დამატებითი შეზღუდვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მიღებული არ არის. თუმცა, ინიციატივა ერთ-ერთი სადავო საკითხია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელიც პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დამატებით შეზღუდვას გულისხმობს, კანონმდებლებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს.
თეა წულუკიანის ინიციატივა უმრავლესობას შორის მწვავე დაპირისპირების საფუძველი გახდა. დეპუტატებს შორის დაპირისპირებას პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოყვა, რომელიც ინფორმაციის შეზღუდვის ინიციატივას დაეთანხმა, თუმცა დააკონკრეტა, რა შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინფორმაციის გაცემა.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან მისი პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე. დეპუტატები საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შეზღუდვას, ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგებიან. როგორც თამარ ჩუგოშვილი აღნიშნა, კონსტიტუციაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა არ უნდა აისახოს, რადგან სახალხო განხილვებზე მსგავს წინადადებებზე არ უმსჯელიათ. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, გასულ წლებში სწორედ ზედმეტი დახურულობა ქმნიდა პრობლემებს.
„ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასეთ სტადიაზე ცვლილებები კონსტიტუციაში არ შევიდეს. ჩვენ ვართ OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ სხვა ქვეყნებს უნდა ვაძლევდეთ სტანდარტს გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ უნდა მოხდეს. როგორც გოგუაძემ აღნიშნა, რთულია სახელმწიფო საიდუმლოებიების შესახებ ჩანაწერს კენჭი ათ წუთში უყარონ. დეპუტატი ცვლილებების კენჭისყრაზე ორ ვარიანტად გასვლას ითხოვდა.
ამასთანავე, დეპუტატი დაინტერესდა რა ხდება კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეოთხე პუნქტის მე-18 მუხლში გადატანა, სადაც აღნიშნულია, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან.
როგორც გოგუაძე აცხადებს, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. მისივე თქმით, ერთი წლის მანძილზე ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და როცა საკითხი ამხელა მნიშვნელობაში აყვანა ხდება, მეტი შესაძლებლობა არის საჭირო იმისათვის, რომ გაიაზრონ, ამ ყველაფერს რა მოჰყვება.
„რამ განაპირობა იუსტიციის სამინისტროსგან ამის ინიცირება? უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო მეტი განხილვა და უფრო მეტი დრო მჭირდება, რომ დავრწმუნდე, ეს სწორია თუ არა. ერთსაათიანი განხილვა საკმარისი არ არის. ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ჩავატაროთ კენჭისყრა, რადგან ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ცვლილებების წინააღმდეგ ხმის მიცემა არ მინდა.
კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ არის ჩანაწერი იმის თაობაზე, სახელმწიფო საიდუმლოება რას ნიშნავს და წარმოდგენილ ფორმულირებაში უფრო მეტი ბუნდოვანების გამოწვევის რისკს უფრო ვხედავ, ვიდრე ამ მონაცემების დაცვას. სახელმწიფო საიდუმლოების ქვეშ სამართალწარმოება და ოპერატიული მონაცემები ისედაც ექცევა და ეს ცვლილებები კონსტიტუციას რა ახალს სძენს გარდა იმისა, რომ კონსტიტუციაში უფრო მეტი ბუნდოვანება არ გააჩინოს? კონსტიტუციას მთელი წელი ვიხილავთ და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გადაწყვეტილება ათ წუთში მივიღო რთულია, ალბათ, კომფორტული არავისთვის არ არის“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
კოლეგების კრიტიკა და პოზიცია არ გაიზიარა პარალამენტის თავმჯდომარემ და პასუხად აღნიშნა, რომ აღნიშნულ ცვლილებას განსაკუთრებული მსჯელობა არ სჭირდება.
„სტანდარტი სერიოზულად უმჯობესდება ნაცვლად იმისა, რომ არსებული სტანდარტი შევინარჩუნოთ. ეს არის მოცემულობა და ამას რატომ სჭირდება განსაკუთრებული თავშეკავება, თუ კითხვის ნიშნებიც კი ვერ ისმება ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, ახალი რედაქცია ასე ჩამოყალიბდება - ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
„გუშინ საღამოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან დამატებითი განხილვები შედგა. შევჯერდით გარკვვეულ პოზიციაზე. იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ ჩვენ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი ფართოვდება, რაც პირადად ჩემთვისაც არის მიუღებელი, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისათვის. რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც ინფორმაციის გასაჯარეოებას გამორიცხავს.
ეს არის - სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის, ინფორმაციის აღიარების პირობები და საფუძვლები. იყო საუბარი და აზრთა სხვადასხვაობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალწარმოების ინტერესებს საფრთხე არ შექმნოდა და ეს ინტერესიც არის ასახული ახალ რედაქციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, კონსულტაციები მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში, ცვლილებები იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, ვიდრე ეს იყო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებული. როგორც კახიანი აცხადებს, საკითხთან დაკავშირებით, მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული შენიშვნების გაზიარება.
„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გარკვეული კითხვები ჰქონდათ ამ ფორმულირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ბუნებრივია, ამაზეც ვიმსჯელეთ, გარკვეული შენიშვნები იქნა გათვალისწინებული. ყოველთვის ნებისმიერ ნორმაზე შეიძლება მსჯელობა და ყოველთვის შეიძლება ვიფიქროთ ამა თუ იმ ნომრის მეტად სრულყოფაზე.
ამ თვალსაზრისით საკამოდ ბევრი მოსაზრება იყო გამოთქმული. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმგვარად, რომ ნორმა უფლების რეალიზებას სრულად ახდენდეს, ისე როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
უმრავლესობასთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ინფორმაციას უკვე საკუთარი მოსაზრების მიხედვით დამალავს.
„უფრო მკაფიო ჩანაწერი არსებობდა და მიუხედავად ამისა, მაინც სერიოზული პრობლემები იყო გამჭვირვალობის მხრივ და ახლა გაცილებით უფრო ბუნდოვანი არის ჩანაწერი და ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს ეს იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრების მიხედვით გასცეს ინფორმაცია“, - ამბობს სერგო რატიანი.
იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები. ვახტანგ ხმალაძემ, ეკა გიგაურმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა, არნოლდ სტეფანიანმა და ანა ფირცხალაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს.
„საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასაწყისშივე შეთანხმდა, რომ არც ერთი უფლების კონსტიტუციური დაცვის სტანდარტი არ გაუარესდებოდა. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, კომისიის მუშაობის შედეგად, არათუ შენარჩუნდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს საკითხი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელზეც კომისიის წევრებმა კონსენსუსს მიაღწიეს.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის მანძილზე მუშაობდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კომისიის არც ერთ განხილვაზე ჩვენ არ მოგვისმენია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსტიტუციური ჩანაწერების შესახებ. საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების ჩანაწერების შესახებ არც ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გამოუთქვამს ვენეციის კომისიას. გარდა ამისა, ეს ცვლილება არ ყოფილა სახალხო განხილვაზე გამოტანილი.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვის მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პარლამენტს, არ გასცდეს ამ ამოცანას და არ შეცვალოს იმ მუხლების რედაქცია, რომელიც ინტენსიური მსჯელობისა და განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო“, - აღნიშნულია საკონსტიტუციო კომისიის წევრებისგანცხადებაში.
კონსტიტუციის მე-18 მუხლში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე, რომლის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ცვლილება საჯარო ინფორმაციის ხელისაწვდომობას ბევრად გაართულებს.
„ეს პროცესები დაიწყო მიმდინარე კვირაში და უცებ ვიგებთ, რომ დამატებით შეაქვთ პირობები და ეს ნორმაც უნდა შეიცვალოს. ახლა ვიგებთ, ღამით შეკრებილან და გადაუწყვეტიათ, რომ ალტერნატიული შემოთავაზება იყოს. პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ კონსტუტუცია არ არის იმ ტიპის კანონი, სადაც ერთ ღამეში შეიძლება ცვლილების შეტანა. მეორე მხრივ, ის შემოთავაზება, რაც ჩვენთვის ცნობილია, აბსოლუტურად მიუღებელია.
ის აუარესებს არსებულ სტანდარტებს, დაბლა წევს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ რეგულაციებს და ტოვებს ძალიან ბევრ საშუალებას იმისა, რომ ბუნდოვან პირობებში სახელმწიფოს სტრუქტურებმა და თვითმმართველობებმა ინფორმაციის გაცემა ბევრად უფრო პრობლემური გახადონ, ვიდრე დღემდე არის. ახლაც არის პრობლემები ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით და შემიძლია ღიად ვთქვა, თუკი ამ ფორმით იქნება მიღებული მე-18 მუხლი, კიდევ უფრო გართულდება ინფორმაციაზე წვდომა“, - განაცხადა სულხან სალაძემ.