უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კიევის პეჩერსკის სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
პეჩერსკის სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის მოხსნას არ გულისხმობს. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილი 18 დეკემბერს ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა. იური ლუცენკოს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პროცესუალური კოდექსის 133-ე და 135-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს 09:30 საათზე უნდა გამოცხადდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და პროკურორმა დომბროვსკიმ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაკითხოს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიერ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა 18 დეკემბრამდე გადადო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საჩივარი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში დამატებითი დაცვის გამოყოფაზე უარის თქმას ეხება.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა წითელი ხაზი გადალახა. მისი თქმით, სამართალდამცველებს სააკაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ლუცენკო აცხადებს, სააკაშვილი არ შეეცდებოდა დაკითხვებიდან გაქცევას, არამედ პირიქით, მშვიდად უპასუხებდა ყველა კითხვას.
„ჩემი აზრით, პროცესის პოლიტიზებით ახლა ამ საქმის დაშლას ცდილობენ. ბოლო კვირის განმავლობაში მე კოლოსალური წნეხის ქვეშ ვიმყოფები, რათა თვალი დავხუჭო იმაზე, რისი გაკეთების უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს. მე დავიცავ ჩემს სახელმწიფოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარია სააკაშვილზე, რომელთანაც მე მრავალწლიანი საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაკავშირებს.
მან წითელი ხაზი გადალახა. ვისაც უკრაინა უყვარს, არ აქვს უფლება იანუკოვიჩისგან ფული მიიღოს. მე არ ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირი ძალით არღვევდეს საზღვარს, მისი თანმხლები პირები კი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს სცემდნენ“, - აცხადებს იური ლუცენკო.
გენერალური პროკურორი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი კურჩენკოს ფულით ხელისუფლების დასამხობად მოძრაობას უწევდა ორგანიზებას.
„ამის შემდეგ მან ორგანიზება გაუწია მოძრაობას ხელისუფლების დასამხობად. შეუთანხმდა კურჩენკოს დახმარების მიღებაზე. მისი მარჯვენა ხელი - დანგაძე იღებს ასეულობით ათას დოლარს, რაც დაფიქსირებულია აქ, უკრაინის ტერიტორიაზე. ეს მტკიცებულებები ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ის გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურატურა აპელაციას შეიტანს“, - განაცხადა იური ლუცენკომ.
რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ბრალდებული სააკაშვილის განცხადებას, თითქოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იგეგმება მისი გაცვლა რუსეთის ფსბ-ს წარმომადგენელზე, რომელიც ამ დრომდე უკრაინის ციხეში იხდის სასაჯელს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, კრემლში დიდი მღელვარებით აკვირდებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და ძალიან შეშფოთებულები არიან მისი გამონათქვამებით.
„განაცხადა, რომ თუკი სასამართლო ФСБ-სთან მის კავშირს დაადასტურებს, ის უკრაინელ მზვერავებზე გაიცვლება - პუტინი კი, მას თვითმფრინავს გამოუგზავნის. დიდი მღელვარებით ვაკვირდებით მისი განცხადებების ევოლუციას. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რასაც ვისმენთ მისი შესრულებით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი პესკოვმა.
კიევის პეჩერსკის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ საქართველოში ყველა იმ პირის ექსტრადირება განხორციელდება, რომლებიც ქართული კანონმდებლობით იძებნება, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე არაერთი კომენტარი გვაქვს გაკეთებული. თავის დროზე მივმართეთ რამდენჯერმე და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. ამ ეტაპზე განსაკუთრებული გარემოება იმისა, რომ ისევ მივმართოთ, არ არსებობს. მოლოდინი გვაქვს თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნა არის გამოცხადებული, რომ რომელიმე სახელმწიფოებში მათი დაკავების შემთხვევაში მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ნებისმიერ ძებნილთან მიმართებაში“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.
სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ელჩი ამბობს, რომ მთავარია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.
„პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ყურდღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება. რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია საქართველოს დავეხმაროთ წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე“, - განაცხადა იან კელიმ.
ექს-პრეზიდენტის უკრაინულ თავგადასავალზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის განცხადებით, სააკაშვილის საკითხი საქართველოსა და უკრაინას შორის სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია და პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გაკეთდა. ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს. მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია, კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილავი და ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე ნამდვილად არ იხილება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ რასაც სააკაშვილი უკრაინაში აკეთებს, კარგად წაკითხული წიგნის სცენარია, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ საკუთარ ქვეყანაში. დეპუტატის განცხადებით, იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტურა. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაზე პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადებები. პოლიტიკური გუნდი და პარლამენტი ამ პროცესებში არ ჩაერევა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით ის, რაც ხდება ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანაში, დრამატული სურათია, ჩვენთვის, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, რადგან იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტურა. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინა, როგორც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ამ ავნტურას არ წამოეგება.
ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ბრალდება - რუსულ კავშირებთან სააკაშვილის ბმა, რაშიც მას ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა ეს დადასტურდება თუ არა, სასამართლოს საქმეა და სასამართლო განსჯის, მაგრამ ეს მაინც არის საყურადღებო, რადგან მთელი ეს პროცესი ბუნებრივია, ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.
პოროშენკოს ხელისუფლებას უკვე დამარცხებულად თვლიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც ნიკა მელია აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მსოფლიო ოლიგარქიის მარცხის მოწმე გახდა.
„პოროშენკოს ქმედებები ძალიან ნეგატიურად აღიქმება ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმზე, დამარცხდება პოროშენკო უკრაინაში - დამარცხდება ძალიან მალე ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში, ვინაიდან ეს ორი ოლიგარქი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და ეს თანამშრომლობა გულისხმობდა სააკაშვილის განდევნას პოლიტიკური ველიდან. ეს ვერ მოახერხეს პოროშენკომ და ივანიშვილმა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია სააკაშვილმა პირწმინდად მოუგო ორივე ოლიგარქს“, - აცხადებს ნიკა მელია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ფიქრობს, რომ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს მისი მომავალი. დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარია, პოლიტიკური დევნა არ იყოს სააკაშვილის მიმართ და ბუნებრივია, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში.
„რეჟიმები, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ პატიმრობას და ძალადობას ოპონენტების მიმართ, განწირულები არიან დამარცხებისთვის და ფაქტობრივად, როგორც ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ უკანონო ბრძანებებს. ვნახეთ მოსამართლე, რომელმაც მიიღო სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება.
ასეთი რეჟიმები მარცხდებიან. როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში მათ ეწევათ ასეთი ბედი. მთავარია, პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს სააკაშვილის მიმართ და ბუნებრივია, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს სააკაშვილის მომავალი“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.