტორის პროპორციული წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბიუჯეტის ნაწილში მკვეთრად უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძე თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო რესურსების ეფექტური მართვის რეფორმა, ეს გულისხმობს ფისკალური დისციპლინისა და წესების შემდგომ სრულყოფას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
„ამასთან, ჩვენ შევიმუშავებთ ვალის მართვის სტრატეგიას და არსებული პოლიტიკის მიხედვით ჩვენ ვალს ვიღებთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულების შემდგომ დაიწყება ვალის ეტაპობრივი შემცირება. შემდგომ წლებში განათლებისა და მეცნიერების სექტორის პროპორციული წილი მშპ-სთან მიმართებაში ბიუჯეტის ნაწილში მკვეთრად უნდა გავზარდოთ“, - თქვა ბახტაძემ.
დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის,როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, სამინისტროების გაერთიანება არ განხორციელებულა მექანიკურად, მას უძღვოდა მსჯელობა და ანალიზი, როგორ გაგვეხადა უფრო მეტად ეფექტიანი და მოქნილი ამ უწყებებში შემავალი დარგების მენეჯმენტი.
მინისტრობის განდიდატმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის დაზლევასაც აპირებენ - როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:
„2016 წლიდან ჩვენ დავიწყეთ რეფორმების განხორციელება, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც „4 პუნქტიანი გეგმა - ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვისთვის“. აღნიშნული სამოქმედო პროგრამა მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან რეფორმებს, რომელთაც ჩვენ 2017–2020 წლამდე განვახორციელებთ. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს - საქართველოს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე დააყენებს“.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს - რეფორმები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა - კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმა, საჯარო კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიღება, დაზღვევისა და მიწის რეფორმა, სივრცით დაგეგმარებასა და დეპოზიტების დაზღვევის სქემის ამოქმედება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგება, მთავარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ლარიზაციის პროექტი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და ზოგადად, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, წიაღის მართვა, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ინკლუზიური მმართველობა.
უმრავლესობას თვლის, რომ კანდიდატები მინისტრობას იმსახურებენ. „სამთავრობო პროგრამით პირდაპირ ჩანს, რომ მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ეკონომიკური პროფილის მინისტრების მოსმენის შემდეგ.
თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ გიორგი კვირიკაშვილს და მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო კაბინეტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარადაჭერა ექნება.
„ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს სოციალურ ასპექტებსაც - ვიდრე თუნდაც ერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, ნაადრევი და უხერხულია ბავშვთა სიღარიბის დაძლევაზე საუბარი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე.
დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველთა შეფასების სისტემა ოჯახის შემოსავალსა და ხარჯს ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, სრულიად გამოირიცხა სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფლობა, რაც წარსულში დახმარების მოხსნის მიზეზი ხდებოდა.
სერგეენკოს განცხადებით, სისტემა ითვალისწინებს ოჯახში ბავშვის და შშმ პირის არსებობას. შესაბამისად, დღეს სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგია გაცილებით ობიექტური და სოციალურ საჭიროებებზე მორგებულია. მისივე თქმით, ამ ცვლილებამ გახადა შესაძლებელი ბავშვიანი ოჯახების ზოგადი საჭიროებების უფრო მეტად გამოკვეთა. როგორც სერგეენკო აცხადებს, შედეგად დღეს 43.3%-ით მეტი ბავშვი იღებს დახმარებას, ვიდრე 2 წლის წინ.
რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, მინისტრის განცხადებით, ეს მიმართულება რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების დაგვიანებით ჩარიცხვასთან დაკავშირებულ კითხვაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მისივე თქმით, ანგარიშგების წარდგენიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში სამინისტრო ყოველთვის დროულად რიცხავს შესრულებული საქმიანობის ანაზღაურებას.
დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, რა ხედვა აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მხრიდან ხელოვნურად გაზრდილი ხარჯების მართვის თვალსაზრისით, რაზეც დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ითვალისწინებს რისკების დროულ პრევენციას, დეტექციას და რეაგირებას, რაც ჯამში 40 მილიონამდე ლარის საჭიროების გარეშე ხარჯვას აგვაცილებს თავიდან.
ოპოზიციას მთავრობის ეკონომიკური გეგმების არ ჯერა და კვლავ სოციალური პრობლემებით სპეკულირებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საერთო გამოშვებასა და დასაქმებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის კლებაა. რასიც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი არ ეთანხმება და თვლის, რომ ოპოზიციას ხალხი შეცდომაში შეყავს.
„მინდა ჩვენს ოპონენტებს მივუტრიალდე და ვკითხო, რომ თუ მათ პერიოდში ამ ქვეყანაში ყველაფერი ასე კარგად იყო და ასეთი კარგი ზრდა გვქონდა, როგორ იყო, რომ სიღარიბის ზღვარი 2010 წელს ამ ქვეყნის 36%-ს ეხებოდა?“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობა აცდენილია იმ რთულ რეალობას, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს.
„დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობა, რომელიც მთლიანად დაკავებულია თვითკმაყოფილებით. ეს არის მთავრობა, რომელმაც ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა, მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ გაზის, ელექტროენერგიის გაძვირება, ფასების ზრდა, პენსიის არ გაზრდა - ეს არაფერს ნიშნავს და მოსახლეობას, ვისაც ეს აწუხებს, არანაირი დახმარება არ სჭირდება, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ჩვენ ამ მთავრობას მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
თუმცა, ოპოზიციის შენიშვნების მიუხედავად პრემიერობის კანდიდატი ქართული ეკონომიკის დიდ მომავალზე საუბრობს.
„საქართველოს ეკონომიკის გახსნილობა, არის საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე და პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა ავითვისოთ მომავალში, ამ პოტენციალიდანაა გამომდინარე ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საქართველოში დღეს ხორციელდება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.