თეთრმა სახლმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა. 68-გვერდიან დოკუმენტში საუბარი არის საქართველოზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რეგიონში სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა.
„საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი განაგრძობს თავისი მეზობლების დაშინებას მუქარით, როგორიც არის ბირთვული პოტენციალის გაძლიერება და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება“, - აღნიშნულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
თეთრ სახლში შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთსა და ჩინეთს ასახელებენ. აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისი ამბობს, რომ ამერიკელი დიპლომატები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძლიერებაზე დაყრდნობით, ყოველთვის ძალის პოზიციიდან ისაუბრებენ. პენტაგონის შეფი ახალ სტრატეგიას „გასაგებს და ყოვლისმომცველს“ უწოდებს.
„სტრატეგია საშუალებას იძლევა ყველა იმ გამოწვევას უპასუხონ, რომელსაც აშშ თავდაცვის სფეროში აწყდება. ამერიკელი სამხედროები იქნებიან იმის გარანტი, რომ შეერთებული შტატების დიპლომატები ყოველთვის ძალის პოზიციიდან ისაუბრებენ. ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებით განვაგრძობთ საერთო ინტერესების დაცვას უსაფრთხოების სფეროში, ამავდროულად დავიცავთ ამერიკას მათგან, ვინც ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
68-გვერდიან ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელშიც საუბარია საქართველოს შესახებ, შეფასებები მოჰყვა თბილისში. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას.
„ეს გზავნილები არის ძალიან მყარი მხარდაჭერის დადასტურება. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალიან მკაფიო გზავნილებისა და მკაფიო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველო და მთლიანად რეგიონი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის დღის წესრიგში ექცევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, პრევენციული მიზნებისთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. რამდენადაც, მისი თქმით, შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის მხარდაჭერაზეც ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული როგორც უსაფრთხოების, ასევე ჩვენი ქვეყნის პერსპექტივების თვალსაზრისით.
„ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ემყარება ძალიან მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ის, რომ საქართველო და მთლიანად რეგიონი ექცევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღის წესრიგში, ეს უკვე ბევრის მეტყველია. დავიწყოთ იქიდან, რომ აშშ-ი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ამასთანავე დემოკრატიული სახელმწიფო მსოფლიო მასშტაბით, მის პოზიციაზე და პოლიტიკაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში. ასევე, აშშ-ი ძლიერი მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის პრესპექტივების მიმართ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
მისივე თქმით, ამერკის სამხედრო სტრატეგიაში საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის ასახვა, საქართველოსთვის და ასევე მტრისათვის არის მკაფიო გზავნილი, რომ აშშ-ი არის საქართველოს ძლიერი მოკავშირე.
„ეს სიტყვები ეკუთვნის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, რომელმაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში დაამკვიდრა მოკვაშირის სტატუსი. ბოლო პერიოდში გამორჩეული, ძალიან მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს აშშ-თან და რაც მთავარია ჩვენ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას ვიყენებთ საერთო ინეტერსებისთვის - ეს არის, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონაში“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ტრადიციულად, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას უარყოფითად აფასებს რუსეთი. კრემლში მიაჩნიათ, რომ ახალი სტრატეგია იმპერიალისტურ ხასიათს ატარებს და გვიჩვენებს აშშ-ს მხრიდან ერთპოლარული მსოფლიოს ცნებაზე უარის თქმის სურვილის არარსებობას. მოსკოვი არ ეთანხმება დოკუმენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას გონივრული ძალის გამოყენებით უპასუხებს.
„თანამედროვე მსოფლიო ისეა მოწყობილი, რომ ძალაზე მხოლოდ ძალით შეიძლება პასუხის გაცემა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კუთხით უპასუხებს რუსეთი შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიას. ახალი სტრატეგია ბევრად უფრო განსაზღვრული, უხეში და აგრესიულია, თუმცა არსი იგივე დარჩა - მშვიდობის დამყარება ძალის საშუალებით ანუ ეროვნული უსაფრთხოება აბსოლუტური ჰეგემონიის დამყარებით“, - აღნიშნავს ფრანც კლინცევიჩი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ 68-გვერდიანი დოკუმენი, სადაც საუბარი არის საქართველოზე, ბევრს არაფერს ნიშნავს. მით უფრო იმის ფონზე, როდესაც ამერიკამ სამხედრო ბიუჯეტის დამტკიცების დროს 70 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მიმართულებით, რაც მისი თქმით, გარკვეულ ინსინუაციებს იწვევს.
„უსაფრთხოების სტრატეგიაში დაფიქსირებული არ არის, რა სახის დახმარებას სთავაზობენ და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ამერიკის უსაფრთხოებისათვის. მნიშვნელოვანია რა წერია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რამდენად იღებს ამერიკა ვალდებულებას იმისათვის, რომ დაიცვას ამ სახელმწიფოს უსაფრთხოება და არ დაირღვეს ტერიტორიული მთლიანობა.
იმ კონტექსტში, როდესაც მიდის გამალებული ახალი ცივი ომი, რუსეთი ძალიან აგრესიული გახდა, ამის ფონზე ახალ სტრატეგიაში საქართველოს მოხსენიება არაფერისმთქმელი არ არის. ჩვენთვის ასეთი რიტორიკა 5-10 წლის წინ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი და მისაღები, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი სამხედრო საფრთხეები არის უფრო ძლიერი, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გარემო უფრო მეტად არის მოწყვლად რუსეთისთვის, ასეთი რიტორიკა დიდად არაფერს არ ცვლის, რადგან ამ სტრატეგიაში საუბარი არ არის იმაზე, როგორ დაგვეხმარება ამერიკა მომავალი აგრესიის მოგერიებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ფიქრობს, რომ მხარდაჭერის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოზე საუბარი, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რა რეაქცია ექნება რუსეთს.
„გასაგებია, რომ საქართველო და უკრაინა არის განხეთქილების ვაშლი, რაღაც ზეწოლის მექანიზმი რუსეთსა და აშშ-ის ურთიერთობებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი სტრატეგია საქართველოსთვის არის საფრთხე. არაერთხელ განუცხადებია რუსეთს, რომ არ დაუშვებს საქართველოში ნატოს ჯარების შემოსვლას, მით უმეტეს, სტრატეგიული იარაღის განლაგების პირიობებში, რუსეთს ექნება შესაბამისი რეაქცია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ანტისარაკეტო კომპლექსი Javelin არის მოსალოდნელი საფრთხე საქართველოსთვის.
საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ მას აღებული აქვს მკვეთრად პროდასავლური კურსი, აშშ არის მისი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რუსეთის პოზიცია. ამიტომ, სტრატეგიული იარაღის განლაგების შემთხვევაში როგორი რეაქცია ექნება რუსეთს, ეს არავინ არ იცის. რუსეთი გავლენის სფეროდ მოიაზრებს კავკასიას და არ დაუშვებს ასეთ ქმედებებს. აშშ და რუსეთი ერთმანეთს პირდაირ არ დაეტაკებიან, შეტაკებები ხდება მესამე ქვეყნის ტერიტორიებზე და როდესაც საქართველო ასეთი ყურადღების ცენტრშია, ეს ძალიან ცუდია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.