„ახალი ფრაქციების შექმნა „უცნობისა“ და პრემიერის დაპირისპირებას არ უკავშირდება“

„ახალი ფრაქციების შექმნა „უცნობისა“ და პრემიერის დაპირისპირებას არ უკავშირდება“

საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება - უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარსდგება.

„საგაზაფხულო სესიაზე წარვსდგებით ახალი, გადახალისებული შემადგენლობით, ამაში ვგულისხმობ გადაჯგუფებას უკეთესი კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი იქნება კარგი მენეჯმენტი“, - ამბობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი დიდი, 86-წევრიანი და 6-წევრიანი პატარა ფრაქციები არ არის საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია.

„ამ ფრაქციებს შორის ამ ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორი პირადად მე გახლდით, იქიდან გამომდინარე, რომ 86-წევრიანი ერთი ფრაქცია და რამდენიმე 6-წევრიანი ფრაქცია მენეჯმენტის საუკეთესო წყარო არ შეიძლება იყოს“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქციის შექმნა აუცილებელი იყო.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, ისეთ დიდ ფრაქციაში, როგორიცაა „ქართული ოცნება“ რთული იყო ყველა დეპუტატს ჰქონოდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

ბესელიას შეფასებით, პატარა ფრაქციებში დეპუტატებს, უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში.

„ვფიქრობ, ეს დროული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მთავარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ არის პრაქტიკულად ტოლფასი უმრავლესობის. რაოდენობრივად ის ძალიან დიდია, ამიტომ მართვის თვალსაზრისით და მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში ყველა წევრისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის მიცემისთვის და მეტად ჩართვისთვის“, - აცხადებს ბესელია.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის წევრებს, ბესელიას თქმით, დაწყებულია სამუშაო პროცესი, თუ ვინ როგორ გადანაწილდება და ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთანაც გაიმართება.

„პრემიერთან შესაძლოა ცალკეული საუბრები იყო, მაგრამ საბოლოო კონსულტაციები არ ყოფილა. რა თქმა უნდა, შეთანხმდება მასთან ეს ყველაფერი, ვინაიდან ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პრემიერთან შეთანხმების გარეშე ბუნებრივია არ მიიღება“, - განაცხადა დეპუტატმა და აქვე დასძინა, რომ ის მთავარ ფრაქციაში რჩება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ახალი ფრაქციის შექმნასთან ერთად, მის საბიუჯეტო უზრუნველყოფას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.

„ეს არის გარკვეული მცირე აპარატი ფრაქციისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფა. არ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ტვირთი იყოს პარლამენტის ბიუჯეტისთვის. ამ პროცედურებს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და იქ დეტალურადაა ეს გაწერილი“, - განაცხადა კოვზანაძემ.

უკვე ცნობილია, რომ ერთი ფრაქცია მაჟორიტარებით დაკომპლექტდება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად, მაჟორიტარები შევლენ.

ასევე, ცნობილია, რომ 18 დეკემბერს ბიუროს სხდომას წარედგინება ფრაქციის სრული შემადგენლობა და ასევე სახელწოდება.

გოჩა ენუქიძე საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში ფრაქციის შექმნის მიზეზად უფრო მეტ კოორდინაციას ასახელებს.

„ბევრი კომენტარი გაკეთდა და მეც იგივეს ვიტყვი, რომ უფრო მეტი კოორდინაცია, რომ იყოს ამიტომ იქმნება ფრაქცია. მიზეზი მეტი არაფერია. დიდი ხანია კონსულტაციები გრძელდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ამაში ახალი არაფერია და აბსოლუტურად არაფერს უკავშირდება, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ“, - განაცხადა ენუქიძემ.

უკეთესი კოორდინაციის გარდა არაოფიციალურად სახელდება ახალი ფრაქციების შექმნის სხვა მიზეზებიც, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის(უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.

გეგიძე აცხადებს, რომ პარლამენტში ფრაქციების შექმნის ინიციატივა ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე ბოლო პერიოდში მოვლენები განვითარდებოდა.

„ემთხვევა ხოლმე რაღაცეები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თქვენს მიერ ხსენებული თემა არ გამხდარა ფრაქციის შექმნის მიზეზი. ფრაქციის შექმნის პროცესი გაცილებით ადრე მიმდინარეობდა, ვიდრე ამ საკითხმა წამოიწია“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

უხელმძღვანელებს თუ არა ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბიძინა გეგიძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. გეგიძე ასევე არ საუბრობს, ვინ იქნებიან ახალი ფრაქციის წევრები.

„გაჟღერდა იდეა, რომ დეპუტატთა ჯგუფმა და მათ შორის ვარ მეც, შევქმნათ ფრაქცია. მიზეზების გარეშეც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. რაიმე ნეგატიური ან განსაკუთრებული მიზეზი ამას არ სჭირდება. ეს არის პარლამენტში მიმდინარე პროცესი. ფრაქცია, რეგლამენტით, მინიმუმ პარლამენტის 6 წევრისგან კომპლექტდება, მაგრამ ჩვენ 6-ზე მეტი ნამდვილად ვიქნებით“, - განაცხადა გეგიძემ.