მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოვლენების ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად არის. რაც შეეხება ექსტრადირებას, ამბობს, რომ ხელისუფლების ნაბიჯების წინასწარ განსაზღვრა რთულია.
„თუ უკრაინელები გამოატანენ ჩემს თავს კი, მაგრამ თუ გამოატანენ, ენაცვალოთ ჩემი თავი, მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება. აქ ისეთი გამოცდილება გვაქვს ჩვენ მიღებული, რომ „ვარდების რევოლუცია“ იქნება იმათთვის მოგონილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების მთავარი მიზანი საქართველოში ექსტრადირებაა. მისივე თქმით, შინაპატიმრობის გადაწყვეტილებაც წინასაექსტრადაციო პროცედურა არის.
„ყველაფერი ეს ხდება იმისთვის, რომ დრო მოიგონ და მიშასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ, რის შემდეგაც, უკვე გეგმის მიხედვით, მისი კიევიდან თბილისში ექსტრადირება სურთ“, - აცხადებს სანდრა რულოვსი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პარალელურად, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოში. ქართულმა მხარემ ექსპრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით უკრაინის შესაბამის უწყებას მიმართა, თუმცა სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი ექსტრადიციის მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას დამატებით არ მიუმართავს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე არ აკონკრეტებს შედგა თუ არა კონტაქტი საქართველოს და უკრაინის იუსტიციის სამინისტროებს შორის მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
„სააკაშვილის მიმართ საქართველოში ოთხ საქმეზე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს არ შეიცვლება. ამის საფუძველზე ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა იყო გაგზავნილი გარკვეული ხნის წინ. რაიმე ახალი ინფორმაცია ამის თაობაზე არ გამაჩნია“, - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის საკითხი სამართლებრივად განიხილება და პოლიტიკური ინტერესი აღნიშნულთან მიმართებაში არ არსებობს. მისი თქმით, არანაირი პოლიტიკური შეთანხმება, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი საქართველოში დაჩქარდეს, უკრაინის მხარესთან არ არსებობს.
„არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ საკითხთა დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ჩვენი წყალობით, მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში. არანაირი ინტერესი ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ექსტრადირების საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს და არც გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ეს ჩვენთვის სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივ ჭრილში განიხილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი. დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი სამართლებრივი პროცედურაა, ის ბრალდებულია გარკვეული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს წინაშე წარსდგეს.
„პრობლემა, რომელიც უკრაინაში წარმოიშვა, არის აბსოლუტურად უკრაინის შიდა საქმე. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ცდება. მე დეტალებზე საუბარი გამიჭირდება და ვერ გეტყვით, თუ რა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ხელისუფლება“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი სურვილით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, საინტერესო ფიგურა არ არის ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის, ვიქტორ დოლიძისთვის, რომლის განცხადებით, სააკაშვილი სასირცხვილო კაცია და სასირცხვილოა ის ყველაფერი რაც ხდება.
„არ არის საინტერესო ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი. მართალი გითხრათ, მე მიხეილ სააკაშვილი ნაკლებად მაინტერესებს. სასირცხვილო კაცია, სასირცხვილოა ეს ყველაფერი რაც ხდება. არანაირად საინტერესო არ არის, არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად. მოგწონთ თქვენ რასაც აკეთებს მიხეილ სააკაშვილი ახლა? მე მესმის, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილის ტელევიზია ხართ“, - ასე უპასუხა ვიქტორ დოლიძემ „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს კითხვაზე, იგეგმება თუ არა მესამე პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირება და მიმდინარეობს თუ არა უკრაინასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მიხეილ სააკაშვილი გაუგებარი გზებითა და მეთოდებით აღმოჩნდეს საქართველოში.
„უკრაინის ხელისუფლება ჩამოშლილია. პოროშენკო კარგად აცნობიერებს, რომ უდიდეს პრობლემაშია გახვეული, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ და სასამართლომ, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ. არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხეილ სააკაშვილი გაუგებარი გზებითა და მეთოდებით აღმოჩნდეს საქართველოში. პოროშენკოსთან მჭიდრო ალიანსშია საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ძალიან ძლიერ ექოს იქონიებს საქართველოში“, - აცხადებს ნიკა მელია.
საიას თავჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ ამ მოცემულობით ჯერ ნაადრევია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი, რადგან უკრაინაში დავა სააკაშვილთან მიდის სულ სხვა საკითხებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან.
„როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე ჰქონდა უკრაინული მხარისადმი მიმართვა გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა. ის დოკუმენტაცია და ის მოცემულობა, რომელიც მაშინ იყო, პრინციპში, გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას. თუ რაიმე ახალი მტკიცებულებები არის, ჩვენთვის უცნობია და ამ თემაზე პროკურატურამ, სამართალდამცველებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ. ჩვენ როგორც ვიცით, უკრაინაში დავა სააკაშვილთან მიდის სულ სხვა საკითხებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან. ასე რომ, ამ მოცემულობით ნაადრევია ჯერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი“, - აცხადებს სულხან სალაძე.