გია გაჩეჩილაძის (უცნობი)ხმაურიანი ბრალდების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის გადადგომას კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში უარყოფენ, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობი) შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პრემიერი თავისი მეგობრების გამო აწყდება სირთულეებს, რაც შეიძლება ვიღაცისთვის სამომავლოდ იყოს ხელშემწყობი, რომ პრემიერობის პრეტენზია ბუნებრივად აღარ ჰქონდეს კვირიკაშვილს.
for.geრამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამდენად ღრმად შეიძლება წავიდეს პროცესები? გაჩეჩილაძის ბრალდებას ბრალდებითვე ამაგრებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ჩართულია საეჭვო ტენდერებში და რომ სახელმწიფო ტენდერებს იგებენ პრემიერთან დაახლოებული ადამიანები. თამაშის რა ფორმაა, რასაც გაჩეჩილაძის მონაწილეობით ვხედვათ? ასეთი განცხადებაც წავიკითხე, საქართველო რატომ უნდა იყოს მუდმივად ძმები გაჩეჩილაძეების ვალში...
რამაზ საყვარელიძე: არ ვიცი, რა გითხრათ. სამწუხარო ფაქტია. არა იმდენად იურიდიული თვალსაზრისით, რამდენადაც ადამიანური კუთხით. ჩვენ გვახსოვს კვირიკაშვილზე, როგორც მეგობარზე და საერთო მეგობრობაზე როგორ ლაპარაკობდა გია, მაგრამ ბოლოს მივიღეთ სურათი, სადაც მეგობრობა ადვილად იცვლის ადგილს. ამ თვალსაზრისით გია გაჩეჩილაძის გამართლება ძნელია. თქვენ ახსენით, რომ ამ დაპირისპირებაში გაჩეჩილაძემ საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღო. იცით, საქართველოში არ აღიქმება კარგ ტონად, როცა მეგობართან ლაპარაკს ტრიბუნიდან იწყებ.
შეიძლება მართალიც იყოს, არ გამოვრიცხავ. ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ბევრს საუბრობენ. მაგრამ მაშინაც კი, რომც ჩაითვალოს, რომ მომჩივანი მართალია, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში სასამართლოში ჩივილსაც კი ირიბად უყურებენ, ძალიან ახლობლები ჩივიან. მეგობარი კი - ახლობელია. ასე რომ, სამწუხარო ფაქტია.
საერთოდ, რამდენად ეთიკურია გაჩეჩილაძის მხრიდან დაჩაგრულის როლში ყოფნა? მაგალითად, გაჩეჩილაძის ოჯახი დეტალურად არ საუბრობს, რატომ და როგორ გადაეცა მის კომპანიას ლილოში მიწის ნაკვეთი უკონკურსოდ. ამბობს, რომ ეს მოხდა კონკრეტული შეთავაზების საფუძველზე, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში სახელმწიფოსთვის იყო მისაღები. ამ ტენდერის გარშემო თავიდანვე იყო კითხვის ნიშნები, მაგრამ მაშინ გაჩეჩილაძეს არ გამოუთქვამს პროტესტი, მაგრამ გააპროტესტა მაშინ, როდესაც მისმა კომპანიამ ვერ მოიგო ერთი ტენდერი...
- საერთოდ, გიას საქციელის გამო ნამდვილად მიჭირს ლაპარაკი. ეს ადამიანი ძალიან უყვართ საქართველოში. მაგრამ გიას მხრიდან ლაპარაკი იმაზე, რომ პრემიერმა უნდა გადაწყვიტოს ტენდერის საკითხი, არ არის სწორი. ეს ნამდვილად მიუღებელია. თავი რომ დავანებოთ მეგობრობას, რატომ და რა უფლებით უნდა გადაწყვიტოს პრემიერმა ტენდერების საკითხი?!
საკითხი უნდა გადწყვიტოს კომისიამ და თუ კომისია არასწორად იქცევა, მაშინ სასამართლოში უნდა წავიდეს. რამდენადაც ვიცი, მიმართა სასამართლოს. თან პრეტენზია გაქვს, თან გინდა სასამართლო დაიხმარო და თან ძმაკაცობაში გაამტყუნო, ჩემთვის გაუგებარია ეს დამოკიდებულება იმიტომ, რომ ძმაკაცობაში და მეგობრობაში სასამართლოებით არ წყდება თემები. თუკი გიას მიაჩნია, რომ პრემიერი უნდა ჩარეულიყო იმიტომ, რომ მისი სიძის კომპანიას ეხებოდა საკითხი და საყვედურობს იმას, რომ არ ჩაერია, ეს კიდევ უარესია.
ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ასეთი ჟღერადობა აქვს გაჩეჩილაძის საყვედურს...
- ეს არის სამწუხარო. მაგრამ თუ საყვედურობს იმას, რომ საქართველოში მოუგვარებელია ტენდერების საკითხი, ეს საყვედური არ მიმაჩნია გაუგებრად. მაგრამ ასეთ შემთხვევაში მარტო შენი საქმით არ უნდა იმსჯელო, უნდა დაიწყო ამ საქმის გარშემო ტრიალი. არის თუ არა კვირიკაშვილის პრობლემა ტენდერების მოუგვარებლობა - არ ვიცი. ვიმეორებ, ეს კომისიები დამოუკიდებელი ერთეულები არიან, სამთავრობო სტრუქტურების კონტროლს არ ექვამდებარებიან. მე მგონია, რომ გაუგებარი ნაბიჯია გადადგმული გიას მხრიდან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაჩეჩილაძის ამ ხმაურიანი ბრალდების უკან კონკრეტული ჯგუფი დგას, რომლის ინტერესშია პრემიერის დადანაშაულება კორუფციაში და უკანონო ტენდერებში. ირაკლი ღარიბაშვილსაგან განსხვავებით, ეს კითხვები არ დასმულა კვირიკაშვილის შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, გაჩეჩილაძის უკან დგას ჯგუფი, რომლის ინტერესშიც არის პრემიერის დისკრედიტაცია?
- სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში დაუშვებელი არაფერია. თუკი ეს სკანდალი გაღვივდება და ყველა ნიშანი აქვს იმისა, რომ ეს სკანდალი გაღვივდება, ასეთ შემთხვევაში გართულდება პრემიერის მდგომარეობა. მოვლენების დინამიკას თუ დავაკვირდებით, ვიღაცა ცდილობს ხელი მოითბოს, ანუ პოლიტიკური ამოცანა აქვს დასახული, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს კვირიკაშვილი, რომ მერე თვითონ თქვას უარი პრემიერობაზე. მე უფრო ეს ვითარება მგონია.
გაჩეჩილაძის ამ ბრალდებას წინ უსწრებდა ინფორმაცია მედიაში - „ვინ არის პრემიერის კასირი“, „როგორ კურირებს პრემიერის მეგობარი ტენდერებს“. ამ ინფორმაციების შემდეგ ჩნდება გაჩეჩილაძის სკანდალური ბრალდებები. რამდენად შეიძლება, რომ პრემიერზე შეტევა ორკესტრირებული იყოს? თუ ღარიბაშვილის შემთხვევაში იყო კითხვები და ამ კითხვებზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, კვირიკაშვილის შემთხვევაში სხვა სურათია, ბრალდება ისმის უახლოესი მეგობრისგან...
- ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ მეგობარზე, რომლის ნათქვამს უფრო აიტაცებს მედია. ბუნებრივია, გაჩეჩილაძის ნათქვამს უფრო მოჰყვება ხმაური, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანის ნათქვამს. ვიმეორებ, ეს შეიძლება ვიღაცისთვის სამომავლოდ იყოს ხელშემწყობი, რომ პრემიერობის პრეტენზია ბუნებრივად აღარ ჰქონდეს კვირიკაშვილს.
ვხედავთ, რომ გაჩეჩილაძე ამწვავებს პროცესებს, პირდაპირ ეთერში კითხულობს პრემიერისთვის გაგზავნილ SMS-სებს. შესაძლებელია უცნობის სკანდალი პრემიერის განთავისუფლების საფუძველი გახდეს?
- არა. გათავისუფლებამდე შორი გზაა, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერი თავისი მეგობრების გამო აწყდება სირთულეებს. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მეგობარი, რომლის გამო აწყდებოდა სირთულეს და ეს არის ხშირად სალაპარაკო - ალექსანდრე ჯეჯელავა, რომლის ჯერ მინისტრობის და შემდეგ ვიცე-პრემიერობის თაობაზე ძალიან განსხვავებული პოზიციებია. სწორედ კვირიკაშვილის მისამართით ისმის ეს ბრალდება, რომ დიდხანს იცავდა ჯეჯელავას და მაქსიმალურად ცდილობდა დაეტოვებინა თავის ადგილზე.
მე ვიტყოდი, რომ ჯეჯელავამ ამ მხრივ ცუდი სამსახური გაუწია თავის მეგობარს. ეს უკვე მეორე სკანდალია, რომელიც პრემიერის მეგობართან არის დაკავშირებული. პირველი მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, უკვე მეორე ისტორია დაიწყო. ამიტომ გეთანხებით, რომ შეიძლება ვიღაცას ამ ტიპის ისტორიების გამო პრემიერობის მადა გაეხსნას. არ არის გამორცხული, რომ ეს ისტორიები პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი გახდეს.
ვინ და რა პოლიტიკური ჯგუფი შეიძლება იდგეს გაჩეჩილაძის ბრალდებების უკან? ასევე საინტერესოა, რომ უცნობის სკანდალი დროში დაემთხვა უმრავლესობის შიგნით არსებულდაპირისპირებას...
- ვიმეორებ, შეიძლება არანაირი ჯგუფი არ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, ვიღაცა სარგებლობდეს ამ სიტუაციით. თუკი ვინმეს გაუჩნდება იდეა, რომ ამ სიტუაციის ფორსირება მოახდინოს, ბუნებრივია, ასეთი იდეა გაჩნდება იმ წრეებში, რომელთაც პრემიერის ადგილზე აქვთ პრეტენზია. ვინ არიან ეს წრეები, ეს უკვე თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა გაარკვიოთ.