„რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილისა და დანგაძის ლიკვიდირება მოახდინონ“

„რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილისა და დანგაძის ლიკვიდირება მოახდინონ“

კიევის პეჩერსკის სასამართლოს მოსამართლემ, ლარისა ცოკოლმა უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.

„უკრაინის ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისი სახლში ჩაკეტვა. ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. მოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პირადად პრეზიდენტისგან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება. დღეს მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი იყო აქ. აქ იყო უკრაინის მომავალი პრეზიდენტი, მომავალი მინისტრები და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე შინაპატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. საქმის პროკურორის განმარტებით, არსებობს რისკი, რომ რუსეთმა სააკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინოს, რადგან პროკურატურის ბრალდებით მას კავშირი ჰქონდა რუსეთთან დაკავშირებულ ოლიგარქებთან. მეტიც, პროკურატურამ იმ სახლის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილს სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაეტარებინა – კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32. ბრალდების მხარემ მოითხოვა, სასამართლომ საქმეს თან დაურთოს უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილისა და დანგაძის ლიკვიდირება მოახდინონ.

„დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, იანუკოვიჩმა ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელმაც მიითვისა სახელმწიფო საკუთრება. დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილე იყო დაახლოებით 400-მდე საწარმო. ესენი იყვნენ საწარმოები, რომლებიც ახორციელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

ორგანიზაციები მდებარეობდა კიევში, მოსკოვში და ხარკოვში, სხვადასხვა ქუჩებზე, ასევე არის სხვადასხვა შენობები, რომლებიც ეკუთვნოდა აღნიშნულ დაჯგუფებას. მათ ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რითაც სახელმწიფოს მიადგა დაახლოებით 10 მლრდ-ის ზარალი. მათ განახორციელეს არაერთი დანაშაული. იმალებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, გადმოკვეთეს უკრაინის ტერიტორია და განახორციელეს მრავალი სხვა დანაშაული“, - აღნიშნა სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა.

ბრალდების მხარის განმარტებით, 2014 წლის დასაწყისში ჯგუფის შესახებ გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთი აფინანსებდა აღნიშნულ ჯგუფს. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენების და დანაშაულის ჩადენის მიზნით გატარდა სპეციალური ზომები უკრაინაში და 2017 წლის გაზაფხულზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ახორციელებდნენ კონტროლს მიხეილ სააკაშვილზე და სხვა პირებზე, დააადგინეს, რომ მათ შექმნეს ჯგუფი ხელისუფლების დამხობის მიზნით.

„მათ უნდოდათ კონტროლის ქვეშ აეყვანათ სამართალდამცავი ორგანოები და სხვა უწყებები. დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და სხვა თანამდებობის პირების მხრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, კურჩენკოს, დონგაძეს და სააკაშვილს ხელი უნდა შეეწყოთ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და ამისთვის შემოვიდა სააკაშვილი უკრაინაში. არის მტკიცებულება, რომ სააკაშვილს ყოველთვიურად ერიცხებოდა გარკვეული თანხა“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ბრალდებას არ იზიარებს თავად ბრალდებული და მისი ადვოკატი, რომელიც ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა. მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოში 14:00 საათზე დაიწყო. პეჩერსკის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიზე, სადაც დილიდან იმყოფებოდა სააკაშვილი, დაცვის უპრეცედენტო ზომები იყო მიღებული.

პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სასამართლო დარბაზში შემოიყავნეს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესზე დასწრების უფლება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, მისი ოჯახის წევრებსა და ჟურნალისტებს მისცეს. მოგვიანებით სასამართლო დარბაზში შევიდა პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო სხდომა პეჩორის ოლქის სასამართლომ საკმაოდ მცირე ზომის დარბაზში მიმდინარობდა, სწორედ ამ მოტივით ბრალდებულის მხარდამჭერები პროცესს ვერ დაესწრნენ.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის ჰიმნი შეასრულა, რომელიც დაასრულეს შეძახილებით „დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!“ ამის შემდეგ გისოსებს მიღმა მყოფმა სააკაშვილმა მეუღლეს მოუხმო და პეჩერსკის სასამართლოს დარბაზში სანდრა რულოვსთან ერთად საქართველოს ჰიმნი იმღერა. მუსიკალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

„მე თავს ვთვლი პუტინის და უკრაინელი ოლიგარქის ტყვედ. მე არ ვთვლი, რომ ვარ დაკავებული, მე ვარ დატყვევებული. ისინი აწარმოებენ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, ნუ შეგეშინდებათ. ხალხმა, რომელმაც გამათავისუფლა, აჩვენა რომ არიან გმირები. ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ბრძოლა უკრაინისთვის, რომელიც უკრაინელი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება. თუ მე ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ. მე ყველას ვაჩვენე, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იმუშაოს. ახლა კი ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა დაასრულა მუსიკალური წარმოდგენა, სასამართლო დარბაზში მოსამართლე ლარისა ცოკოლი შემოვოდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობა პროცესისთვის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ შუამდგომლობამდე მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა სააკაშვილის დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობა.

ასევე, სააკაშვილის დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით დააკამაყოფილოს მოთხოვნა და სააკაშვილს მისცეს საშუალება საკუთარი უფლებები ადვოკატებთან ერთად სრულფასოვნად დაიცვას. როგორც დაცვის მხარე თავის შუამდგომლობაში განმარტავდა, სააკაშვილი არ არის დამნაშავე, არის მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნება და მისი იმ პირობებში გაჩერება, როგორშიც ახლა იმყოფება, შეურაცხმყოფელია.

მოსამართლე ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანეს განსასჯელთათვის განკუთვნილი კამერიდან და ის ადვოკატების გვერდით დასვეს. ამის შემდეგ, დაცვის მხარემ საქმის პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკამაყოფილა.

პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი პერიოდულ აკეთებდა განცხადებებს. მისი განცხადებით, როდესაც სახურავზე იმყოფებოდა, მასთან გენერალურმა პროკურორის, იური ლუცენკოს დავალებით მივიდა პროკურორი და უთხრა, რომ ლუცენკოს მასთან საუბარი უნდოდა და სიტყვას აძლევდა, რომ არ დააკავებდა.

„როდესაც ვიყავი სახურავზე, როდესაც მოვახდინეთ ჩვენი მომხრეების მობილიზება, ჩემთან მოვიდა პროკურორი და მითხრა - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თქვენ არავინ დაგაკავებთ. მე დავბრუნდი ბინაში, პროკურორმა ამოიღო ფურცელი და მითხრა, რომ დაკავებული ვარ. აი, ეს არის ლუცენკოს პროკურატურის ნამდვილი სახე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდა, სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამტკიცება, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იგეგმება მისი გაცვლა რუსეთის ფსბ-ს წარმომადგენელზე, რომელიც ამ დრომდე უკრაინის ციხეში იხდის სასაჯელს.

„ეს ყველაფერი ცირკია და პუტინი კვდება სიცილით... ხედავთ, რას ცდილობენ? თუ დაამტკიცებენ, რომ მე ფსბ-ს აგენტი ვარ, მერე ფსბ-საც ხომ ჰყავს უკრაინელი აგენტები, მათზე გამცვლიან და ბოლოს პუტინი გადამცემს, ალბათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაზვერვას... ხედავთ, სანამდე დაეცნენ?! ხვდებით რა აბსურდში ვართ?! ამ ყველაფრით და დასავლეთის რეაქციით და იმით, რაც დასავლურ მედიაში იწერება მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ზარალდება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობა როგორც უკრაინაში, ასევე თბილისში უკრაინის საელჩოსთან. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია სასამართლოს დასრულებამდე დასრულდა. პარტიის ლიდერები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად არიან.

კიევჩი, პეჩერსკის სასამართლოს შენობასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მხარდამჭერებს დავით საყვარელიძემ მიმართა. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, თუ პოროშენკო სააკაშვილს საქართველოში გააგზავნის, საქართველოში მომხრეების მობილიზაციას მოახდენენ.

„თუ პოშორენკო სააკაშვილს საქართველოში გააგზავნის, ჩვენ იქ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას მოვახდენთ. ისინი მოლოტოვის კოქტეილებსა და საბურავებს ამზადებენ“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.