მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა, მაგრამ დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელ სამართალდამცველებს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ და თავს ვალდებულად არ თვლის, გამოძიებას ჩვენება მისცეს. მისი თქმით, პროკურატურაში კარგად იციან, რომ არანაირი გადატრიალება არ მზადდებოდა, ამიტომაც არ აჩქარებენ დაკითხვას და პროცესუალურ მოქმედებებს.
„10-12 დღის წინ დამაკავეს. მათ რომ ჰქონოდათ სასწრაფო საქმე, რომელიც ნამდვილად სახელმწიფო გადატრიალებას ეხება, რატომ არ დამკითხეს აქამდე? რატომ დანიშნეს პირველი დაკითხვა 10 დღის შემდეგ? თქვენ თვითონ განსაჯეთ: თუ ვინმეს ომში მონაწილე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს და თან ამას ФСБ-სთან ერთად აკეთებს, ეს ხომ პროკურატურის ღირსების საკითხია - დროზე გააუვნებელყოს ეს ადამიანი, პირველივე დღეს დაკითხოს და მიიღოს უკრაინის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მას დაკითხვაზე კიდევ ერთხელ გამოიძახებენ. იმ შემთხვევაში, თუკი ეჭვმიტანილი სააკაშვილმა არ შეასრულა ეჭვმიტანილის სტატუსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და დაკითხვას მეორედაც ჩაშლის, საქმის პროკურორის ალექსანდრე გოვორუშჩაკმას განცხადებით, გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.
გარდა ამისა, კიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივარის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 22 დეკემბერს, 11:15 საათზე დაიწყება. ამასთან, კიევში, „ოქტომბრის სასახლესთან“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიციამ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა. საქმე აღიძრა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი შენობების აღების მუხლით, რომელიც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე საქმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის საშიშროების შექმნის მუხლით აღძრეს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ეროვნული პოლიციის სპიკერი იაროსლავ ტრაკალო აცხადებს, იგეგმება მესამე საქმის აღძვრა, რომელიც სამართალდამცველებს საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.ტრაკალოს განცხადებით, დაკავებული ჯერ არავინ არის. როგორც ცნობილია, „იმპიჩმენტის მარშის“ წევრებმა „ოქტომბრის სასახლეში“ შეღწევა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. „ოქტომბრის სასახლეზე“ შეტევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მომხრეების კვლავ მაიდანზე დაბრუნება შეძლო, მაიდინდან კი მათ უკრაინის რადასკენ გადაინაცვლეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ტელეკამერების წინ შეხვდეს და ადამიანების თანდასწრებით ესაუბროს იმაზე, თუ როგორ ჩამოაშორებს ოლიგარქებს ხელისუფლებას, როგორ ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს, როგორ დაასრულებს უკრაინელთა გულისამრევ დამცირებას, უსისხლოდ, ძალადობისა და ესკლაციის გარეშე.
„ხელისუფლება პუტინის აგენტს მიწოდებს. მე საქართველოში პუტინის აგენტურა სრულად გავანადგურე, რის გამოც მათ 2012 წელს არჩევნებზე სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ. ოლიგარქები ხელისუფლებაში ჩვენი პასიურობის წყალობით რჩებიან. ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს, მას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არანაირ შემთხვევაში არ გავუფრთხილდები ძაღლის ჯიხურს, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს მოსული.
ჩვენ არ გვაქვს უკრაინის უშიშროების სამსახური, ეს „ბარიგების“ უშიშროების სამსახურია. არ არსებობს ეროვნული გვარდია, არის მხოლოდ პირადი გვარდიელები, რომლებიც ბინძურ შეკვეთებს ასრულებენ. ისინი აგროვებენ კომპრომატებს ოპოზიციაზე, რუსულ ФСБ-სთან ერთად ჩაატარეს სპეცოპერაცია და დამაკავეს მე - პუტინის ყველაზე დაუძინებელი მტერი.
პირმა, რომელმაც მე დამაკავა, ყირიმი რუსებს ჩააბარა. გუშინ აქ მიტინგისთვის სცენის აღმართვას გვიკრძალავდა პირი, რომელმაც სხვებთან ერთად დონბასი ჩააბარა რუსეთს. მინდა მივმართო ხელისუფლებას - თქვენ არ გრცხვენიათ, რომ კიევის ცენტრში დღეს ბრძანებებს ასეთი პირები გასცემენ?“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის აქტიურობას უკრაინაში ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გამოეხმაურა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მისცეს საააკაშვილი ან უნდა გადადგეს.
„ყველამ უნდა აღასრულოს კანონი. დაწყებული ჩინოვნიკიდან, დამთავრებული პრეზიდეტთ. არ შეიძლება კონსტიტუცია ჩვარად ვაქციოთ. სხვათა შორის ეს ადრეც ასე ხდებოდა და ნაწილობრივ ახლაც ასე ხდება. არის კანონი, რომლითაც ყველა ხელმძღვანელობს. გამოიყენეთ ის სააკაშვილის წინააღმდეგაც და მორჩა. თუ სააკაშვილი კანონს არღვევს ის უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გააჩეროს“, - აღნიშნა ლეონიდ კრავჩუკმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დასრულდება სააკაშვილის აქტიურობა უკრაინაში. თუმცა ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს ქართულ ციხეში მოიხდის. მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ვინც ჩადის დანაშაულს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს.
„თუ ყოფილი პრეზიდენტობა ან ის, რომ შენ შეიძლება მომავალში დიდი პოლიტიკოსი გახდე, შენ გათავისუფლებს დანაშაულის შემთხვევაში სასჯელისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევქმნით სამართლებრივ სახელმწიფოს და თუ სააკაშვილი არის დამნაშავე და მე მიმაჩნია, რომ ის არის დამნაშავე, მან უნდა აგოს პასუხი საქართველოს კანონმდებლობით, ისე, როგორც ეს ხდება ნებისმიერი სხვა მოქალაქის მიმართ“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
სააკაშვილის ექსტრადირების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, სააკაშვილის, როგორც ოპოზიციის ლიდერის გადმოცემის შემთხვევაში, კიევი კანონს დაარღვევს.
„თუ დაიწყება ექსტრადირების პროცესი, ეს პროცედურები არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული. ეს იქნება პირდაპირ დარღვევა საერთაშორისო ნორმების და ასევე უკრაინის კანონმდებლობის. უნდა ვუთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე ეხვეწებოდა უკრაინის ხელისუფლებას, არ ეხილათ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე პროცესების დასაწყისი საქართველოში“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.