„ჩემი ცხოვრება, ჩემი გული, ყველაფერი არის თქვენთან და რა თქმა უნდა, საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. ჩვენთანაც ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა ქართულ მედიასთან საუბრისას.
მან ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ სხდომაზე უკრაინის მთელი პოლიტიკური ლიდერები მივიდნენ.
„გუშინ გამოვიდა მთელი კიევი. აქ არასდროს არავის გამო ამდენი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა. გამოვიდნენ, რადგან ყველაფერი მობეზრდათ. გუშინ დადგნენ მაიდანზე, პირველად მაიდნის შემდეგ. ეს აღარ არის ხუმრობა, ეს არის დიდი ძალა. რამდენიმე ღამის შემდეგ ეს ხალხი იდგა ქუჩაში, სიცივეში. გარდა ამისა, როდესაც ჩემი თავი პირველად წაართვეს პოლიციას, ერთ-ერთმა ადამიანმა თავზე ბენზინი გადაისხა, სანთებელა აიღო და თავს იწვავდა. სხვებმაც საოცრებები ჩაატარეს. ძალიან მაგარი ხალხია. მინდა ვთქვა, რომ წარმოუდგენელად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამათი გმირობის, გამძლეობის, ერთიანობის გამო. გაუმარჯოს უკრაინას და საქართველოს. მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც საქართველოში ქუჩაში გამოვიდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინის პროკურატურა იმასაც ამბობს, რომ უკრაინაში სიტუაციის არევისა და სააკაშვილის გმირად გადაქცევის მიზნით, შესაძლოა, რუსულმა სპეცსამსახურებმა სააკაშვილის ლიკვიდაციაც სცადონ და ამიტომ შინაპატიმრობასთან ერთად მისი უსაფრთხოების გარანტიებსაც იძლევა.
რამდენად ადეკვატურია უკრაინის ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები და რას ნიშნავს, „საქართველოშიც ყველაფერი კარგად იქნება“, - მიმდინარე პროცესის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ვახტანგ ძაბირაძე: როგორც კი უკრაინაში სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენები დაიწყო, მაშინვე ვთქვი, უკრაინის ხელისუფლება იმდენ შეცდომებს უშვებს, რომ ჩნდება ეჭვი, ან საერთოდ ვერ ახერხებს პოლიტიკური სიტუაციის შეფასებას და რეალობის აღქმას, ან ნებით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს სააკაშვილის ფიგურის წარმოჩენას და მის გმირად ჩამოყალიბებას.
რაც მოხდა საზღვარზე, იყო სრულიად კომიკური, გაუაზრებელი და მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო სააკაშვილის აღზევებას. შემდეგ იყო პირველი დაპატიმრების მცდელობა - ესეც ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილი - მთელმა სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს ერთი კაცის დაკავება - არ ვსაუბრობ იმაზე, სწორად იქცევა თუ არა ხელისუფლება - ფაქტს ვაფიქსირებ, რომ უკრაინის სპეცნაზმა ვერ შეძლო ერთი პირის დაკავება. თანაც ეს პროცესი იქამდე გაჭიმა, ვიდრე ხალხი არ მოგროვდა და სააკშვილი ხალხმა იხსნა უკანონო პატიმრობისგან.
მაშინვე ცხადი იყო, რომ კიდევ რაღაც მოხდებოდა, რადგან როგორც ჩანს, სააკაშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ის რეიტინგი, რომ სახალხო ლიდერად ქცეულიყო. როგორც ჩანს, გარკვეული ძალები ხელს უწყობენ ამის ჩამოყალიბებას. გადავხედოთ, რა მოხდა - დააპატიმრეს პარასკევს, სასამართლოს 72 საათი ჰქონდა სამსჯელოდ, კვირას იყო დანიშნული მიტინგი და ცხადია, მოთხოვნა იყო სააკაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება. მოკლედ, წინასწარვე მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი სასამართლოდან პირდაპირ მიტინგზე აღმოჩნდებოდა, როგორც გმირი. შეკრებილი ხალხი ალბათ, იმასაც ირწმუნებს, რომ სააკაშვილთან ერთად მას შეუძლია გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლებაზე.
მიზანი ვიღაცის, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, არის სააკაშვილის გმირად ჩამოყალიბება. პოროშენკოს ეს რაში აძლევს ხელს, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ძალები რომ ამაზე მუშაობენ, ეს ძალიან ნათლად ჩანს.
პარალელი შეიძლება გავავლოთ 2003 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან, ვიდრე შევარდნაძე გადადგებოდა. ვისაც ახსოვს, მაშინდელი პროცესები, ნახავს, რომ ორივე სიტუაცია ძალიან ჰგავს ერთმანეთს - ვგულისხმობ სააკაშვილის ლიდერად ჩამოყალიბების პროცესს - ანუ, რაც მაშინ ხდებოდა საქართველოში.
ვის სჭირდება ეს უკრაინაში?
- ვის სჭირდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია. არ გამოვრიცხავ ეს სჭირდებოდეს როგორც აღმოსავლელ მეზობელს უკრაინისას, ისე - დასავლელს. ეს შეიძლება ორივეს ინტერესში იყოს, რომ ჯერ ერთი მოიშორონ, ვგულისხმობ პოროშენკოს და შემდეგ დაიწყოს უკვე გავლენების გადანაწილება.
თუ პოროშენკოს იმდენად მორყეული აქვს საფუძველი, რომ სადაცაა, თავისით ჩამოვარდება, მაშინ ორივე მხარე, როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი, ეცდება, თავისი პროტეჟე დასვას ხელისუფლებაში და ეს პროცესები შეიძლება აწყობდეს როგორც ერთ, ისე - მეორე მხარეს.
ასე იყო თბილისშიც 2003 წელს, როდესაც რუსეთმაც და დასავლეთმაც იცოდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება უნდა დამთავრებულიყო და ის, რაც მაშინ მოხდა, ხელს აძლევდა ორივე მხარეს, როგორც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ისე - დასავლეთს.
ფაქტობრივად, მაშინ დასავლეთსა და რუსეთს შორის მოხდა შეთანხმება და ის ტრიუმვირატი, რომელიც მაშინ მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, ხელდასმული იყო ორივე მხრიდან.
ანალოგიური პოლიტიკური ვითარება შეიძლება იყოს დღეს უკრაინაშიც და ეს რომ ზუსტად განსაზღვრო, იქაური სიტუაცია უნდა იცოდე დეტალურად. სამწუხაროდ, მე არ ვიცი დეტალურად, რა განწყობებია უკრაინულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ ელიტაში.
ბევრს საუბრობენ იმაზე, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში განვითარებული მოვლენების კოპირება მოხდეს საქართველოში, თუმცა სიტუაცია ამ ორ ქვეყანაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვადება. სააკაშვილის მხარდამჭრების დამაიმედებელ ფრაზას თუ გავისხსენებთ, რომ „საქართველოშიც ყველაფერი კარგად იქნება“, როგორც ჩანს, ვიღაცას მსგავსი იდეა ნამდვილად აქვს...
- ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებული არის ხელისუფლებაზე. იქნება ეს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „მოქალაქეთა კავშირი“ ან „მრგვალი მაგიდა“ - ყველა სიტუაციაში ხელისუფლებას ეკისრება წამყვანი როლი. თუ ხელისუფლება იმოქმედებს ჭკვიანურად თუ არა, სულელურად მაინც არა, საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე პერსპექტივა, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ეტაპზე მაინც, არ გააჩნია.
ანუ, არანაირი შანსი არ აქვს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის, სააკაშვილი რომ დააპატიმრონ, მისი ექსტრადირება რომ მოახდინონ და ა.შ. - არც ერთ შემთხვევაში - რა თქმა უნდა, ამას თუ თავად ხელისუფლება არ შეუწყობს ხელს.
ამიტომაც გავიხსენე 2003 წლის მოვლენები - მაშინ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იყო ის, რაც მოხდა და თუ დღეს საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ ნაკლები დანაკარგებით უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან, მაშინ ეს შესაძლებელია, თუ არა - მაშინ გამორიცხულია, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხში მხარდაჭერა ჰპოვოს.
მათ აქვთ საკუთარი ხმები და სააკაშვილის აქტივობა უკრაინაში იწვევს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭრები რჩებიან ისევ მის მხარდამჭერებად.
ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, ალბათ, აღარ გაგრძელდება. შეიძლება მოხდეს რაღაც გადაჯგუფებები და ისევ ნაციონალების სასარგებლოდ - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“ და ა.შ. შეიძლება, კიდევ უფრო დასუსტდნენ და დაკარგონ ის ნაციონალური მხარდამჭერები, რომელიც ჰყავდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს - შიდა ბალანსი შეიძლება, შეიცვალოს, მაგრამ ის, რომ ნეიტრალური ამორჩეველი გარდან შეიმატონ, მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის.
დღეს ეს არის ქართული რეალობა ხოლო დანარჩენი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ ჩვენი ხელისუფლება ისეთ შეცდომებს დაუშვებს, როგორ შეცდომებსაც დღეს უშვებს პოროშენკო, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ძალიან მარტივად არის ყველაფერი - 72 საათი სჭირდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად და ისე დაამთხვიეს, რომ შაბათი და კვირა ითვლება ამ 72 საათში, ის დრო, როდესაც სასამართლო არ მუშაობს - ძალიან თეთრი ძაფით ნაკერია ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც სიტუაცია მყიფეა, ამას უკვე არავინ აქცევს ყურადღებას, არც ამომრჩეველი და არც - მხარდამჭერი.
საზოგადოების ერთი ნაწილი და თავად უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს არის პუტინის გეგმა, რომელიც მუშაობს უკრაინაში და შემდეგ გადმოინაცვლებს საქართველოში - დავუშვათ, ეს მართლაც რუსული სცენარია და ამაში ჩართული არიან ის ოლიგარქიული ძალებიც, რომლებსაც პოროშენკოს პირობებში მოუხდათ რუსეთში ემიგრირება. როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში იქნება გაგრძელება დასაყრდენ ძალად ვინ მოიაზრება? ერთი შეხედვით, ასეთი ძალა არ ჩანს....
- ასეთი მექანიზმი საქართველოში ჯერჯერობით არც ჩანს და არც არის ამ ეტაპზე, ასეთი მექანიზმის ამოქმედების საფრთხე. მაგრამ საკმარისია, ამ ხელისუფლებამ ან ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა ძალებმა იმუშაონ ამაზე, ან არ ვიცი ვინ - რომელიმე ძალამ, რომ ასეთი სიტუაცია აქაც შეიქმნება.
ისედაც საკმაოდ მძიმე და რთული ვითარებაა საქართველოში, როგორც საშინაო, ასე საგარეო მიმართულებით. აღარაფერს ვამბობ სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე, რომელიც დღითიდღე ისედაც მძიმდება - საქართველოში, საშუალო ფენა, როგორც ასეთი, საერთოდ ქრება. საშუალო ფენის ადგილს თანდათან იკავებს ბიუროკრატია და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.
პრობლემები საქართველოში არის, მაგრამ ჯერ არ ჩანს ძალა, რომელიც ამ პრობლემების კონსოლიდირებას მოახდენს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ძალა საქართველოში ვერ იქნება - ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა ხელისუფლების მხრიდან, იმდენად მაღალი, რომ ხალხმა ხელი ჩაიქნიოს და თქვას, რომ „ამათ ისევ ნაციონალები სჯობია“ - აქამდე უნდა მივიდეს საქმე, მაგრამ დღეს ეს ასე არ არის.
ამიტომაც ვამბობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ოპოზიციაზეც, თუმცა ოპოზიციაში არ ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. მხედველობაში მყავს დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც მაპატიეთ, მაგრამ დიდი გამჭრიახობით არ გამოირჩეოდა, გამომდინარე - 2007-2012 წლების მოვლენებიდან.
მთელი ეს პერიოდი უამრავი შეცდომა დაუშვეს და ამან განაპირობა ივანიშვილის მოსვლა ხელისუფლებაში, თორემ ოპოზიციას რომ ამ პერიოდში ნორმალურად ემუშავა და რაღაც გეგმის მიხედვით წასულიყო, მაშინ ივანიშვილი საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ - ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ უკრაინული პროცესების ასახვა საქრთველოში ვერ მოხერხდება.
იქ რომ სიტუაცია გამძაფრდება, რა თქმა უნდა, ჩაერევა რუსეთიც და დასავლეთიც - ეს ყველა ქვეყანაში ასეა, არა თუ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სირიაში და ა.შ.
იმაზე ლაპარაკი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაცია გამწვავდება და რუსეთი გულხელდაკრეფილი იჯდება, გულუბრყვილობაა - მთავარია, რუსეთს რამდენად ეყოლება დასაყრდენი, ვგულისხმობ არა პოლიტიკურს, არამედ მეხუთე კოლონის სახით ან საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით.
საქართველოში ეს მხარდაჭერა ძალიან დაბალია. სოციოლოგიური კვლევის დროს თუ ვიღაც ამბობს, რომ რუსეთთან უნდა და ასეთი 30%-ია, საარჩევნო ყუთთან ეს არჩევანი 10%-ის ქვევით ჩამოდის - როცა ამომრჩეველი რეალურ არჩევანს აკეთებს, მისი ორიენტირი არ არის რუსეთი - ეს არის დღეს ქართული რეალობა და თუ ასეთ სიატუაციას ვინმე შემოაბრუნებს და მას ამაში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც დაეხმარება, არ ვიცი, მაგრამ ასეთი სიტუაციის საქართველოში გადმოტანის შანსი ნამდვილად არ არსებობს.