„მოსახლეობას შესაძლეოა ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით“

„მოსახლეობას შესაძლეოა ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია პრემიერს საჯაროდ ემუქრება -მელია არ აკონკრეტებს, პრემიერის წინაარმდეგ სარცელის სეტანას აპირებს ტუ არა სასამართლოში, მაგრამ როგორც ის აცხადებს, „ბატონი კვირიკაშვილი პასუხს აგებს ძალიან მკაცრად, კანონის წინაშე“.

„ბატონი კვირიკაშვილი აგებს პასუხს კანონის წინაშე ძალიან მკაცრად, კანონის მთელი სიმკაცრით. ეს უსასრულობა, უმსგავსობა და უსამართლობა დასრულდება ძალიან მალე. შეიძლება მოკლე ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვოს არასწორად პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებაზე არჩევნებში, მაგრამ გრძელვადიან პსრსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება. არანაირ კეთილდღეობაზე ეს ადამიანი არ ზრუნავს", - აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას  შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. დაპირისპირება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

მთავრობის წევრები თვლიან, რომ პრემიერმა ღირსება დაიცვა - ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თვლის, რომ ღირსება არის ხელშეუხებელი და რაღაც ზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის თმენის ვალდებულებასაც.

„ცალსახად პროვოცირებული იყო. მთავრობის წევრები მაქსიმალურად ვიკავებთ ყოველთვის თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელია. რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს არავინ“, - განაცხადა სერგეენკომ.

დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის წევრები - ძველები თუ ახლები ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალიტეტის ძველი ბიჭები არიან.

„მათ არ გააჩნიათ არანაირი ღირსება, ამიტომაც მათთვის ადამიანის ღირსების შელახვა ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ღირსება არ გაქვს, სხვის ღირსებაზე ვერ იფიქრებ. ამიტომ იყო ის, რასაც 9 წელი აკეთებდნენ. იგივეს ახლა ვერ აკეთებენ და გულზე სკდებიან. ახლა თითქოს ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც მანამდე საქმით აკეთებდნენ. ისინი არიან სამარცხვინო ადამიანები და საქართველოს ისტორიაში სამარცხვინოებად შევლენ”, - განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

თავის მხრივ,  გიორგი კვირიკაშვილმა  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლეს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი... ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა .

მომხდარზე საკუთარი პოზიცია აქვს საქართველოს პარტიოტებს - „თქვენ საზოგადოებას ბოდიში მოუხადეთ, რადგან აღელდით, ამისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, პირიქით, მოსახლეობას შესაძლეოა ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, -  მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“  ფრაქციის წევრმა ემზარ კვიციანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ემზარ კვიციანი თვლის, რომ სამართლიანობის აღდგენა უფრო მეტი დოზით რომ  მომხდარიყო, ოპოზიცია ასე ვერარ ითავხედებდა.

„ეს ყველაფერი შედეგია იმ კოჰაბიტაციის, რომელიც თავს მოგახვიეს ჯერ თქვენ და მერე სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კვიციანმა და დასძინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობა“ 9 წელი სვა სისხლი და ახლაც აგრძელებს.