იურიდიულმა კომიტეტმა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენის განხილვა დაიწყო. ცვლილებები ბონუსის სისტემის გაუქმებას, პარტიებისთვის ერთჯერადად ბლოკების შექმნის უფლების მინიჭებას და პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლას ეხება. კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის 300 ხმოსანის ნაცვლად, პარლამენტის მიერ არჩევაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობის პროცესი წარიმართა ისტერიკით და ისტერიკა პრეზიდენტისა და პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგში იყო. მისი თქმით, ამ ისტერიკის ფონზე უმრავლესობამ მიიღო ისეთი ცვლილებები, რომელიც ქმნის ახალ, დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე, გაძლიერებულ ოპოზიციაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტზე. ეს არის ის, რაც მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან აგვაცილებს იმას, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევა პოლიტიკური კომპრომისი იყო და ეს ძალაში რჩება. თუმცა, აქვე ამბობს, რომ პროცედურა, რომელიც ახალმიღებული კონსტიტუციით არის დადგენილი, გარკვეულ ხარვეზს შეიცავს.
„ეს პროცედურა პოლიტიკური კონსენსუსისა და კომპრომისის სურვილით არის ჩამოყალიბებული. პროცედურა, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, რაც არის კონსტიტუციაში, თუმცა პირადად მე მიმაჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევის წესი უფრო სწორი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ავწონ-დავწონეთ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური მხარეები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ცვლილებება კონსტიტუციაში არ აისახოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კონსტიტუციის მე-18 მუხლს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული.
„ჩვენ გავზარდეთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, კერძოდ, ცალკე არის დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლება, რაც აქამდე არ იყო კონსტიტუციით დაცული და საერთოდ არ იყო კონსტიტუციაში მოხსენიებული. იყო ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ შეიცვალოს ჩანაწერი ჩარევის საფუძვლების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა.
საბოლოო ჯამში, კონსენსუსის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა დაემატოს რაიმე ჩანაწერი მე-18 მუხლს. ჩვენ დავპირდით როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომ კიდევ ერთხელ შედგება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ კონსულტაციებამდე მე მოვერიდები ჩემი პოზიციის დაფიქსირებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უმრავლესობაში არ მალავენ, რომ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავლენ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო კოლეგიის შემოღების საკითხი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა და ტერმინი „ხმოსნები“ შეიცვლება.
„დამატებითი მსჯელობა იყო, 2024 წლის და ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის, ხომ არ აერჩია პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტს და არა საარჩევნო კოლეგიას. იურიდიულად ეს უფრო სწორი მექანიზმი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ, ალბათ, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ და 2024 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე პრეზიდენტი აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ტრადიციულად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ უმრავლესობა იმ ცვლილებებს სთავაზობს საზოგადოებას, რომელსაც თავად ოპოზიცია ითხოვდა.
„გვთავაზობენ 2024 წლისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, რასაც თავის დროზე მოითხოვდა ოპოზიცია და ახლა საუბრობენ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე და როგორც ჩანს, უნდათ შემოგვთავაზონ ნაკლებ წარმომადგენლობითი კოლეგია, რომელიც აირჩევს პრეზიდენტს. „ქართული ოცნება“ ადასტურებს თუ როგორი არათანმიმდევრულია საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართაც კი“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტის არჩევა ხმოსნების მიერ, ეს არის სამართლებრივად არალეგიტიმური.
„რა კავშირი აქვს პრეზიდენტის არჩევასთან საკრებულოს წევრს? ის, რომ ამას ცვლიან დეპუტატით სამართლებრივი ნონსენსის გამოსწორება ხდება, მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკურ არსს ეს არ ცვლის. ქვეყანას, ადამიანებს უუქმებენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებას აკრიტიკებს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან. საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ცვლილებებით პრეზიდენტის როლის შეზღუდვა არ უნდა მოხდეს.
„ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია და მეტი დიალოგი საზოგადოებასთან, ჩვენ ინფორმაციას არ უნდა ვიგებდეთ პოსტფაქტუმ შესაძლო გადაწყვეტილებების თაობაზე. ის, რომ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი კომპონენტი კონსტიტუციაში, ეს ცალსახაა და ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და არბიტრი, რადგან რიგ შემთხვევაში მისი როლი და ფუნქცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - აცხადებს სულხან სალაძე.