„ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებით ამერიკამ საკუთარი ხელით დაასამარა თავისი გეოპოლიტიკური ძლიერება“

„ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებით ამერიკამ საკუთარი ხელით დაასამარა თავისი გეოპოლიტიკური ძლიერება“

ერთი დედაქალაქი ორმაგი დატვირთვით. ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შემდეგ გაჩნდა კითხვა, ხომ არ მოითხოვს აშშ თავისი პარტნიორებისგან მხარდაჭერას იერუსალიმის საკითხთან მიმართებით?! ფაქტია, რომ ტრამპის ქმედებით გაგულისებულ მუსლიმანთა პასუხმა არ დააყოვნა. მუსლიმანების სურვილია, იერუსალიმი ამჯერად პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქიც გახდეს.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტების ორდეკადიანი უარი დაარღვია და 6 დეკემბერს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, მუსლიმანებიც დაირაზმნენ. ტრამპის ქმედება მუსლიმანურ ქვეყნებში ერთხმად დაგმეს, მრისხანების დღეც დააანონსენსეს და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სხდომაც გამართეს, სადაც დასკვნითი კომუნიკეს შემუშავება გადაწყვიტეს. პარალელურად, შეტაკებები არ წყდება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამართალდამცავებსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის, რომლებიც ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

იერუსალიმის კუთვნილების საკითხი ჯერ კიდევ 1967 წლიდან გახდა აქტუალური, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტები კონკრეტიკას ყოველთვის თავს არიდებდნენ. წლების განმავლობაში თეთრი სახლი გამოსცემდა სპეციალურ დოკუმენტებს, რომლითაც ექვსი თვით ხდებოდა ამ საკითხის გადავადება. ამ მხრივ გამონაკლისი ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი აღმოჩნდა. იერუსალიმთან მიმართებით ტრამპის თამამმა გადაწყვეტილებამ თვით ევროპაშიც აზრი ორად გაყო. ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება კრიტიკულად შეაფასეს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა. მათგან განსხვავებით, ჩეხეთისა და ავსტრიის მემარჯვენე ლიდერები ტრამპის ამ განცხადებას მიესალმნენ.

ამერიკის პრეზიდენტის საქციელით უკმაყოფილოა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ტრამპის განცხადება ადამიანურობას ეწინააღმდეგება და ტერორისტ ისრაელს ტერორისტული აქტებისკენ წააქეზებს. ამის გამო ერდოღანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პალესტინური სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად აღიარონ იერუსალიმი, რომლის ოკუპირებაც ისრაელმა 1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ მოახდინა. ერდოღანის აზრით, ბალანსის დაცვა რეგიონში სამართალს უზრუნველყოფს.     

თუ გავითვალისწინებთ, რომ „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შემადგენლობაში 57 მუსლიმანური ქვეყანაა გაერთიანებული, საინტერესოა, რისთვის ემზადებიან მუსლიმანები და აპირებენ თუ არა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას შეეგუონ? ხომ არ მოხდება ისლამური სახელმწიფოს კიდევ ერთხელ დარაზმვა ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების თაობაზე ტრამპის განცხადებამ ხელი გაუხსნა ისლამური სამყაროს იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც იმ მიმართულებით იღვწოდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალი ტიპის კონფლიქტი დაწყებულიყო.

მისივე განმარტებით, ამ საკითხთან მიმართებით ევროპულ ქვეყნებშიც სრული სოლიდარობაა, რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნის გარდა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება საერთაშორისო სამართლის დარღვევადაა  მიჩნეული.

„ტრამპის ეს გადაწყვეტილება დაახლოებით კოსოვოს ვარიანტია თავისი უარყოფითი მნიშვნელობით. თავის დროზე, როცა ქნესეთმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ერთხმად გამოაცხადა, ამას არავინ დაუჭირა მხარი. ტრამპმა კი აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და ამით პალესტინის სახელმწიფოს არ დაუტოვა არც ერთი შანსი, რომ აღსრულდეს საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი. საუბარია გაეროს 181-ე რეზოლუციაზე. აქ ორი მომენტია: ან გაეროს გენერალური ასამბლეა უნდა შეიკრიბოს რიგგარეშე წესით და მიიღოს ახალი ტიპის რეზოლუცია, სადაც გამოკვეთილი პოზიცია იქნება, რომ ისრაელის დედაქალაქი უკვე არის იერუსალიმი, ან ეს იქნება საერთაშორისო სამართლის ერთგვარად ჩიხში შესვლა, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას. მოგეხსენებათ, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი უკვე საპირისპირო ინიციატივით გამოვიდა და პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება მოითხოვა. ამდენად,  პალესტინელებმაც შეიძლება მოახდინონ თავიანთი სახელმწიფოებრიობის გამოცხადება და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტმა, რომელიც გაიმართება სტამბოლში, პალესტინელებს სწორედ აქეთკენ უბიძგოს. ერდოღანის მიერ პალესტინის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება იმის მანიშნებელია, რომ პალესტინის ავტონომიამ შეიძლება აიწიოს სტატუსი, პალესტინელებმა შეიძლება გამოაცხადონ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღდგენა, შექმნან სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რაც  პალესტინის სახელმწიფოს თვითგამოცხადება იქნება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ასეთი ურთიერთობები რეგიონში დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს. ფაქტობრივად, ტრამპმა დენთის კასრის ასაფეთქებელ ზონარზე ცეცხლის წაკიდება მოახდინა და, როდის აფეთქდება ეს კასრი, არავინ იცის. აფეთქებას ნებისმიერ წამს უნდა ველოდოთ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ეს ნამდვლად არ ყოფილა სწორად შერჩეული დრო, როგორც ეს ტრამპს ჰგონია.

ვახტანგ მაისაიას განმარტებით, კოსოვოს ეფექტი აშკარაა. თუმცა ჩვენ ამერიკა არ მოგვთხოვს იმავეს გამეორებას და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობას. თავის დროზე ჩვენ კოსოვოს აღიარებაც ვერავინ მოგვთხოვა. უფრო მეტიც, ნეთანიაჰუმ თავისი ვოიაჟებისა და ვიზიტების მიუხედავადაც კი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გადაბირება ვერ შეძლო. მართალია, იყო გარკვეული გამონაკლისი ჩეხეთისა და ავსტრიის სახით, მაგრამ საეჭვოა, ისინი ქმედებების დონეზე იზიარებდნენ ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის პოზიცია საკმაოდ უდრეკი და მყარია, ისინი არ ეთანხმებიან ტრამპის გადაწყვეტილებას. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკამ საკუთარი ხელით დაასამარა თავისი გეოპოლიტიკური ძლიერება. ფაქტობრივად, ამერიკამ შემოიტანა კვადროპოლარული მსოფლიო წესრიგი.

„ევროკავშირის ასეთი მწვავე დაპირისპირება ამერიკასთან უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირი გამოდის, როგორც ცალკე გეოპოლიტიკური აქტორი. ევროკავშირის გარდა, გავლენის ცენტრები არის, ასევე, ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა. სწორედ ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დაკანონებას შეუწყო ხელი ტრამპმა“.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპის აღიარებას ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების თაობაზე ძალზე სიმბოლური დატვირთვა ექნება და უფრო მეტი კონკრეტიკა მას არანაირად არ მოჰყვება. რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს ამერიკა ხელებს გადაუგრეხს საქართველოსა და სხვა პარტნიორებს, არიქა, სცანით ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმიო, ესეც არადამაჯერებელია.

„კოსოვო ჩვენ არ ვაღიარეთ და ამერიკას ამაზე ხმა არ ამოუღია. თუ მუსლიმანებს სურთ, დაე, სცნონ კიდეც იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად. ამაში სულაც არ არის პრობლემა. მუსლიმანური სამყაროს შიგნით გაცილებით უფრო რთული პრობლემებია, ვიდრე ეს იერუსალიმის ცნობის თუ არცნობის საკითხია. ეს პრობლემაა გაძლიერებული ირანი, რომელიც უპირისპირდება არაბულ სამყაროს და რეალურად უპირისპირდება თურქეთსაც. ეს გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე სიმბოლურად ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებაა“,-აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ“.