სოსო ცინცაძე: „ჩვენ არ შეგვიძლია, ბარიკადების რომელიმე მხარეს დავდგეთ“

სოსო ცინცაძე: „ჩვენ არ შეგვიძლია, ბარიკადების რომელიმე მხარეს დავდგეთ“

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთისპრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ ძლევამოსილებას საშინაო თუ საგარეო ფრონტზე - მისი განცხადებით, „ყველასთვის ცნობილი შეზღუდვების გამო ტრამპს არ შეუძლია რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ტრამპმა რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. იმედია, მას რუსეთთან ეს სურვილი ჯერ არ გაუქრა“.

რაც შეეხება შეიარაღებას, სამხედრო საკითხებზე უნდა დაიხარჯოს იმდენი, რამდენიც საჭიროა. პუტინის თქმით, რუსეთის სამხედრო ხარჯები არააძალიან გაზრდილი: „ჩვენი სამხედრო ხარჯები დაახლოებით 46 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, აშშ-ს სამხედრო ხარჯები 700 მილიარდი დოლარია“, - აღნიშნა პუტინმა, საკუთარი მოსახლეობა კი იმით შეაშინა, რომ თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები“ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ.

თუმცა ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პუტინის წარმატებული ვიზიტები ისლამურ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც აშშ-ს დამოკიდებულება ისლამურ სამყაროთან იძაბება. ნიშნავს თუ არა ეს ტენდენცია, რომ თანამდეროვე მსოფლიოში კიდევ ერთხელ შეიცვლება კლიმატი - აღნიშნულ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება. 

ამ დღეებში ირანის პარლამენტმაც მოუწოდა მუსლიმანურ ქვეყნებს, აშშ-სთან ეკონომიკური კავშირები მინიმუმამდე დაიყვანონ. ნიშნავს თუ არა,რომ რეგიონში გავლენების კიდევ ერთი, ხელახალი გადათამაშება დაიწყება?

- რაც შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანას, ეს ზღაპარია, ყველა ისლამურ ქვეყანას, მათ შორის, საუდის არაბეთს 110 მილიარდ დოლარიანი პროექტი აქვს გაფორმებული ამერიკასთან და თანაც, ირანის პოზიციაც არ არის რეზონი საუდის არაბეთისთვის. კი, მუსლიმანურ სამყაროს აერთიანებს იერუსალიმის საკითხი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აპირისპირებს ერთმანეთთან.

რაც შეეხება სიტუაციის გამწვავებას, მთელი ისლამური სამყარო თვლის, რომ თუ ამერიკა აქამდე ცდილობდა, მედიატორის როლში გამოსულიყო, ახლა ის უკვე მხარეა. აქამდე თუ ამერიკის ყველა პრეზიდენტი, ამერიკის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობდა მედიატორის, შუამავლის როლი ეთამაშა, იმის მიუხედავად, რომ თან ისრაელსაც ეხმარებოდნენ და მაჰმუდ აბასსაც, პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელს, ცდილობდნენ, ოქროს შუალედი დაეკავებინათ.

გგონიათ ტრამპი უფრო მეტად ვაჟკაცია ან უფრო მეტად გენიოსი ვიდრე იყო ბუში, რომელიც ზოგჯერ ტეხასელი კოვბოისავით იქცეოდა? გნებავთ, კლინტონი ან ობამა? - არა, ისინიც ისრაელის მოკავშირეები იყვნენ. ტრამპმა კი ცალსახად აღიარა ერთი მხარე.

რაში დასჭირდა ეს ამერიკას?

- ეს პირველი ექსტრავაგანტული გადაწყვეტილება არ არის ტრამპის მხრიდან, ხან კედელს აშენებდა მექსიკასთან, მერე მუსლიმანურს სამყაროს დაუპირისპირდა, გარდა ამისა, მისი სიძე ებრაელია, რომლის მამა გავლენიანი ჟურნალის მფლობელია.

რა თქმა უნდა, ტრამპის ამ განცხადებას მსოფლიო ომი არ მოჰყვება, მაგრამ ის, რომ მუსლიმანურ სამყაროში ტრამპის ამერიკა რომ აღარ არის ობიექტური და მხარეა, რომელიც ისრაელის გვერდით დგას, ეს ნათელია.

მით უმეტეს, თურქეთთანაც საკმაოდ რთული ვითარება აქვს ამერიკას, სამაგიეროდ პუტინთან დაუთბათ ურთიერთობები ისლამურ ქვეყნებს - ასეთი ბალანსი რაზე მეტყველებს?

- თურქეთი იმუქრება, რომ დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს ისრაელთან, რომელიც მხოლოდ შარშან აღადგინა. ეს ყველაფერი ვის წისქვილზე ასხამს წყალს? რასაკვირველია - რუსეთის, იმიტომ, რომ რუსეთს შანსი აქვს, უფრო ღირსეულად გამოვიდეს.

ზოგიერთი ქართველი, რომელსაც ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, კი ამბობს, რომ შარშან რუსეთმაც აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, მაგრამ რუსეთმა შარშან, აპრილში, მხოლოდ სიტყვიერად განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქი არის იერუსალიმი, თანაც, მხოლოდ დასავლეთ იერუსალიმი და შემდეგ ეს განცხადებაც უკან წაიღო.

დღეს მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას აქვს პოზიცია, რომ ისრაელის დედაქალაქი ისტორიულად იერუსალიმია, მაგრამ ის ასევე არის არაბების დედაქალაქიც - ისინი მხარს უჭერენ პოზიციას, რომ დასავლეთ იერუსალიმი იყოს ისრაელის, ხოლო აღმოსავლეთ იერუსალიმი - არაბული დედაქალაქი.

ისრაელს კი ამის გაგონებაც არ უნდა - ბენიამინ ნათანიაჰუმ მოიარა მთელი ევროპა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ნათანიაჰუს რამდენიმე დღის წინანდელი ევროპული ტურნე დიპლომატიური კრახით დამთავრდა.

რომ ვთქვათ, რომ ომი დაიწყება, ეს რა თქმა უნდა, არ მოხდება, მაგრამ ეს ნალექი, რა თქმა უნდა, დარჩება და ამერიკა აღარ იქნება არაბული სამყაროსთვის მიუმხრობელი ვექილის როლში.

ეს დიპლომატიურად ამერიკისთვის ძალზე ცუდია - ემოციები ემოციებად, ისტორიული სამართლიანობაც გასაგებია, მაგრამ ამ 2000 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა.

ეს ყველაფერი ახალი გეოპოლიტიკური თამაშების საფუძველი ხომ არ გახდება?

- პუტინმა უკვე მყარად ჩადგა ფეხი სირიაში. ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი განხორციელდა ბოლო დღეებში მსოფლიოში - ნათანიაჰუს ევროპული ტურნე, რომელიც კრახით დამთავრდა და პუტინის ვიზიტი სირიაში, ეგვიპტესა და თურქეთში, რომელიც აბსოლუტურად წარმატებული გახლდათ - თუ ამით ვიხელმძღვანელებთ, ყველაფერი ნათელი ხდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს მედიასთან საუბრისას არაერთხელ მითქვამს: როდესაც საგარეო ურთიერთობებს ეხება საქმე, საქართველო მუდამ უნდა იხელმძღვანელოს ჯანსაღი ეგოიზმით. ეს ნიშნავს იმას, რომ ებრაელები და არაბები გაარკვევენ საკუთარ ურთიერთობებს, მაგრამ ერთი ციცქნა საქრთველოსაგან მეტიჩრობა იქნება, რომ რომელიმე მხარე ღიად დაიკავოს, მითუმეტეს, როდესაც ამდენი მუსლიმანი მოქალაქე გვყავს.

ეს არ არის მხოლოდ არაბების პრობლემა, მთელი ისლამური სამყარო შეურაცხყოფად იღებს. პალესტინელთა გვერდით მორალურად დგას მთელი ისლამური სამყარო. მართალია, ომს არ დაიწყებენ, მაგრამ როგორც დასავლელი პოლიტოლოგები პროგნოზირებენ, იერუსალიმში დიდი ხნით გადაიდო მშვიდობა და ეს უკვე რეალობაა.

თუ ვინმეს ისრაელთან ისტორიული მეგობრობა აკავშირებს, ეს საქართველოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ებრაული სამყაროს წინაშე ისტორიული ვალი მოვიხადეთ 1948 წლის 17 მაისს, როდესაც ქართველმა, იოსებ სტალინმა მსოფლიოში პირველმა, ამერიკაზე ერთი წლით ადრე, დე იურე აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა.

წაიკითხონ გოლდა მეიერის მემუარები, რომელიც წერს:„როგორიც არ უნდა ყოფილიყო შემდეგ სტალინის პოლიტიკა ისრაელისადმი, ჩვენ ვერასოდეს ვერ დავივიწყებთ იმ დახმარებას, რომელიც სტალინმა აღმოგვიჩინა ომის პირველ თვეებში“.

მაშინ ყველა ქვეყანამ ემბარგო გამოუცხადა, რადგან არავის არ უნდოდა ისლამური სამყაროს მოძულება და მხოლოდ საბჭოთა კავშირი, ჩეხოსლოვაკიის გავლით აწვდიდა ისრაელს გერმანელებისთვის წართმეულ იარაღს, თვითმფრინავებსაც და ტანკებსაც. როგორც მეიერი წერს, ეს დახმარება რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის როგორ შეიცვლებოდა ომის ბედი. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ისრაელის წინაშე უკვე მოხდილი გვაქვს ვალი.

მჯერა, ჩვენი მეგობარი ებრაული სახელმწიფო გაგებით მოეკიდება ჩვენს პოზიციას - მათ კარგად იციან, რა გარემოცვაშიც ვცხოვრობთ, აქეთ - ჩრდილოეთ კავკასია, იქით - თურქეთი, ქვეყანაში კი დაახლოებით ნახევარ მილიონამდე მუსლიმანი ცხოვრობს... ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია, ბარიკადების რომელიმე მხარეს დავდგეთ.

რაც არ უნდა აკრიტიკონ კვირიკაშვილი, სავსებით სწორი იყო, რომ ჩვენი პარლამენტარების დიპლომატიურად სულელური წერილები არ გაიზიარა. რა ვქნათ, ასეთი პარლამენტარები გვყავს - შარშანაც, ერთმა მათგანმა ლამის სხვა დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია, როდესაც დიდგორიობის დღესასწაულის დაწესება მოითხოვა - მერე თურქეთის ელჩმა ფეხები დააბაკუნა და ბუჩქებში შეძვრა მთელი ჩვენი უმრავლესობა. ეს იყო დიპლომატიური სილა და სადღაც 5 წუთში ეჭვქვეშ დავაყენეთ საკუთარი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ეროვნული ღირსება.

ახლა, მეორე პარლამენტარი კიდევ უფრო სარისკო ინიციატივით გამოდის და პრემიერს საჯაროდ მოუწოდებს, რომელიღაც მხარის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება!

ამ შემთხვევაში ქართულმა დიპლომატიამ საუკეთესო სვლა გააკეთა. საერთოდ, დიდად არ ვაქებ ქართულ დიპლომატიას, მაგრამ ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც სამართლიანობა უფრო მაღლაა ჩემთვის, ვიდრე პირადი სიმპათია-ანტიპათიები.