„პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ყოველგვარი ჭორები და სპეკულაციები საფუძველს არის მოკლებული“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვას იწყებს, ხოლო 21 დეკემბერს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.
„რაც შეეხება ჭორებს პრემიერის გადადგომის თაობაზე, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამას და ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ დავამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას და შესაბამისად, ჭორები და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს წარედგინება და დღესვე გაიმართება საკომიტეტო განხილვები. ამის შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. ამის საფუძველზე 21 დეკემბერს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკომიტეტო მოსმენები დღეს დასრულდება, რის შემდეგაც პროცესი სასესიო ფორმატში გადაინაცვლებს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი პარლამენტისთვის და თვითონ მთავრობისთვისაც.
„კომიტეტის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ მინისტრებს, მათი ხედვა იქნება წარმოდგენილი, რას გეგმავენ და რა რეფორმების განხორციელებას აპირებენ. შესაძლებელი იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმშიც პროცესის წარმართვა და შემდეგ იქნება კენჭისყრები კომიტეტის ფორმატში.
კენჭისყრები არის ფარული, კომიტეტში ნდობის გამოცხადებაზე, შემდეგ უკვე იქნება პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღესვე დავასრულოთ პოლიტიკურ ჯგუფებში და კომიტეტებში ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობა და უკვე გადაინაცვლებს ეს პროცესი პარლამენტში სასესიო ფორმატში“, - აცხადებს ეკა ბესელია.
ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, ნინო გოგუაძეს, რომლის განცხადებით, საინტერესოა ხედვა, როგორ აპირებს მთავრობა მუშაობას უკვე სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ.
„ბუნებრივია, არის შეკითხვები იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თანმიმდევრული, გააზრებული განხორციელება სჭირდება და სწორედ ეს იქნება ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მინისტრების მიმართ იქნება დასმული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო გოგუაძემ.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიციას კითხვები აქვს უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, ლარის კურსსზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც ოპოზიციის შეფასებით საკმაოდ რთულია. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას სამივე მიმართულებით ჩავარდნა აქვს.
„არის ძირითადი სამი პრობლემა - ეს არის ეკონომიკური კრიზისი და ვალუტის არასტაბილურობა, ეს არის უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები და პოლიტიკური დევნა. სამივე მიმართულებით ხელისუფლებას აქვს ჩავარდნა, კონკრეტული კითხვები იქნება ხვალ, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვიტრიალებთ ამ მიმართულებით“, - აცხადებსსერგო რატიანი.
გიორგი კვირიკაშვილს გუნდს მხარს არ უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, ეს არ არის ცვლილება, რომელიც გარკვეულწილად თანხებს დაზოგავს.
„მთავრობა საერთოდ არ მუშაობს იმ ცვლილებებზე, რომელიც მოსახლეობას დღეს აწუხებს. ეს არის გაზრდილი ფასები, გაზრდილი კრიმინალი, ჩამოშლილი ეკონომიკა, დამატებითი უმუშევარი ადამიანები. ამაზე მთავრობა არ ზრუნავს, ზრუნავენ მხოლოდ, თუ რა კონფიგურაცია აწყობს იმ ერთ ადამიანს, ვისთანაც არიან ისინი ანგარიშვალდებული“, - ამბობსზურაბ მელიქიშვილი.
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილის განახლებული მთავრობა უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. ზარდიაშვილი ასევე გამორიცხავს უმრავლესობის შიგნით პრემიერის წინააღმდეგ მოქმედებას და აცხადებს, რომ არანაირი მაჩვენებელი იმისა, რომელიც კვირიკაშვილის თავზე ხიფათზე მიანიშნებს, არ არსებობს.
„თუ უმრავლესობაში არსებული მთავრობის ალტერნატივა განიხილება, ეს საჯაროდ გამოტანილი უნდა იყოს. ასეთი რამ არ შეინიშნება. არა მგონია, რომ კვირიკაშვილს გუნდს გაუჭირდეს ნდობის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები შეიძლება იყოს და კითხვები ნებისმიერ მთავრობასთან უნდა იყოს პარლამენტის მხრიდან, ეს ბუნებრივია და გასაგებია. მაგრამ კვირიკაშვილს და მის გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს. რა თქმა უნდა, ნდობის მანდატს მიიღებს. არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულ გართულებას.
რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანი პოზიცია იქნება თვითონ უმრავლესობის შიგნითაც, თუნდაც იგივე გარემოს დაცვის სამინისტროს გაერთიანება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ნაწილობრივ ეკონომიკის სამინისტროსთან, ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ არ იმოქმედებს იმ მხრივ, რომ კვირიკაშვილის გუნდის ალტერნატივა გაჩნდეს უმრავლესობაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.