უმრავლესობის მხრიდან ახალი ფრაქციების შექმნის თემას სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა - როგორც უმრავლესობა აცხადებს, უკანასკნელი დღეების განმავლობაში აბსოლუტურად უსაფუძვლო სპეკულაციები მოჰყვა ამ ამბის გახმოვანებას.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ამაზე მსჯელობა. როცა პარლამენტში 110-კაციანი ფრაქცია იყო და ის ჩაიშალა პატარა ფრაქციებად, მაშინვე ვთქვით, რომ არ იყო გამორიცხული შექმნილიყო კიდევ რამდენიმე ფრაქცია. სწორედ ამის გაგრძელებაა ესეც, სწორი და უკეთესი მენეჯმენტისთვის“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ.
გავრცელებულ ინტერპრეტაციებს შორის ერთ-ერთი ვერსია პრემიერის გადადგომაა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა არ გამორიცხა, რომ პრემიერი გადადგეს, თუმცა როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, გამორიცხულია გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა.
ჩუგოშვილი იმასაც უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება რაიმე დაპირისპირების შედეგია და გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობი) შორის არსებულ ისტორიას უკავშირდება.
„არანაირი კავშირი არ არის ფრაქციების შემადგენლობასა და იმ ისტორიას შორის, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ეთერებით ვიხილეთ. ფრაქციების დაშლა ემსახურება მხოლოდ საორგანიზაციო და მენეჯმენტურ მიზნებს და არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძეც უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ უმრავლესობის შგნით დამატებით ორი ფარქციის შექმნა პრემიერისა და უცნობის დაპირისპირებას უკავშრდება. გეგიძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ერთი ახალი ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება, ამბობს, რომ ეს პროცესი მიმდინარე მოვლენებს დროში დაემთხვა.
„მოტივაცია არის უპირველეს ყოვლისა, საერთო ღირებულებების, მათ შორის პოლიტიკური ღირებულებების ქონა პარლამენტის წევრებს შორის. ასევე სურვილი იმისა, რომ უფრო მეტი აქტიური ფაზის რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა პარლამენტში. ფრაქციის შექმნის პროცესი და ფრაქციის შექმნა არანაირად არ უკავშირდება ამ თემას, თუნდაც იმიტომ, რომ სულ სხვა დროს დაიწყო ფრქციის შექმნა, უბრალოდ ფრაქციის შექმნის დრო დაემთახვა ამ საკითხს, სადაც ვერანაირად ვერ შეიძლება იყო ურთიერთკავშირში...მე არანაირად არ მჩვევია რაღაც ვამტკიცო იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
უმრავლესობის დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, კონსტიტუციური უმრავლესობის შემთხვევაში, აუცილებელია დეპუტატების მაქსიმალური მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადება რეალობას აცდენილია.
„არანაირ მსგავს ფაქტორებს, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნა ფოფხაძემ.
თუმცა მამუკა მდინარაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა ფრაქციების შექმნა დააჩქარა.
„მართლაც, უკეთესია კოორდინაციისა და იმისათვის, რომ თითოეული დეპუტატის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, საკანონმდებლო ინიციატივებში და აზრის ფორმირებაში იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, აიტაცა პრემიერის შესაძლო გადადგომის ვერსია, თუმცა პარლამენტის ყოფილი თავმჯოდმარე, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას არ ელოდება, რადგან ის იმაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
როგორც უსუფაშვილი ამბობს, პრემიერმა წარმოგვიდგინა იდეები, რომელთა დიდი ნაწილი პოლიტიკურად გაუაზრებელი აღმოჩნდა და ეს ყველაფერი იწვევს ასეთ მითქმა-მოთქმას.
იუსტიციის მინისტრიც თვლის, რომ პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ საუბარი არის სპეკულაცია.
„5 წლის განმავლობაში იგივე ავტორებმა სპეკულაციების, მეც ბევრჯერ მომხსნეს, თუმცა ვაგრძელებ მუშაობას“, - განაცხადა წულუკიანმა.