არჩევნების შემდეგ რეგიონებში დიდი საკადრო წმენდა იწყება

არჩევნების შემდეგ რეგიონებში დიდი საკადრო წმენდა იწყება

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რეგიონებში დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. იგეგმება თანამშრომელთა შემცირება და სტრუქტურული ერთეულების გაუქმება. ზოგიერთ რაიონში ამ პროცესს დაპირისპირება მოჰყვა.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია უკვე მიმდინარეობს და იგი 27 დეკემბერს დასრულდება. სწორედ ამ დღეს წარედგინება საკრებულოს დეპუტატებს რეორგანიზაციის დასრულებული ვარიანტი. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდება სტრუქტურული ცვლილებები და ასევე ყველა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება. ამ გზით შეირჩევიან სამსახურის უფროსებიც, რომელთაგან ხუთმა დაკავებული პოზიცია უკვე დატოვა.

„მერიაში რეორგანიზაცია 27 დეკემბერს დასრულდება, როცა საკრებულოს წარვუდეგენთ დასრულებულ რეორგანიზაციას, ახალ შტატებს, ახალ სამსახურებს და დავიწყებთ უკვე მუშაობას“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

კახეთშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერები საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეორგანიზაციას აანონსებენ. 2018 წლის დასაწყისიდან იგეგმება აიპ-ი ორგანიზაციების ოპტიმიზაცია, რაც თანამშრომელთა საშტატო ერთეულების შემცირებასაც გულისხმობს. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შემდეგ თელავში რამდენიმე ერთი და იმავე ფუნქციის მქონე აიპ-ი მუშაობს, ამიტომ თელავის მერია მათ გაერთიანებას აპირებს. ის, თუ რომელი ორგანიზაციები გაერთიანდება, იანვარში გახდება ცნობილი.

რეორგანიზაცია იგეგმება ლაგოდეხშიც, თუმცა მერიის პრესსამსახურს ჯერ დეტალური გეგმა არ აქვს და მედიისთვის განცხადებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს.

გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა კი, მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ განმარტება უკვე გააკეთა:

„სამსახურები და განყოფილებები, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეების მომსახურებასთან, სწორად უნდა იყოს დალაგებული. კონსულტაციებს გვაქვს როგორც გუბერნიასთან, ასევე სამინისტროებთან. სტრუქტურა დასახვეწია. რაც შეეხება კონკურსით დანიშნულ თანამშრომლებს, მათთან მიმართებით კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ წასვლის შესახებ განცხადებას დაწერენ, დაკმაყოფილდება. იმ შემთხვევაში, თუ კადრების შემცირება მოგვიწევს, ამის შესახებ წინასწარ გავაფრთხილებთ“, - განაცხადა ხანდამაშვილმა.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია რეორგანიზაციას წარმომადგენლობით ორგანოში გეგმავს. საკრებულოში ამ დროისთვის დასაქმებული კადრები წინა მოწვევის საკრებულოს თანამშრომლები არიან.

კაკულია თანამშრომელთა ოპტიმიზაციას უახლოეს მომავალში აპირებს. დღესდღეობით ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შვიდი თანაშემწე ჰყავს.

„არ ვარ მომხრე, რომ ამდენი თანაშემწე მყავდეს“, - აღნიშნავს კაკულია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალმა ხელისუფლებამ კი თანამშრომლების შერჩევა უკვე დაიწყო. თვითმმართველობაში დასაქმებულთა ნაწილი სამსახურიდან გაუშვეს, ნაწილი კი პოზიციებზე დატოვეს.

პირველ პირთა გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ყოფილი საჯარო მოხელეების უკმაყოფილება. ადგილობრივი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობაში თანამშრომლებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ნიშნავენ და ათავისუფლებენ.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, საკრებულოსა და მერიის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოში ჩივილს აპირებს.

რეორგანიზაციას გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. საკრებულოს დეპუტატმა და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ საკადრო პოლიტიკისადმი ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა გააპროტესტა.

ქალაქის მერი ზაზა მელიქიძე კი უარყოფს ოპოზიციისა და ყოფილ თანამშრომელთა ბრალდებას და აცხადებს, რომ კადრები კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით შეირჩა.