სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება. გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე, გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. კერძოდ, საბრალდებო დასკვნის თანახმად, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები 2008 წელს შეიწყალა. მათ საპატიმროში მხოლოდ 2 წელი გაატარეს.
თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა. გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ადვოკატებმა ბრალდებულის პოზიცია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.
სააკაშვილის ქართველი ადვოკატი დავით კაკოიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე იკვეთება ქართული და უკრაინული სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა, რათა მოხდეს მისი ექსტრადირება საქართველოში.
„როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაშიც სასამართლო სისტემაცაა ჩართული. ამის გამო მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს, შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებაზე და მისი დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება“, - აღნიშნა სასამართლო სხდომაზე დავით კაკოიშვილმა, რომელმაც სააკაშვილის პოზიციის გაჟღერების შემდეგ სასამართლო პროცესი დატოვა.
სანდრო გირგვლიანის საქმე ერთ-ერთია იმ სისხლის სამართლის საქმეებს შორის, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება. ამ ნაწილში სააკაშვილის ინტერესებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი იცავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, სააკაშვილთან კომუნიკაცია მის დაცვასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ ჰქონია.
„ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა. იმ ფონზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და დაადასტურა, რომ მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა მერაბიშვილი საკნიდან სააკაშვილზე ჩვენების მიღების მიზნით გაიყვანა, პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ნათელი ხდება. მე ამ ეტაპზე ვაგრძელებ მის დაცვას სასამართლოში, თუმცა მექნება კომუნიკაცია და გადავწყვეტთ გავაგრძელებ თუ არა მისი ინტერესების დაცვას სასამართლოში მომავალშიც“, -აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.
საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის მიერ ადვოკატების აცილება, დაცვის მხარის ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. როგორც მთავარი მბრალდებელი ამბობს, დაცვის მხარეს ადრეც არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული პოზიცია, რომ მათ სურდათ ვადაში გაწელილიყო პროცესი.
„ადვოკატის აცილებისთვის საჭირო ვერანაირი დოკუმენტი მე დღეს ვერ ვნახე, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას. არც საჯარო განცხადება გაუკეთებია ბრალდებულს ამაზე და არც რაიმე სატელევიზიო ინტერვიუს დროს. ჩვენ მხოლოდ ადვოკატთა სიტყვის კეთილსინდისიერებას ვეყრდნობით და არა რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს ან ბრალდებულის ოფიციალურ განცხადებას. დაცვის მხარეს ყველანაირი საშუალება ჰქონდა, რათა მოწმეები დაეკითხა და საკუთარი მტკიცებულებები გამოეკვლია“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
სასამართლო პროცესის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორები ატკიცებენ, რომ სასამართლო პროცესებს, რომელიც მიხეილ სააკავშილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, სამართალთან კავშირი არ აქვს. ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის წინააღმდეგ უსამართლო პროცესები მიმდინარეობს.
„ე.წ. სასამართლოს არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან. მეექვსე წელია, თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ გადაიქცა ქართული სასამართლო „ქართული ოცნების“ სანოტარო კანტორად. მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ამ სახელმწიფოს სულისჩამდგმელია. უსამართლოდ მიმდინარეობს პროცესები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, მონიტორინგი გაუწიონ იმ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია. დეკანოიძე აცხადებს, რომ ეს აქცია არის გამაფრთხილებელი ხასიათის, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. დეკანოიძის თქმით, სააკაშვილის დევნა უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ეს იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.
„მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს და იმ ადამიანებს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოში დემოკრატიის განვითარება, რომ დიდი გულისყურით დააკვირდნენ და მონიტორინგი გაუწიონ იმ საქმეს, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ არის შეთითხნილი. ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გვქონდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
თავად ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება, ეს შუალედური ეტაპია და ახლა ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის ემზადება. სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებს.
„ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე უმალ გამათავისუფლებდა და მე პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი.
მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს „ბოევიკები“, ვინმეზე თავდასხმას არ ვაპირებ. პოროშენკოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული. მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მომავალ გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობდა.
„პოროშენკო სულ მიანიშნებდა იაცენიუკს, რომ მე შემდეგი პრემიერ-მინისტრი ვარ, მაგრამ როდესაც მე ამის შესახებ გავიგე, მაშინვე ვკითხე - ნუთუ ეს მართალია? მან კი მითხრა - რატომაც არა? ამაზე მე ვუპასუხე - არა! მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა უკრაინის ნორმალურ მთავრობაზე. მე არასდროს ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე, არც ერთ შემთხვევაში. ჩემი აზრით, უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს უკრაინელი, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.