„რატომ მოვედით პარლამენტში? იმიტომ მოვედით, რომ...“

„რატომ მოვედით პარლამენტში? იმიტომ მოვედით, რომ...“

„ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა ის დარბაზი დატოვეს, სადაც განახლებული მთავრობის წევრების მოსმენა მიმდინარეობდა. სხდომის პროცესში ძირითადი გამომსვლელი ნიკა მელია იყო. მან ხელისუფლების მისამართით ბრალდებები წამოაყენა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი დაადანაშაულა კორუციაში, ქვეყნის ჩამოშლაში, რასაც პრემიერის საპასუხო განცხადებები მოჰყვა.

დეპუტატმა მელიამ პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ ის არის „უნამუსო“ და „კორუმპირებული“პრემიერი, რასაც გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. პრემიერმა და მთავრობამ სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრს კითხვით რომან გოცირიძემ და ნიკა მელიამ მიმართეს, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ დააყენა საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები არ იყვნენ უფლებამოსილი კითხვით მიემართათ მთავრობის წევრობის კანდიდატებისთვის, რადგან „შეხვედრა ფრაქციის ფორმატშია მოწვეული და პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას ფრაქციის წინაშე“. თადუმაძის აღნიშნა, რომ „თუკი ფრაქციის წევრებს კითხვები აღარ აქვთ, შეხვედრა უნდა დასრულდეს“. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ დაყენებული წინადადება ცხარე დისკუსიის საგანი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრამდე, პრემიერი და მთავრობის წევრები „ევროპული საქართველოს“ წევრების კითხვებს პასუხობდნენ. „მოსული ვარ იმ განწყობით, რომ ძალიან კონსტრუქციულად განვიხილოთ როგორც თქვენი შენიშვნები, ასევე გვაქვს ის განწყობაც, რომ გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას, სადაც მან სამთავრობო პროგრამა წარადგინა. მოლოდინის მიუხედავად პრემიერისა და უმცირესობის შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში არ წარიმართა.

საპარლამენტო უმცირესობასთან პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების შეხვედრა მწვავე კამათით დაიწყო და ამვე რეჟიმში დასრულდა. შეხვედრის ბოლო ნაწილში კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის საკითხს შეეხებოდა. როგორც ბოკერიამ განაცხადა, „ამ უფლების აღდგენის წინააღმდეგ საქართველოს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია“.

„დღეს ვკითხეთ ბატონ ჯანელიძეს, ინსტრუქცია გაქვთ თუ არა მიცემული ელჩისთვის, რომ ყველა დოზით დაუპირისპირდეთ რუსეთისთვის ამ სანქციის მოხსნას? პასუხი მივიღეთ ზოგადი - რომ გაცემულია ინსტრუქცია იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არ გაქვთ ინსტრუქცია და ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა. სანამ გაგვდის, ასე გავაგრძელებთ, ეს არის თქვენი სლოგანი“, - მიმართა გიგა ბოკერიამ  მთავრობის წევრობის კანდიდატებს, მათ შორის - გიორგი კვირიკაშვილს.

პასუხად, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი საერთაშორისო ფორმატი არ ყოფილა, სადაც საქართველო არ იყო სოლიდარული უკრაინისადმი: „დღესაც ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო მოქმედებს ევროსაბჭოს პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გვქონია კაპიტულანტური პოზიცია ოკუპანტის მიმართ“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამის საპასუხოდ, ბოკერიამ კვირიკაშვილს კითხვით მიმართა, გაბრაზდა თუ არა მის განცხადებაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაეთანხმა.

„მე კი არა მთელი საქართველოა თქვენზეა გაბრაზებული. ის, რაც თქვენ საქართველოს წინაშე გაქვთ გაკეთებული, ღმერთმა დაიფაროს ყველა პოლიტიკური ძალა. დანაშაული ვის აქვს ჩადენილი, ასახულია 7%-ში, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგცათ თქვენ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა.

კამათში საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთო. მიხეილ ჯანელიძემ კითხვით მიმართა გიგა ბოკერიას, რატომ არ დააყენა მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში საქართველომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი: „რატომ არ დააყენა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი? ელჩის დონეზეც კი არ იყო ეს საკითხი დაყენებული“, - მიმართა მიხეილ ჯანელიძემ ბოკერიას.

კითხვზე პასუხის ნაცვლად, ჯანელიძეს ზრდილობისკენ მოუწოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რასაც კვირიკაშვილის პასუხად მოჰყვა, რომ ზრდილობა მის თანაპარტიელებს მოსთხოვოს.

საპარლამენტო მოსმენაზე რამოდენიმეჯერ მოხდა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრსა და გიგა ბოკერიას შორის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხშირად ოპოზიციის მხრიდან ხდება სახელმწიფოებრივი ინტერესების შემცველი, მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზება.

„შავბნელ დროზე საუბარი თქვენგან მიუღებელია, რადგან საქართველომ გაიარა შავბნელი დრო და დღეს არის უკვე სულ სხვა ვითარება. არ გვინდა ასეთ რეჟიმში წარმართვა. რატომ მოვედით პარლამენტში? იმიტომ მოვედით, რომ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მოსახლეობას ვამცნოთ ჩვენი გეგმების შესახებ, ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ, დასრულებული პროექტების შესახებ და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურს შეკითხვა დაუსვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე.

პრემიერი-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. მისივე თქმით ქართულმა მხარემ მიმართა აზერბაიჯანის სამართალდამცავებს, რომ გაცვლილი იქნას ინფორმაცია და რა შედეგები დაიდება, გამოძიება დაადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა დეპუტატებს, ნუ მიიღებენ მოცემულობად აფგან მუხთარლის განცხადებას მანამ, სანამ არ დასრულდება გამოძიება. პრემიერის განცხადებით, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს, მაშინ რეაგირება არ მოხდებოდა საერთოდ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებდა არავინ.

„ეს საკითხი არის გამოძიების პროცესში, რამდენადაც თქვენ მოგეხსენებათ. ძალიან მძიმე საკითხია, გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, რაც მოხდა, თუმცა სიმართლე საბოლოოდ ჯერ არ გარკვეულა და მე მგონი რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიცის უფროსი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მათი ბრალეულობა ჯერ არაფრით არ არის დადასტურებული, თუმცა მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაპირისპირება მოჰყვა გიორგი კანდელაკის კითხვას, რომელიც დაინტერესდა რამდენი წერილი აქვს გაგზავნილი საქართველოს მთავრობას ევროპარლამენტში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა არც ერთი წერილი ამ საკითზე ევროპარლამენტში საქართველოს მთავრობას არ გაუგზავნია.

„მე ვიცი, რომ თქვენ ბევრ წერილებს წერთ ევროპარლამენტში“, - უპასუხა პრემიერ-მინისტრმა კანდელაკის კრიტიკას და აღნიშნა, რომ მისი წერილების შინაარსი ანტისახელმწიფოებრივია და მას უნდა რცხვენოდეს.

კამათში გიგა ბოკერია ჩაერთო, რომელმაც მთავრობის მეთაურს სთხოვა ეჩვენებინა ის წერილები, რომელსაც ქართული მხარე ევროპარლამენტს სწერს და რაზეც რეაგირებას ითხოვს. გიგა ბოკერიას თქმით, ნორმალურია ის, რომ ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს, მაგრამ არანორმალურია, როცა მთავრობა ევროპარლამენტში დაკავებულია ოპოზიცის კრიტიკით და არ იყენებს საერთაშორისო შეხვედრებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ.

„ნუ მოისულელებთ ახლა თავს“, - მიმართა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს, რაზეც გიორი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ის თავად იქცევა ასე: „ვინ ისულელებს თავს და სულელებივით ვინ იქცევა, ამას ხედავს მოსახლეობა“.

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე აქტიური იყო გია (უცნობი) გაჩეჩილაძის სკანდალური ბრალდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით,

გია გაჩეჩილაძის ბრალდებებზე კომენტარი მხოლოდ იმის გამო გააკეთა, რომ გაჩეჩილაძემ მისი გუნდის წევრები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. როგორც კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, გაჩეჩილაძის მიერ მისთვის მიწერილი საკითხით დაინტერესდა, თუმცა მოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ასევე დაინტერესდა, რატომ ჰქონდა გია გაჩეჩილაძეს მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს მოუგვარებდა.

„მოლოდინი გამართლდა? როდესაც მან მომმართა, მაშინვე ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ ის გარკვეულიყო დეტალებში - იყო თუ არა კონკურენტული პირობები დაცული. რა თქმა უნდა, მან მოიკითხა ეს საკითხი და მივიღე ამომწურავი პასუხი. აქედან გამომდინარე, მე დავასკვენი, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი და გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება რომ არ გაეკეთებინა ჩემი გუნდის წევრების მიმართ, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარების გაკეთებას ამ თემაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერი მე სპეციალურად შევისწავლე. მე ამის უფლება მაქვს, ვინაიდან ვარ მთავრობის მეთაური და მთავრობის ტენდერზეა საუბარი და ეს არ არის ზეწოლა არავიზე. ტენდერი იყო კანონის ზედმიწევნით დაცვით ჩატარებული და ჩემი რეაგირება დასრულდა სწორედ აქ, ვინაიდან არავის არ უნდა ჩაეთვალა, რომ მეგობარს დავეხმარე და ჩემი თანამდებობა ამისთვის გამოვიყენე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება გადადგომის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მისი განცხადება ეხებოდა გადადგომას, თუკი რაიმე კანონდარღვევა დაფიქსირდებოდა, თუმცა ის დარწმუნებული იყო, რომ ტენდერი კანონის დაცვით ჩატარდა. შესაბამისად, კვირიკაშვილმა ყველა ის ადამიანი გააწბილა, ვინც ასეთ მოლოდინებს ტირაჟირებს.

ვითარება რამოდენიმეჯერ დაიძაბა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ძალოვან მინისტებს უსმენენ. სიტყვიერი დაპირისპირება სამთავრობო გუნდის წევრებსა და ოპოზიციის წევრებს შორის ახმედ ჩატაევის საქმეს მოყვა. გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრისგან ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვა. ბოკერია დაინტერესდა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ჩატაევის გათავისუფლებაზე, რადგან თავის დროზე იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ის ჩატაევის გაშვებას ეწინააღმდეგებოდა.

„სადღაც 5 წლის წინ ქალბატონო თეა, თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ამ შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბატონი ჩატაევი, რომელიც მაშინ იყო დაკავებული, იქნა გათავისუფლებული თქვენი პოზიციის წინააღმდეგ. მინდა გკითხოთ ამ მოვლენების ფონზე, იქნებ საზოგადოებას გაუმხილოთ, რადგან მაშინ ჩათვალეთ საჭიროდ გაგემხილათ, რომ თქვენ თურმე წინააღმდეგი იყავით. ვინ იყო მომხრე, ვინ გადაწონა თქვენი პოლიტიკური ფიგურა და რა არგუმენტებით. ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, არჩილ კბილაშვილის გვარი არ ახსენოთ, იმიტომ, რომ თქვენ მაშინ გენპროკურორი იყავით და სრული საფუძველი გქონდათ ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება შეგეცვალათ“, - მიმართა გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრს.

საპასუხოდ თეა წულუკიანმა დეპუტატს მიმართა, რომ ჩარჩენილი არიან წარსულში, ისევ იზრდებიან მენტალურად ადეიშვილის ჩრდილში:

„თქვენი გაფრთხილებების მიუხედავად, ვახსენებ, რომ ბატონი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი. თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში. ამიტომაც ხართ წარსულში და დიახ, ჩვენ გვქონდა გენპროკურორს და მთავარ პროკურორს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გამოდიოდა პროკურორი, რომელმაც მთავარი პროკურორის პოზიცია გააჟღერა. ბატონო გიგა, ნუ ღელავთ. ვიცი, რომ თქვენ ძალიან გწყინთ, რომ იუსტიციის მინისტრი იყო ჩატაევის გამოსვლის წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ეს თქვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია“.

ამის შემდეგ ბოკერიამ 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც ისაუბრა და შს მინისტრს მიმართა კითხვით - არის თუ არა ჩატაევის და მისი მომხრეების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოების ჩავარდნა და სამართალდამცავი ორგანოების ცუდი მუშაობის შედეგი. დეპუტატის საპასუხოდ შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გამოძიების ის მომენტი, როგორ მოხვდა ის ხალხი აქ, საქართველოს ტერიტორიაზე.

„თქვენი შეკითხვა არის საკმაოდ კონკრეტული, პირდაპირ ეთერში ვართ და რეალურად ამ შეკითხვას შემდგომ გაგრძელება მოჰყვება. არის დაწყებული კონკრეტული გამოძიება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოძიების ის მომენტი, როგორ მოხვდა ის ხალხი აქ. ვიმეორებ, რომ საზღვრის დაცვის რეფორმირების აუცილებლობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ესეც. თუმცა, იყო თუ არა დაფიქსირებული ამ ბინაზე შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები, ეს გამოძიების თემაა და მე ამას აქ ვერ გეტყვით. ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, რომ ამ ოპერაციის დროს, ძირითადი კრიტერიუმი და ამოსავალი წერტილი იყო, მოქალაქეების უსაფრთხოების თემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპარლამენტო მოსმენის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა, რომელიც დღეს სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და არაფრის გამოსწორება არ არის საჭირო, ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„საქართველოს მთავრობა აცდენილია იმ რთულ რეალობას, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს. დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობა, რომელიც მთლიანად დაკავებულია თვითკმაყოფილებით. ეს არის მთავრობა, რომელმაც ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა, მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ გაზის, ელექტროენერგიის გაძვირება, ფასების ზრდა, პენსიის არ გაზრდა - ეს არაფერს ნიშნავს და მოსახლეობას, ვისაც ეს აწუხებს, არანაირი დახმარება არ სჭირდება, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ჩვენ ამ მთავრობას მხარს ვერ დავუჭერთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.